The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ლაიოშ ტარდი

ლაიოშ ტარდი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1990  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბუდაპეშტი, უნგრეთი
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

უნგრელი ქართველოლოგი, ცნობილი ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, უნგრეთ–საქართველოს ურთიერთობის შესანიშნავი მკვლევარი ლაიოშ ტარდი დაიბადა 1914 წელს ბუდაპეშტში, ინტელიგენტის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, 1936 წელს – ბუდაპეშტის პეტერ პაზმნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1963 წელს კი – ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1937 წლიდან ლაიოშ ტარდი იწყებს სამხედრო სამსახურს. ერთხანს იგი მუშაობდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე. 50–იან წლებში მრავალ სხვა ინტელიგენტთან ერთად ლაიოშ ტარდიც გახდა რაკოშის სისტემის მსხვერპლი. მან რამდენიმე ხანს  დაჰყო საპატიმროში. 1957 წლიდან ბუდაპეშტის სეჩენის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მეცნიერ–თანამშრომელია, შემდეგ – სახელმწიფო მთარგმნელობითი დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოსადმი ინტერესი ლ. ტარდის გასჩენია ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა ერთ–ერთ ძველ უნგრულ ჟურნალში ამოუკითხავს, რომ თავისი ისტორიული წარსულით უნგრეთს შეიძლება შეედაროს მხოლოდ საქართველო – თავისუფლებისმოყვარე ხალხის ქვეყანა. აქედან მოყოლებული, ლ. ტარდი გულმოდგინედ კრებდა საქართველოსთან დაკავშირებულ ცნობებს. ამ მხრივ მეტად ფასეული აღმოჩნდა მისთვის XIX უნგრულ მხატვრულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ქართული თემა.

ქართველოლოგიური მოღვაწეობა ლაიოშ ტარდიმ დაიწყო XX საუკუნის 50–იან წლების დასასრულს. პირველი ქართველოლოგიური ნაშრომი, რომლითაც იგი 1957 წელს წარსდგა მკითხველის წინაშე, იყო „იაკობ რეინეგსისა და იანოშ კოჰარის მოღვაწეობა კავკასიაში XVIII ს. მეორე ნახევარში“.

1964 წელს ლ. ტარდი გახდა ისტორიის მეცნირებათა კანდიდატი. მისი დისერტაცია მიეძღვნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველ რექტორს, წარმოშობით უნგრელს – მიხაია ბალუძიანსკის.

60–იანი წლებიდან ლაიოშ ტარდი მეცნიერის თვალით დაინტერესდა უნგრეთ–საქართველოს ურთიერთობით. ამ მიზნით იგი მუშაობდა რომის, მილანის, ფლორენციის, ვენის, პარიზისა და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებსა და არქივებში, აგროვებდა სათანადო ისტორიულ წყაროებს.

1965 წელს ბუდაპეშტში დაიბეჭდა ლაიოშ ტარდის წიგნი „უნგრეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან“, რომლის ქართული თარგმანი გამოვიდა 1968 წელს.

საზღვარგარეთ მოპოვებულმა მასალებმა ლ. ტარდი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო მათი დაზუსტება და შემოწმება–შეჯერება საქართველოში. მართლაც, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მივლინებით იგი საქართველოში ჩამოვიდა და შეუდგა ქართული ენის შესწავალას. მისი მასწავლებლის ნ. აბესაძის თქმით, „ტარდის აოცებდა ქართული ენის ბუნება, განსაკუთრებით მოხიბლული იყო ზრდილობიანი გამოხატვის ფორმებით“.

1973 წელს ლაიოშ ტარდიმ თბილისში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუაევროპული საზოგადოებრივი აზრი საქართველოზე და საქართველო–უნგრეთის ურთიერთობა XVI საუკუნეში“.

ლაიოშ ტარდის მეცნიერულ მემკვიდრეობაში მეტად აქტუალური პრობლემაა უნგრელ–ქართველთა ნათესაობის საკითხი, რისი ერთულიც იგი ბოლომდე დარჩა.

1977 წლიდან ლ. ტარდი, ქ. სეგედის ატილა იოჟეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთის ხალხების (მათ შორის ქართველების) ცივილიზაციის ისტორიაში, 1980–1981 წლებში მიჰყავდა სპეცკურსი „კავკასიის სახელმწიფოთა, კერძოდ, საქართველოსა შუა საუკუნეების ისტორია“. მასვე ეკუთვნის ქართულ თემაზე 1962 წელს დაწერილი რომანი „იაკუბ ბეი“, რომელიც ერეკლე მეორის ეპოქას ეძღვნება.

1987 წელს ლ. ტარდი კვლავ ეწვია საქართველოს ი. ჭავჭავაძის დაბადების 150–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად. ამ მოვლენას მიუძღვნა მეცნიერმა თავისი წიგნი „კავკასიურ–უნგრული სარკე“, რეომელიც 1988 წელს გამოვიდა. ავტორი წიგნის ანოტაციაში ასე ახასიათებს საქართველოს: „ ეს ის ხალხია, რომლის დიდებული და ბუნებრივი სილამაზით შემკული მდიდარი სამშობლო შეიძლება მიგვეჩნია ერთ დროს მომთაბარე უნგრელების დროებითი შეჩერებისა და შესვენების ადგილად, ვიდრე თავიანთ სამშობლოში, უნგრეთში, საბოლოოდ გადავიდოდნენ და დამკვიდრდებოდნენ“.

ლაიოშ ტარდიმ, გარდა ისტორიული ურთიერთობებისა, კარგად შეისწავლა უნგრულ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობებიც. მან გამოავლინა 1830 წელს „სიბრძნე ბალავარისას“ უნგრული თარგმანი, რომელიც მიჩნეულია პირველ უნგრულ თარგმანად ქართული ენიდან.

1988 წელს ლ. ტარდის თაოსნობით უნგრეთში შეიმნა რუსთაველის საზოგადოების ასოციაცია – პირველი საზღვარგარეთის ასოციაცია ევროპის ცენტრში, რომლის პრეზიდენტიც ლ. ტარდი თავად გახდა.

ლ. ტარდი საქართველოსა და ქართველებისამდი დიდი სიყვარულით იყო განმსჭვალული და ეს მას სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია. მისი საცხოვრებელი სახლის კარი მუდამ ღია იყო საქართველოდან ჩასული სტუმრებისათვის. მის ბინაში მოწყობილი იყო ქართული მუზეუმი, რომელსაც ერთგვარი სიამაყის გრძნობით ათვალიერენებდა ყველა მისულს. აქ გამოფენილი იყო ჩვენი ისტორიისა და კულტურის, ჩვენი ყოფაცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ნივთი – ნაბადი, კახური და სვანური ქუდები, ქართული ჩოხა და სატევარი, კერამიკული ჭედურობა, ხალიჩები, დროშები, ყანწები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვ.

ლაიოშ ტარდი იყო უაღრესად კეთილშობილი და დიდად განათლებული ადამიანი. მას მშობლიურ ქალაქში ეძახდნენ „ფეხით მოსიარულე ენციკლოპედიას“, ხოლო მეგობრები – „წიგნის ჭიას“

ლაიოშ ტარდი გარდაიცვალა 1990 წლის 10 იანვარს, ქ. ბუდაპეშტში.

წყარო:

1. ბარამიძე, ალექსანდრე. ახლო წასრულიდან. თბ., 1987.

2. თურნავა, სერგო. საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1978.

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012

4. ხუციშვილი, რეზო. ლაიოშ ტარდი და ქართველოლოგია. თბ., 1992.


გააზიარე: