The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


რენე ლაფონი

რენე ლაფონი
Date of birth:4 August, 1899
Date of death:4 February, 1974  (at 74 years)
Burial location:არკაშონი, ბორდო
Category:Linguist, Philosopher, Kartvelologist

Biography

ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი რენე ლაფონი დაიბადა 1899 წლის 4 აგვისტოს მერინაკში (ჟირონდას დეპარტამენტი, ქ. ბორდოსთან ახლოს), მასწავლებლის ოჯახში. 

რენე ლაფონი 1916–1920 წლებში სწავლობდა პარიზის უმაღლეს ე.წ. ნორმალურ სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა გამოცდები უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლის ხარისხის მოსაპოვებლად და გახდა ფილოსოფიის მასწავლებელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს რენე ლაფონი მსახურობდა საფრანგეთის არმიაში და იბრძოდა საფრანგეთ–გერმანიის ფრონტზე. 1940 წლის 23 ივნისს ერთ–ერთი დაძაბული ბრძოლის დროს მისი ნაწილი გერმანელების გარემოცვაში მოხვდა და ტყვედ ჩავარდა. რენე ლაფონმა გამოიარა საკონცენტრაციო ბანაკის რეპრესიები. იგი მალე გაათვისუფლეს ფრანგმა პარტიზანებმა.

1937 წელს რენე ლაფონმა მუშაობა დაიწყო სამეცნიერო–კვლევით ცენტრში. აქედან იწყება მისი, როგორც ენათმეცნიერის, კარიერა. 1944 წლის 2 მაისს სორბონის უნივერსიტეტში მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1948 წლიდან რენე ლაფონმა მუშაობა დაიწყო ბორდოს უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. იგი ხელმძღვანელობდა ბასკური ენისა და ლიტერატურის კათედრას, რომელიც ერთადერთი იყო მთელ საფრანგეთში.

რენე ლაფონი ქართული ენით დაინტერესდა 1926 წლიდან. მან სამი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად შეისწავლა ქართული წერა–კითხვა და ლაპარაკი

რენე ლაფონს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ბასკურისა და კავკასიური ენების კვლევაში, საიდანაც ჩანს, რომ მას კარგად ჰქონდა წარმოდგენილი ქართული ენის გენეზისური კავშირი სხვა ენებთან.  ფრანგი მეცნიერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გრამატიკული კატეგორიის საკითხებს კავკასიურ ენებსა და ქართულში – რიცხვით სახელებს, ნაცვალსახელებს, ზმნებს, სახელის ეტიმოლოგიასა და სხვა საკითხებს. ბასკური ენის რაობის გასარკვევად რენე ლაფონმა ჯერ კიდევ 1929 წელს ყურადღება მიაქცია ჩრდილო კავკასიურ ენებსა და კავკასიურ ენებს შორის სიახლოვეს და ამ საკითხს ბევრი ნაშრომი მიუძღვნა. მან ფრანგულ ენაზე თარგმნა აკაკი შანიძის „გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში“.

რენე ლაფონს ეკუთვნის ვრცელი წერილი „ვეფხისტყაოსანზე“, თარგმნა ადგილები პოემიდან, აგრეთვე ვაჟა–ფშაველას „მთის წყარო“, აკაკი წერეთლის „სულიკო“, ელენე წერეთელთან ერთად თარგმნა ირაკლი აბაშიძის ლექსი „გოლგოთასთან“. მისი ნაშრომი „ქართული ენის უკეთ შესწავლისათვის“, რომელიც დაიბეჭდა „რევიუ დე ქართველოლოჟის“ ოთხ ნომერში (1958–1963 წწ.), მიზნად ისახავს ფრანგ ხალხს გააცნოს ქართული ენის სტრუქტურა, მისი გრამატიკული ნიშნები. ფრანგი მეცნიერის აზრით, ქართული ენა ძალიან ლამაზი, ლიტერატურით მდიდარი ენაა, რომლის საშუალებით თამამად შეიძლება ადამიანის ყველა გრძნობისა და იდეის გამოხატვა. იგი წერს: „ამიერიდან ძალიან საჭიროა, რომ ქართული ენა გახდეს ცნობილი არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში“.

რენე ლაფონმა დაწერა ნაშრომთა მთელი სერია, რომელიც მიუძღვნა ენათმეცნიერთა ქართულ სკოლას არნოლდ ჩიქობავას მეთაურობით.

1966 წლის სექტემბერში რენე ლაფონი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად. 30 სექტემბერს მან ქართულ ენაზე სიტყვა წარმოთქვა უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, რითაც ქართველი ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისის უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა რენე ლაფონის წერილი სათაურით "თბილისის უნივერსიტეტის სტუუდენტებს", სადაც იგი წერს: "ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. უკვე გაგონილით ვიცოდით, რომ საქართველო სტუმართმოყვარეა და მას უყვარს საფრანგეთი, მაგრამ სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა... არ ვიცნობ სხვა ქვეყანას, სადაც მსგავსი დღესასწაული შესაძლებელი იყოს. საფრანგეთში ჩემი დაბრუნების შემდეგ მინდა წავიკითხო საჯარო ლექცია პარიზსა და ბორდოში რუსთაველის იუბილესა და ჩემი საქართველოში ყოფნის შესახებ."

მართლაც, რენე ლაფონმა საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე 1966 წლის 17 დეკემბერს წაიკითხა ორი ლექცია: პირველი – სორბონის უნივერსიტეტში, მეორე – "პარიზის საენათმეცნიერო საზოგადოების მოამბის" რედაქციაში. 

1969 წელს ქართული კულტურის, ენის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისთვის თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ რენე ლაფონს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

2009 წლის 17–18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "რენე ლაფონი -110”. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ “კავკასიის ფონდი", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისია", საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება.

რენე ლაფონი გარდაიცვალა 1974 წლის 4 თებერვალს, ბორდოს მახლობლად, არკაშონში. 

წყარო:

1. თურნავა, სერგო. საზღვაგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1978.

2. თურნავა, სერგო. რენე ლაფონი და საქართველო. თბ., 1969.

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.


Share: