შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჟან შარდენი![]()
ბიოგრაფიაჟან შარდენი (ჟან-ბატისტ შარდენი, სერ ჯონ შარდენი)) დაიბადა 1643 წლის 16 ნოემბერს, პარიზში, პროტესტანულ ოჯახში. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლამაგრამ მას, როგორც პროტესტანტს, არ შეეძლო კარიერის ძიება თავის ქვეყანაში, რადგანაც იმდროინდელი საფრანგეთის ხელისუფლება ალმაცერად უყურებდა კათოლიკობისაგან განდგომილთ. ამიტომ მან გადაწყვიტა შორეულ ქვეყნებში ეძია ბედი. 1664 წელს 22 წლის ჟან შარდენი თავისი მამის კომერციული საქმეების მოსაგვარებლად ინდოეთს გაემგზავრა. ეს იყო მისი პირველი შორეული მოგზაურობა, რომლის დროსაც მან აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა მოიარა. ინდოეთიდან შარდენი სპარსეთში წავიდა, სადაც შაჰის კარზე ექვსი წელი დაჰყო. სპარსეთიდან საფრანგეთში შარდენი 1670 წელს დაბრუნდა. 1671 წელს მან საფრანგეთში გამოაქვეყნა თავისი პირველი თხზულება სპარსეთის შაჰის „სულეიმანის მეფედ კურთხევა", რომელიც მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს – სპარსეთის შესახებ. 1671 წლის 17 აგვისტოს შარდენი ხელმეორედ გაემგზავრა სპარსეთში. ამჯერად მან უფრო მოკლე და პირდაპირი გზა აირჩია – სპარსეთში ჩავიდა კონსტანტინოპოლიდან შავი ზღვისა და კავკასიის გავლით. ევროპაში იგი 1679 წლის ბოლოს დაბრუნდა. 1711 წელს იბეჭდება ჟან შარდენის მოგზაურობის შთაბეჭდილელებები "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" ( "ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე"), სადაც გარკვეული ნაწილი საქართველოსაც ეხება, სადაც მან 1672–1673 წლებში იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა. ჟან შარდენის მოგზაურობის შთაბეჭდილელების პირველი–ორი ტომი ეძღვნება საქართველოს. აღსანიშნავია, რომ თავის „მოგზაურობაში“ იგი არ შეხებია ქართულ მწერლობას, აღწერს ხელოვნების ძეგლებს, განსაკუთრებით, ყურადღებას ამახვილებს ქართველთა ხასიათზე, ზნე–ჩვეულებებზე, რელიგიაზე, ვაჟკაცობასა და მომხიბვლელობაზე. ფრანგი მოგზაურის აზრით: “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.” შარდენი აღწერს ქეთევან დედოფლის თავგადასავალს, თუ როგორ შესწირა მან თავი ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ქეთევან დედოფლის წამებისათვის შაჰ აბასს იგი ბარბაროსს უწოდებს. მოგზაური აღწერს გორს, ქუთაისს, თბილისს. აქვეა ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. შარდენის თხზულება წარმოადგენს XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვან წყაროს. იგი გამოირჩევა საქართველოს შესახებ ცნობების სიმდიდრითა და მრავალმხრივობით. ასახავს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ ვითარებას. ჟან შარდენმა პირველმა მიაწოდა ცივილიზებულ მსოფლიოს საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ, რომელიც ასევე მეტად ფასეული და სანდო წყაროა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის. ჟან შარდენი გარდაიცვალა ჩისუიკში, ლონდონი, 1713 წლის 5 იანვარს. დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოში. მის მონუმენტზე წარწერაა nomen sibi fecit eundo (ლათ. სახელი გაითქვა მოგზაურობით). წყარო:
ნაშრომების სია:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |