შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
იარომირ იედლიჩკა![]()
ბიოგრაფიაცნობილი ჩეხი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი იარომირ იედლიჩკა დაიბადა 1901 წლის 9 ოქტომბერს, პრაღაში. მამამისი, ცნობილი ენათმეცნიერი, ვაჟის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა და ბავშვის აღზრდა მთლიანად დედამ წარმართა – ცნობილმა ფილოლოგმა და ბელეტრისტმა. ოჯახურმა ტრადიციამ დიდი გავლენა იქონია მომავალი მეცნიერის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. 1920 წელს იარომირმა დაამთავრა პრაღის აკადემიური გიმნაზია და იმავე წელს შევიდა კარლის უნივერსიტეტში ინგლისურ–სლავური ფილოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. შემდეგ იგი გაემგზავრა ლონდონში და 1927 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი. პრაღაში დაბრუნებულმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რეალიზმის თეორია და პრაქტიკა ჯონ გოლზუორთისა და არნოლდ ბენეტის თხზულებებში“. 1933 წლიდან იარომირ იედლიჩკამ დაიწყო ქართული ენის შესწავლა. ეს იყო მას შემდეგ, რაც მას შემთხვევით ხელთ ჩაუვარდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, იედლიჩკა უკვე საფუძვლიანად ფლობდა ძველ და ახალ ქართულს. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე იგი დაუკავშირდა ქართველ მეცნიერებს, რომლებიც მას დროგამოშვებით აწვდიდნენ სათანადო მასალას ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ამ მხრივ მას დიდი დახმარება გაუწიეს კორნელი კეკელიძემ და აკაკი შანიძემ. 1957 წელს იარომირ იედლიჩკა პირველად ეწვია საქართველოს. ამ დროს მას უკვე გამზადებული ჰქონდა დასაბეჭდად „ვეფხისტყაოსნის“ ჩეხური თარგმანის ორი ვარიანტი – პოეტური და პროზაული, რომელიც 1958 წელს პრაღაში ერთ წიგნად გამოსცა. გადათარგმნილი ჰქონდა რიგი სხვა ნაწარმოებები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, ალქსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, „ქართული ხალხური ზღაპრები“ და სხვ. იედლიჩკას თარგმანებით გაეცნო ჩეხი მკითხველი საქართველოს და ქართულ ლიტერატურას. „ქართული ხალხური ზღაპრების“ წინასიტყვაობაში იგი წერს: „ზღაპრები, რომლებიც აქაა წარმოდგენილი, წარმოიშვა მსოფლიოს ერთ–ერთ ულამაზეს ქვეყანაში... ქართული ხალხური ზღაპრები ქართული ზეპირსიტყვიერების უდიდეს და უმდიდრეს ნაწილს შეადგენს...“ საქართველოში ყოფნის დროს იარომირ იედლიჩკამ დაბეჭდა წერილები „ცისკარში“ და „ლიტერატურნაია გრუზიაში“, სადაც გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები. აი, რას წერს იგი: „მხოლოდ ახლა ასრულდა ჩემი ოცნება, რომლითაც აღსავსე იყო მთელი ჩემი ცხოვრება მრავალი წლის მანძილზე... აი, ახლა საქართველოს მიწა–წყალზე შემოვდგი ფეხი და ბედნიერად ვთვლი თავს“ და დასძინა: „სინამდვილემ ჩემს წარმოდგენას გადააჭარბა“. იარომირ იედლიჩკამ იმოგზაურა ქართლში, კახეთში, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე. იგი მოხიბლული იყო თბილისით, სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრებით, გელათის ფრესკებითა და ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოებით... სამშობლოში დაბრუნებულმა იედლიჩკამ კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძო ქართველოლოგიური საქმიანობა. 1972 წელს იარომირ იედლიჩკამ ელენე ერისთავთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო „ჩეხური ენა“. წიგნის ძირითადი ნაწილი შეიცავს 30 ლექციას. სახელმძღვანელოს ახლავს ჩეხურ-ქართული და ქართულ-ჩეხური ლექსიკონები, დართული აქვს აგრეთვე გრამატიკულ თემათა საძიებელი. იგი განკუთვნილია ჩეხური ენის შემსწავლელ სტუდენტთათვის. იარომირ იედლიჩკას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში, იცნობდა მათ მეცნიერულ მიღწევებს და დიდ შეფასებას აძლევდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იგი ქართველ კოლეგებსა და თბილისის უნივერისტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას სისტემატურად აწვდიდა უცხოეთში გამოსულ ქართველოლოგიურ ლიტერატურას. ამავე დროს, იედლიჩკა თანამშრომლობდა ჟურნალში „ბედი ქართლისა“, ეხმაურებოდა უცხოეთში გამოსულ ქართველოლოგიურ ნაშრომებს და უძღვნიდა ვრცელ რეცენზიებს. სიცოცხლის ბოლო წლებში იარომირ იედლიჩკა მუშაობდა კორნელი კეკელიძის „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ მეორე ტომის თარგმანზე, რომელიც გერმანულად უნდა გამოსულიყო იულიუს ასფალგის თანაავტორობით. სამწუხაროდ, ჩეხ ქართველოლოგს არ დასცალდა დაწყებული საქმის დასრულება. 1965 წლის 1 აგვისტოს, 63 წლის ასაკში, იარომირ იედლიჩკა გარდაიცვალა. „თავზარდამცემი ცნობა მივიღეთ დღეს იარომირ იედლიჩკას გარდაცვალებისა... დიდი მეგობარი დაკარგა საქართველომ. მისი დაკარგვა საშინელი დანაკლისია ჩვენთვის“, – მწუხარებით იუწყებოდა „ბედი ქართლისას“ რედაქტორი კალისტრატე სალია. ქართველი მეგობრებიც გულისტკივილით წერდნენ: „მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენთვის... დაე, მისი შრომა იყოს მისაბაძი მისი თანამემამულეებისათვის, ხოლო ჩვენი მადლიერი ხალხი მის ღვაწლს არ დაივიწყებს“. დიდია იარომირ იედლიჩკას დამსახურება საზღვარგარეთულ ქართველოლოგიაში. მან შექმნა ჩეხ ქართველოლოგთა ძლიერი სკოლა, რომლებიც ღირსეულად აგრძელებს მასწავლებლის მიერ დაწყებულ შემოქმედებით საქმიანობას. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |