The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


რიჰარდ მეკელაინი

რიჰარდ მეკელაინი
ოფიციალური სახელი:რიჰარდ გეორგ მეკელაინი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1948  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი, გერმანია
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

რიჰარდ გეორგ მეკელაინი იყო გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი და სლავისტი, საქართველოსა და ქართველების დიდი და უანგარო მეგობარი. იგი დაიბადა 1880 წლის 13 სექტემბერს, ბავარიის სოფელ არნშტაინში, გლეხის ოჯახში.

მეკელაინების ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც პატარა რიჰარდს რამდენჯერმე მოუწია სასწავლებლის შეცვლა. მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1902 წელს რიჰარდი შევიდა ვიურცენბერგის უნივერსიტეტში, ახალი ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

რიჰარდ მეკელაინის სამეცნიერო მუშაობას იმთავითვე გარკვეული მიმართულება მისცა უახლოესმა მასწავლებელმა, გერმანიის ერთ–ერთმა უდიდესმა ენათმეცნიერმა ფ. ნ. ფინკმა, რომელმაც თავისი ნიჭიერი სტუდენტისა და შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერის მეცადინეობა წარმართა ფინურ–უნგრული, ურარტული და ქართული ენების ინტენსიური შესწავლისაკენ.

1913 წელს მეკელაინმა ბერლინის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „ფინურ–უნგრული, თურქულ–თათრული და მონღოლური ელემენტები რუსულში“.

რიჰარდ მეკელაინი 1914 წლიდან ჯერ ბერლინის, შემდეგ პრუსიის სახელმწიფო ბიბლიოთეკებში მუშაობდა, სადაც იგი შეუდგა საენათმეცნიერო საკითხების კვლევა–ძიებას. მან შეადგინა და 1918 წელს გამოსცა „გერმანული ენის შესასწავლი სახელმძღვენელო ქართველებისათვის“, რომელიც მას შემდეგ კიდევ გამოიცა 1922 და 1931 წლებში. ამას მოჰყვა მეცნიერის სხვა გამოკვლევები: „ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და პრუსიის წიგნსაცავში არსებული ქართული გრამატიკებისა და ლექსიკონების ბიბლიოგრაფია“  (1919 წ.), „ქართული შრიფტის ისტორია და ქართული სტამბის დაარსება“ (1922 წ.), „კავკასიის დღევანდელი ხალხები და მათი ენები“ (1922 წ.), „ქართულ–გერმანული ლექსიკონი“ (1928 წ.); „გერმანულ–ქართული სიტყვარის“ პირველი ტომი გამოიცა 1937 წელს, ბერლინში, ხოლო მეორე ტომი – 1943 წელს, ლაიპციგში. აღსანიშნავია, რომ გერმანულ–ქართული ლექსიკონის საბოლოო დამუშავებისას მეკელაინს კონსტანტინე გამსახურდია ეხმარებოდა.

1922 წელს მეკელაინმა ბერლინში დაარსა „რუსთაველის საზოგადოება“.

მეკელაინი იყო უჰონორარო რედაქტორი ჟურნალ „მორგენლანდისა“, რომელშიც თანამშრომლობდნენ იმ პერიოდში გერმანიაში მყოფი ქართველები და, სადაც იბეჭდებოდა წერილები საქართველოს შესახებ. იგი ენერგიას არ ზოგავდა, რათა საქართველოზე ბევრს ჰქონოდა სათანადო წარმოდგენა.

1926 წელს მეკელაინი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორად, სადაც ქართულსაც ასწავლიდა.

რიჰარდ მეკელაინს ქართველთა შორის ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. მათ შორის: კონსტანტინე გამსახურდია, რაფიელ ნიჟარაძე, აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ.

ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება იყო ის, რომ მეკელაინმა თავისი ორივე შვილი ქართველებს მოანათვლინა – ვაჟი – ვოლფგანგი – კონსტანტინე გამსახურდიას, ქალი – თამარი – რაფიელ ნიჟარაძეს.

1947 წლიდან  რიჰარდ მეკელაინის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა. იგი 1948 წლის დასაწყისში უკვე საწოლს მიეჯაჭვა და ამავე წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბერლინში.

რიჰარდ მეკელაინმა ვერ აისრულა თავისი საყვარელი საქართველოს ნახვის დიდი სურვილი. სამაგიეროდ, 1968 წელს თბილისს ესტუმრა მისი შვილი ვოლფგანგი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანგებო შეხვედრა მოუწყვეს. უნივერსიტეტის დაარსების 50 წლის აღსანიშნავ იუბილეზე ვოლფგანგ მეკელაინმა თავის ოფიციალურ სიტყვაში თქვა: „მამაჩემის, ცნობილი ქართველოლოგის სიყვარულს საქართველოსადმი, რომელსაც იგი მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე ემსახურებოდა, ფუჭად არ ჩაუვლია და მე ვალდებულად ვრაცხ თავს, განვაგრძო მამისეულ გაჭრილ გზაზე საქართველოსთან მჭიდრო კავშირი“.

წყარო:

  1. იმნაიშვილი, ვ. არდავიწყება მოყვრისა... თბ., 2006.
  2. ჭიჭინაძე, ს. უცხოელი მეგობარი, თბ., 1970.

გააზიარე: