შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჟერარ გარიტი![]()
ბიოგრაფიაბელგიელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, არმენისტი, ბელგიის სამეფო აკადემიის წევრი, აღმოსავლური ქრისტიანული მწერლობის ცნობილი მკვლევარი ევროპაში, ჟურნალ „მუზეონის“ დირექტორი ჟერარ გარიტი დაიბადა 1914 წლის 15 იანვარს, ბელგიის ქალაქ ლა–ლუვიერის მახლობელად, სოფელ უდე–გონიში (Houdeng-Gœgnies) ჟერარ გარიტი წლების მანძილზე ეწეოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას. იგი შესანიშნავად ფლობდა როგორც ძველ, ისე ახალ ქართულ ენას და ლიტერატურას, რაც მას საშუალებას აძლევდა ღრმად შეესწავლა ქართული ლიტერატურული ძეგლები და გამოექვეყნებინა გამოკვლევები. 1926–1931 წლებში ჟერარ გარიტი სწავლობდა ლუვიერის პროვინციის კოლეჯში. აქ მან განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა უცხო ენების შესწავლაში, დაეუფლა ძველ ბერძნულს, ლათინურს, არაბულს, გერმანულს, ინგლისურს, საფუძვლიანად შეისწავლა ანტიკური ლიტერატურა.1936 წელს წარჩინებით დაამთავრა ლუვენის უნივერსიტეტი. სტუდენტობის წლებშივე გამოამჟღავნა მეცნიერული კვლევის უნარი, რითაც მალევე მიიპყრო უნივერსიტეტის ცნობილ პროფესორთა ყურადღება. 1939 წელს გარიტი გააგზავნეს რომში, სადაც 6 წელიწადს მუშაობდა ბელგიის ინსტიტუტსა და აკადემიაში; იმავდროულად ვატიკანის ბიბლიოთეკაში ეკავა მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობა. ვატიკანის ბიბლიოთეკაში მუშაობა მისთვის აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი – იქ მოძიებული მასალები სანდო წყარო გახდა მომავალი მეცნიერის შემდგომი კვლევა–ძიებისთვის. 1946 წლიდან ჟერარ გარიტი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორია. 1950 წელს, უკვე ცნობილი ქართველოლოგი, ჟერარ გარიტი მიიწვიეს ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპედიციაში სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში (მეორედ 1957 წელს). მან აქ 75 წლის განმავლობაში უდიდესი შრომა გასწია: შეისწავლა აღმოსავლური ფონდები და გადაიღო ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. მეცნიერმა აღწერა იქ არსებული 85 ქართული ხელნაწერი, თარგმნა ფრანგულ–ლათინურ ენებზე და დაურთო კომენტარები. ამ გზით გახდა ხელმისაწვდობი ქართული ხელნაწერები არა მარტო ქართველი მეცნიერებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც. ჟერარ გარიტს გამოქვეყნებული აქვს 400–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20 წიგნი. ქართველოლოგიური გამოკვლევებიდან განსაკუთრებით საინტერესოა: „პალესტინურ–ქართული კალენდარი სინური ხელნაწერის №34–ის მიხედვით“, „სინას მთის ქართული ლიტერატურული კატალოგი“ (ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა), „იოანე ზოსიმეს X საუკუნის კალენდარი“, „მოციქულთა საქმის ქართული ვერსიები“, „წმ. მართას ცხოვრების ქართული ვერსია“, „სვიმეონ მესვეტისა და ეფრემ ასურის ცხოვრება“, „მიქელ თარხნიშვილი“, „ქართული ლიტერატურა და შუა საუკუნეების კულტურის ისტორია“, ძველი ქართული ენის ძეგლები“, „ფსალმუნთა კრიტიკული გამოცემა“, „მანგანას კოლექციის ქართული ფურცლები სელი–ოუკში“ (ბირმინგემი), „სამი ბაბილონელი ყრმის მოქცევა“, „ქართული სასულიერო ლიტერატურა ფრანგულ სასულიერო ლექსიკონებში“ და სხვ. 1956 წელს ფრანგულ ჟურნალში დაიბეჭდა ბელგიელი მკვლევარის ნაშრომი „სინას მთის ქართული ხელნაწერები“. ნაშრომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში ავტორი მკითხველს აცნობს ცნობილი მეცნიერების პ. პეეტერსის, რ. ბლეიკის, პ. უსპენსკის, კ. ტიშენდორფის, ალ. ცაგარელის, ივ. ჯავახიშვილის და ნ. მარის დამსახურებას ამ ხელნაწერების შესწავლის საქმეში. 1958 წელს ჟერარ გარიტმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „პალესტინურ–ქართული კალენდარი სინური ხელნაწერის №34–ის მიხედვით“ . ნაშრომს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში. სპეციალისტები ერთხმად აღიარებდნენ მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის შესწავლაში. 1959 წელს ჟერარ გარიტს მიანიჭეს ბელგიის სამეფოს უმაღლესი ჯილდო – ფრანკის პრემია, რომელიც პირადად გადასცა მეფე ბოდუენმა. ჟერარ გარიტის ქართველოლოგად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის დიდ მასწავლებელსა და მეგობარს მიხეილ თარხნიშვილს, რომლის ხსოვნასაც მან მიუძღვნა სპეციალური ნაშრომი „მიქელ თარხნიშვილი“. 1960 წელს ლუვენის უნივერსიტეტში ჟერარ გარიტს გადაუხადეს 45 წლისთავის იუბილე – როგორც უნივერსიტეტის უარღესად განათლებულ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მეცნიერს. ჟერარ გარიტი საქართველოს დიდი მეგობარი იყო. წლების მანძილზე მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ კოლეგებთან, იღებდა მათგან კონსულტაციებს, ეცნობოდა მათ ნაშრომებს, რომელთა შესახებ რეცენზიებსა და გამოხმაურებებს აქვეყნებდა უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. 1967 წელს ჟურნალ „მუზეონის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა აკ. შანიძის ნაშრომების ბიბლიოგრაფია, ხოლო 1968 წელს "ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართველოლოჯის“ 25–ე ტომში დაიბეჭდა მისი ვრცელი ნაშრომი სათაურით „აკაკი შანიძე – ქართველოლოგთა მასწავლებელი“. ასევე ვრცელი ნაშრომები მიუძღვნა ილია აბულაძისა და ივანე იმნაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას. 1966 წელს ჟერარ გარიტი ჩამოვიდა საქართველოში, მონაწილეობდა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში და შესანიშნავი წერილიც მიუძღვნა „ვეფხისტყაოსანს“ და მის ავტორს. თავის მხრივ, ქართველი კოლეგები ქართველოლოგიაში გაწეული უდიდესი შრომისათვის გულწრფელ მადლობას გამოხატავდნენ მის მიმართ და არაერთი ნაშრომიც მიუძღვნეს მას. ჟერარ გარიტი გარდაიცვალა 1990 წლის 27 აგვისტოს, მშობლიურ სოფელ უდე–გონიში (Houdeng-Gœgnies) წყარო: 1. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან. თბ., 2012. 2. თურნავა, სერგო. საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1978.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |