The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ჰანს ფოგტი

ჰანს ფოგტი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1986  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

ცნობილი ნორვეგიელი ენათმეცნიერი, მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში აღიარებული ქართველოლოგი და კავკასიოლოგი ჰანს ფოგტი დაიბადა 1903 წლის 1 ივნისს ნორვეგიაში, ქალაქ ფრედრიქსტადში ექიმის ოჯახში.

პატარა ჰანსმა უცხო ენები შეისწავლა დაიწყო რუანის საშუალო სკოლაში. სკოლის  დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ოსლოს უნივერსიტეტში, რომელიც 1928 წელს წარმატებით დაამთავრა.

1924–1925 წლებში სწავლობდა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, შეისწავლა ენები – ფრანგული, ლათინური და ბერძნული. პარიზში დაინტერესდა კავკასიური ენებით და დაიწყო ძველი და ახალი სომხურის შესწავლა, შემდეგ კი ქართულის შეწავლა იქ მცხოვრები ქართველების დახმარებით, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სტრუქტურულად სრულიად განსხვავებული ენის სრულყოფილად შესწავლისათვის ეს საკმარისი არ იყო.

1932 წელს ჰანს ფოგტი ჩამოვიდა საქართველოში. იგი ქართულის გარდა დაინტერესდა მეგრულით და სვანურით. საქართველოში ფოგტი 1934 წლამდე ცხოვრობდა. ჩვენს ქვეყანაში გატარებული წლები მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. შესანიშნავად შეისწავლა სამივე ქართველური ენა. მისი მასწავლებლები იყვნენ აკაკი შანიძე, ილია აბულაძე, ვარლამ თოფურია და მაკარ ხუბუა. ჰანსს თან ქონდა ერთი პატარა საბეჭდი მანქანა, რომელზეც იწერდა საუბრებს და დროდადრო იმეორებდა. სალიტერატურო ენის გარდა სწავლობდა დიალექტებსაც. იმავდროულად ფოგტი დაინტერესდა სხვა კავკასიური ენებითაც, კერძოდ, უბიხურით, ოსურით... 1963 წელს მან გამოაქვეყნა "უბიხური ენის ლექსიკონი", რომელიც ამ ენის მეცნიერული შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი შენაძენია. იბერიულ–კავკასიურ ენათა კვლევამ ფოგტი მიიყვანა ბასკოლოგიის პრობლემებამდე, რასაც მან რამდენიმე წერილი უძღვნა.

1936 წელს ოსლოს უნივერსიტეტში ჰანს ფოგტს მიანიჭეს ლინგვისტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის „ახალი ქართული ენის გრამატიკის ნარკვევები“, რომელიც შემდეგ წიგნად გამოსცა. ამ წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში. ავტორმა ეს გარემოება გაითვალისწინა, წინა წიგნი შეავსო ახალი მასალებით, გამოიყენა აკაკი შანიძის, მზია მრევლიშვილის, ბიძინა ფოჩხუას და ვარლამ თოფურიას ნაშრომები, თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის კრებულები, მონოგრაფიები და ლექსიკონები და ახალ წიგნად გამოსცა ფრანგულ ენაზე. ავტორი კარგად იცნობდა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს და ოსტატურად გამოიყენა თავის ნაშრომში. ეს მწერლები არიან: შ. არაგვისპირელი, ლ. არდაზიანი, ვ. ბარნოვი, აკ. ბელიაშვილი, ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, შ. დადიანი, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, ლ. ქიაჩელი, ს. კლდიაშვილი, ნ. ლომოური, გ. შატბერაშვილი, მ. ჯავახიშვილი და სხვ.

ნორვეგიელი მეცნიერი მოკლედ გადმოსცემს ქართული ენის ისტორიას. იგი წერს:  „ქართული ენა არის ერთადერთი ენა, რომელსაც აქვს განუწყვეტელი ლიტერატურული ტრადიცია ჩვენი ერის მეხუთე საუკუნიდან დღემდე“.

1941 წლიდან ჰოგტი ოსლოს უნივერსიტეტში კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერებისა და ძველი ფრანგულის კურსებს, 1946–1959 წლებში ასწავლიდა ზოგად ენათმეცნიერებას, 1960–1973 წლებში კი – ქართულს, სომხურს, უბიხურს.

განუზომელია ჰანს ფოგტის ქართველოლოგიური ნაშრომების მნიშვნელობა. იგი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ქართული ენის რთულ სტრუქტურაში, ზედმიწევნით ფლობდა როგორც ძველ, ისე ახალ ქართულს და კარგად იცნობდა მრავალსაუკუნოვანი მწერლობის ძეგლებს, ცოცხალ დიალექტებს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენას იგი ყოველთვის იკვლევდა მეგრულ–ჭანურსა და სვანურ ენებთან კავშირში.

ჰან ფოგტის ნაშრომებში რამდენიმე ძირითადი პრობლემა იყრის თავს. ესენია: 1. ქართველურ ენათა ისტორიულ–შედარებითი კვლევა; 2. ქართულ და ქართველურ ენათა ლექსიკის ისტორიისა და ეტიმოლოგიის საკითხები; 3. ქართულ და სხვა იბერიულ–კავკასიურ ენათა გენეტიკური ურთიერთობა, მათი კონტაქტები არამონათავესავე ენებთან და სხვ.

ჰანს ფოგტის ქართველოლოგიური ნაშრომებია: "ახალი ქართული ენის გრამატიკის ნარკვევეი" (1938),„ხმოვანთმონაცვლეობის შესახებ ქართულში“ (1939), „ბრუნვათა სისტემა ძველ ქართულში“ (1947), „ზმნის სუფიქსები ძველ ქართულში“ (1947), „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა (1958), „სომხური და ქართული“ (1961), „ქართული ენის ისტორიის საკითხები“ (1964), "ქართული ენის გრამატიკა" (1971), „ნაცვალსახელების რეფლექსებზე ქართულში“ (1972), „ქართული ეტიმოლოგია“ და სხვ.

ნორვეგიელი ქართველოლოგი მუდმივად ადევნებდა თვალს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას, წერდა რეცენზიებს, ბეჭდავდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში, ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჟურნალში „ბედი ქართლისა“.

1966 წელს ფოგტი მონაწილეობდა საქართველოში გამართულ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში. ამავე წელს ქართველოლოგიაში გაწეული დამსახურებისთვის ჰანს ფოგტი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. დიპლომის გადაცემისას მან სამადლობელი სიტყვა მშვენიერი ქართულით წარმოთქვა.

ჰანს ფოგტი იყო გამორჩეული ადამიანი თავის პიროვნული თვისებებით. მას კოლეგების გარდა საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავდა. იგი ყოველთვის ინტერესით აკვირდებოდა ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებს. იოსებ გრიშაშვილს მისთვის ძველი თბილისი გაუცვნია და ნავითაც უცურავიათ მტკვარზე... მოგზაურობდა მთელ საქართველოში, ესაუბრებოდა გლეხებს, ათვალიერებად ისტორიულ ძეგლებს, დადიოდა თეატრში, სულ ხალხში ტრიალებდა და იწერდა ცოცხალი მეტყველების ნიმუშებს.

საქართველოს და ქართველებს ყოველთვის კეთილად იგონებდა. ხშირად ამბობდა თურმე: „დიდხანს ვიცხოვრე საფრანგეთში, გულითადი მეგობარი ვერ გავიჩინე. შედარებით ცოტა ხანს ვიცხოვრე საქართველოში, მეგობრებით გავმდიდრდი, რაც ქართველი ხალხის დიდბუნებოვნებას უნდა მიეწეროს“.

ჰანს ფოგტი გარდაიცვალა 1986 წელს.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1978

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012

3. ჩართოლანი ნელი. ჰანს ფოგტი, თბ., 2000


გააზიარე: