შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
არტურ ლაისტი![]()
ბიოგრაფიათავისი დროის ცნობილი გერმანელი მწერალი და პუბლიცისტი, საქართველოს დიდი მეგობარი არტურ ლაისტი დაიბადა პოლონეთის ქალაქ ბრესლაუში, 1852 წლის 8 ივლისს. მან თავისი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი საქართველოში გაატარა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მისი მეორე სამშობლო იყო. ბრესლაუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი, პოლონურმა და გერმანულმა გამომცემლობებმა მიიწვიეს სათანამშრომლოდ. 1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას მან გაიცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელი – გერმანელი მწერალი ფ. ბოდენშტედტი, რომელიც ერთხანს საქართველოში ცხოვრობდა და რომლის რჩევითაც ლაისტმა გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა და მოენახულებინა საქართველო და მისი მცხოვრებნი. ის დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას და სთხოვა დახმარება ქართული ენისა და მწერლობის შესასწავლად საჭირო ლიტერატურით მომარაგებაში. 1882 წელს პოლონურ პრესაში დაიბეჭდა არტურ ლაისტის წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში გამოქვეყნდა მისი სტატია „მივიწყებული ლიტერატურა“. 1884 წლის 1 ივნისს არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. მან ორი კვირა დაჰყო თბილისში და საფუძვლიანად გაეცნო მის ღირსშესანიშნაობებს. უკან დაბრუნებულმა ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე – „საქართველო, ბუნება, ადათ–წესები და მოსახლეობა“. ერთ წლის შემდეგ, 1885 წლის 5 აგვისტოს არტურ ლაისტი მეორედ ეწვია საქართველოს, ამჯერად ოთხი წლით. ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის დახმარებით იგი შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას, რომელიც დაიბეჭდა დრეზდენსა და ლაიფციგში 1890 წელს. 1887 წელს ლაისტმა გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“ გერმანულ ენაზე. მწერალი ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“. 1892 წელს ლაისტი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არტურ ლაისტი, სულ რაღაც ორ–სამ წელიწადში, საფუძვლიანად დაეუფლა ქართულ ენას. იგი მუდმივად ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გვერდით ტრიალებდა, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და მისი ხშირი სტუმარი იყო. ილია მას „შორეულ თავისიანს“ ეძახდა. 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მწერალმა 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში თავად რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები: „ქეთევანი“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“, „მოგზაურის დღიური“ და სხვ. 1918 წლიდან იგი თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად. 1922 წელს ქართველმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად. არტურ ლაისტი გარდაიცვალა 1927 წლის 22 მარტს, თბილისში. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მას „ჩვენი აბო“ უწოდა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი. ეს ერთგვარი პასუხი იყო მის ნაწერებში შემორჩენილ ქართულად დაწერილი სიტყვებისა: „მაპატიე, ჩემო პატარა სამშობლოსნაცვალო – საქართველო, თუ ჩემი მწირი ღვაწლით ღირსი არა ვარ შენს წმინდა მიწაზე დასაფლავებისა“. წყარო: 1. ვახტანგ იმნაიშვილი. არდავიწყება მოყვრისა, თბ., 2006. 2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |