The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ქეთრინ ვივიანი

ქეთრინ ვივიანი
Date of birth:25 October, 1917
Date of death:2010  (at 92 years)
Category:Writer

Biography

ინგლისელი მწერალი და მთარგმნელი, ლონდონის უნივესიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველოლოგი ქეთრინ ვივიანი დაიბადა 1917 წლის 25 ოქტომბერს, ლონდონში.  სწავლა–განათლება მიიღო საფრანგეთში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, ფრანგული ლიტერატურის განხრით. შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტში ისმენდა მ. კავილაძისა და ა. გუგუშვილის ლექციებს აღმოსავლური და ქართული ლიტერატურის საკითხებზე.

ქეთრინ ვივიანი ქართული კულტურით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც გაეცნო მორის ბაურას ნაშრომს „შთაგონება და პოეზია“, წაიკითხა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და გადაწყვიტა, თანამედროვე ინგლისურ ენაზე ეთარგმნა ეს უკვდავი ქმნილება. ამ მიზნით მან დაიწყო ქართული ენის შესწავლა. ვივიანმა ლონდონის უნივერსიტეტში გაიარა ქართული ენის სემინარები დევიდ ლენგის ხელმძღვანელობით. აქ მას დახმარებას უწევდნენ სხვა ცნობილი ქართველოლოგები. მკვლევარმა შემოქმედებითი კონტაქტები დაამყარა ქართველ კოლეგებთან აკაკი შანიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, ისიდორე გვარჯალაძესთან და სხვებთან, რომლებიც მას აწვდიდნენ საჭირო ლიტერატურას.

ქეთრინ ვივიანმა საკმაოდ კარგად შეისწავლა ქართული ენა – ძველიც და ახალიც, რისთვისაც იგი ყოველთვის მადლიერებით იხსენიებდა თავის ქართველ მასწავლებელს ისიდორე გვარჯალაძეს.

ქეთრინ ვივიანი რამდენიმე წელს მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე. მას ტექსტის გაგებაში ეხმარებოდა დევიდ ლენგი. 1972 წელს, თარგმანის დასრულების შემდეგ, ჩამოვიდა რუსთაველის სამშობლოში. მან ალექსანდრე ბარამიძისა და ლიტერატურის ინსტიტუტის სხვა თანამშრომლების დახმარებით დააზუსტა პოემაში მისთვის ძნელად გასაგები ადგილები, კიდევ უფრო დახვეწა და დედანს დაუახლოვა თარგმნილი ტექსტი.

1977 წელს ლონდონში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ ქეთრინ ვივიანისეული ინგლისური თარგმანი, რომელიც შესრულებულია პროზად, პროლოგი და ეპილოგი კი – ლექსად. ახლავს დ. ლენგის, ალ. ბარამიძის რეცენზიები და მთარგმნელის სტატია. წიგნი შედგება 207 გვერდისაგან და ეძღვნება ქართველ ხალხს.

ქ. ვივიანის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ახალი თარგმანი გულთბილად მიიღო ინგლისურენოვანმა მკითხველმა. დაიწერა რეცენზია–გამოხმაურებები, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მეცნიერების მიერ.

1981 წელს ქეთრინ ვივიანი მეორედ ესტუმრა საქართველოს და იგი აქტიურად ჩაება თბილისის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ საქმიანობაში. ამის შემდეგ გახშირდა მისი ვიზიტები საქართველოში, გაფართოვდა მისი ქართველი მეგობრების წრე, უკეთ გაეცნო ქვეყანას, მის ადათ–წესებს, ქართველი კაცის ბუნება–ხასიათს...

1982 წელს ლონდონში დაიბეჭდა ვივიანის მიერ თარგმნილი სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, 1983 წელს – კალისტრატე სალიას მონოგრაფია „ქართველი ერის ისტორია“, 1991 წელს ამსტერდამში გამოვიდა ფრაგმენტები "ქართლის ცხოვრებიდან".

ინგლისელი მკვლევარი უცხოეთის პრესაში სისტემატურად ბეჭდავდა საინტერესო რეცენზიებს ქართველი მეცნიერების გამოკვლევებზე.

ქეთრინ ვივიანს არ გამოუტოვებია არც ერთი მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ფორუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღოს. მის მოხსენებებს ვეფხისტყაოსნის გარშემო, შუასაუკუნეების ქართული კულტურის შესახებ, თარგმანის საკითხებზე ისმენდნენ სხვადასხვა ქვეყნის სწავლულები ქართველოლოგიის დღეებზე ლონდონში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე იტალიის ქალაქ ბარიში, რუსთველოლოგიურ სიმპოზიუმზე ტურკუში, ათონის ივერთა ლავრის ათასი წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე თბილისში, თბილისის უნივერსიტეტში ჩატარებულ სამ ქართველოლოგიურ სიმპოზიუმზე, ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზანტინისტთა შეკრებაზე, პრესტინის ინსტიტუტში...

1994 წელს ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ  ქეთრინ ვივიანს მიენიჭა მარჯორი უორდროპის პრემია. მოგვიანებით, ამავე ცენტრის წარდგინებით იგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად იქნა არჩეული.

ქეთრინ ვივიანი დაქორწინებული იყო ენტონი ეშტონზე, რომელიც შემდეგ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გახდა. მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი.

ქეთრინ ვივიანი საქართველოში ყოველთვის იყო გარემოსილი გულწრფელი სიყვარულითა და პატივისცემით. ქართველი ხალხი დიდად აფასებდა თავის უცხოელ მოკეთეს. ლევან მენაბდემ მას თანამედროვე მარჯორი უორდროპი უწოდა.

ქეთრინ ვივიანი 2010 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999.

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.


Share: