The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


როდერიხ ერკერტი

როდერიხ ერკერტი
ოფიციალური სახელი:ერკერტი როდერიხ ფონ
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1821
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1900  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი
კატეგორია:არქეოლოგი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

       გერმანელი  კარტოგრაფი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, არქეოლოგი    როდერიხ ფონ ერკერტი (გერმ. Roderich von Erckert) დიბადა 1821 წლის 15 დეკემბერს,  პრუსიაში, ქალაქ     კულმნში (ახლანდელი ხელმნო, პოლონეთი) ძველ პრუსიულ დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი იყო რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების სრული წევრი და ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიისა და პრეისტორიის ბერლინის საზოგადოების წევრი.

         როდერიხ ერკერტი თავდაპირველად პრუსიის ჯარში მსახურობდა, შემდეგ, 1846 წლიდან 1884 წლამდე მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში. 1860-იან წლებში მეთაურობდა ბრიგადას დასავლეთის მხარეში, შემდეგ დივიზიას ჩრდილოეთ კავკასიაში. 1884 წელს სამსახურიდან გადადგა გენერალ-ლეიტენანტის წოდებით და დასახლდა ბერლინში, სადაც სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული.

        რუსეთში სამსახურის პერიოდში დაინტერესდა ეთნოგრაფიის და ლინგვისტიკის საკითხებით. მონაწილეობდა გუსტავ-თეოდორ პაულის რედაქტორობით გამოცემული მონუმენტალური ნაშრომის „რუსეთის ხალხების ეთნოგრაფიული აღწერილობის“ (რუსულ ენაზე, 1862) მომზადებაში. ერკერტის მონოგრაფია „Der Kaukasus und seine Voelker“ („კავკასია და მისი ხალხები, ლაიპციგი, 1888) შეიცავს ეთნოგრაფიულ ცნობებს კავკასიის ხალხთა შესახებ, კავკასიის ენათა ლექსიკურ მასალას. მონოგრაფია შედგება 385 გვერდისგან; დართული აქვს ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევის შედეგების ამსახველი ტაბულები და კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა. ავტორი იკვლევს ჩრდილო და ამიერკავკასიის ხალხების წარსულს და მათ თანამედროვე ვითარებას.

     აღნიშნული მონოგრაფიის მეთოთხმეტე თავში „ამიერკავკასიელები“ აღწერილია რეგიონში მცხოვრები ხალხები: ქართველები, აზერბაიჯანელები (თათრები), სომხები და ქურთები. საქართველოს შეეხება შემდეგი ქვეთავები: „ქართველები, ამ სიტყვის ფართო გაგებით“, „ქართველები, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით“, „იმერლები“, „გურულები“, „მეგრელები“, „სვანები“, „ფშაველები, „თუშები“, „ხევსურები“, და „აფხაზები“.

     ნაშრომიდან ჩანს, რომ როდერიხ ერკერტმა კავკასიის რეგიონში, ამთ შორის საქართველოში, სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა. იგი წერს: „კავკასიაში მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ორი წლით ყოფნიას, სამეცნიერო მიზნით განხორციელებულმა, ხანგრძლივმა სამსახურებრივმა თუ კერძო მოგზაურობებმა საშუალება მომცა, გავცნობოდი სხვდასხვა მხარეს და ხალხს, და ბევრი რამ ისეთი მენახა, რაც ჩვეულებრივ მოგზაურობათა ფარგლებს სცილდება.“.

     როდერიხ ერკერტის მეორე შრომაა „Die Sprachen des Kaukasischen Staemmes“ („კავკასიური ძირის ენები“, ვენა, 1895), რომელიც ორ ტომად გამოიცა.

       ნაშრომი შეიცავს ევროპულ ენათმეცნიერებაში კავკასიური ენებისა და დიალექტების შესახებ პირველ მასალებს. პირველ ტომი  მოიცავს ლექსიკონს (545 სიტყვა), მეორე ტომში შესულია მოკლე გრამატიკული ესეები და ფრაზების თარგმანები (169 წინადადება და ფრაზა) სამი ძირძველი კავკასიური ენობრივი ოჯახის 30 ენასა და დიალექტზე: 1. ნახ-დაღესტნური („ლეზგინური“) - ავარული, ანდიური, კარატა, დიდოი, ლაკური, ვარკუნი, კუბაჩი, კაითაგი, აკუშინი, ხიურკილი, უდიური, კიურინი, რუტული, წახურული, აგული, ტაბასარანი, ბუდუხი, ჯეკი, ხინალუღი, არჩული, ჩეჩნური; 2. აფხაზურ-ადიღური („ჩერქეზული“) - აბაძეხი, ყაბარდოული, შაფსუღი, აფხაზური 3. ქართველური - ინგილო, ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური.

     ნაშრომში ქართული ენა, სხვა ენათაგან განსხვავებით, იწყება გრამატიკული შენიშვნებით, რომელიც ეკუთვნის მოსე ჯანაშვილს. ქართველურ ენათა გენეალოგიური სქემა ასეთი სახით არის მოცემული: ძველი ქართული - მისი განშტოება: სვანური, ძველი ქართული გაგრძელება ახალი ქართული; ამ უკანასკნელის განშტოება მეგრული, მეგრულის განაყარი ჭანური; ახალი ქართულის განშტოება - მთის ქართული: ხევსურული, თუშური; ინგილოური.

       ნაშრომში „შესავლის“ შემდეგ, სადაც „შედარებითი ფონეტიკა“ და ზოგიერთი დახასიათებაა ქართულისა მოცემული, „ანბანია“ წარმოდგენილი ლათინური ტრანსკრიფციით და დახასიათებულია ესა თუ ის ბგერა ქართულში, მეგრულსა და სვანურში.

       ქართველურ ენათა განხილვა მთვარდება „ქართველურ ენათა გრამატიკული ტაბულით“, ხოლო წიგნი მთავრდება კავკასიურ ენათა ზოგადი დახასიათებით და კავკასიურ ენათა კლასიფიკაციის დასაბუთებით“.

     მიუხედავად ბევრი უზუსტობისა, ერკერტის ნაშრომებს კავკასიაზე მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს კავასიოლოგიასა და ქართველოლოგიაში.

    როდერიხ ერკერტი გარდაიცვალა 1900 წლის 12 დეკემბერი, ბერლინში.

 

წყარო:

  1. ევროპელი მოგზაურები კავკასიაში, თბ., 2019
  2. საითიძე, გ. აღლაძე ი. გერმანელი მეცნიერი როდერიხ ერკერტი საქართველოს შესახებ ( 80-იანი წლები) - ქართული დიპლომატია. წელიწდეული, 2013, №16
  3. ჩიქობავა ა. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ.,2008

გააზიარე: