შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
იან ბრაუნი![]()
ბიოგრაფიაპოლონელი ქართველოლოგი იან ბარუნი დაიბადა 1926 წლის 15 მაისს ქალაქ ლოძში, მასწავლებლის ოჯახში. 1939 წელს დაამთავრა დაწყებითი სკოლა. სწორედ იმ დროს, ლოძი დაიკავეს გერმანელებმა და ბრაუნების ოჯახი იძულებული იყო ქალაქი დაეტოვებინა. იანმა ოკუპაციის წლები გაატარა კრაკოვის მახლობელ სოფელში. 1947 წელს იან ბარუნი შევიდა ლოძის უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის განხრით აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი განსაკუთრებით დაინტერესდა კავკასიური ენებით და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს იანმა სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. აქ მან გაიცნო და დაუმეგობრდა აკაკი შანიძის მეორე ასპირანტს ზურაბ ჭუმბურიძეს, რომელსაც ბევრი კეთილი მოგონება შემორჩა მომავალ ქართველოლოგზე. ამ დროს მას მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა სცოდნია, რუსულადაც ცუდად ლაპარაკობდა თურმე. აკაკი შანიძის რჩევით, იანმა პირველი წლის ზაფხულის არდადეგები შუაგულ ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში, ერთი მჭედლის ოჯახში გაატარა. იანი მეტად კმაყოფილი იყო სოფელში გატარებული არდადეგებით, განსაკუთრებით სასაუბრო ენის დაუფლების თვალსაზრისით. 1955 წელს იან ბრაუნმა თბილისის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართული ზმნის პოლიპერსონალიზმი“ და იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში. მან მუშაობა დაიწყო ვარშავის უნივერსიტეტში ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრაზე, შემდეგ კი ძველი აღმოსავლეთის ფილოლოგიის კათედრაზე. იქ იგი კითხულობდა ლექციებს ზოგად ენათმეცნიერებაში, შუმეროლოგიაში, იკვლევდა იბერიულ–კავკასიურ ენებს, ბასკურ–კავკასიურ ენათა ურთიერთობას. ამავე დროს ხელმძღვანელობდა ქართული ენის ლექტორატს, რომელიც 1961 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ვარშავის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. გარდა ამისა, იან ბრაუნმა საგანგებო ყურდღება მიაქცია პოლონეთში დაცულ ქართულ ხელნაწერებს, რომელთაგან სამი ეტრატზეა დაწერილი და გამოირჩევა სიძველით, მოიძია და მეცნიერულად აღწერა ისინი. 1958 წელს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიამ ეს ხელნაწერები სომხურ ხელნაწერებთან ერთად ცალკე წიგნად გამოსცა. იან ბარუნი ასევე სრულყოფილად ფლობდა ბასკურ ენას. იგი 1976 და 1977 წლებში ორჯერ იყო მოწვეული თბილისის უნივერსიტეტში ბასკოლოგიის კურსის წასაკითხად. 1980 წელს ბილბაოში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი ბასკოლოგიის საკითხებზე. ბრაუნმა იქ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ქართულ–ბასკურ ენათა გენეტიკური ნათესაობის შესახებ“. მან ქართველური და ბასკური ენების ისტორიულ–შედარებითი შესწავლსი საკითხებს მიუძღვნა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც საბოლოოდ გააერთიანა მონოგრაფიად და 1991 წელს წარადგინა ვარშავის უნივერსიტეტის ნეოფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო საბჭომ მაღალი შეფასება მისცა იან ბრაუნის ნაშრომს და მის ავტორს მიანიჭა დოქტორის ხარისხი. იან ბარუნი ათეული წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო, პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას. მან პოლონურ ენაზე თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, გიორგი ლეონიძის ლექსები, აგრეთვე სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები, ქართული ანდაზები. იგი იყო მეცნიერ–კონსულტანტი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სრული თარგმანისა პოლონურ ენაზე, რომელიც ცნობილმა პოლონელმა პოეტმა ეჟი ზაგურსკიმ თარგმნა. იან ბრაუნი საქართველოს ხშირი სტუმარი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული კულტურისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, სამეცნიერო კონფერენციებში. 1966 წელს, რუსთაველის საიუბილეო დღეებში, პოლონეთის დელეგაციის სახელით ქართულ და რუსულ ენებზე წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვა, რომელიც დააბოლოვა გრ. ორბელიანის ლექსით "სხვა საქართველო სად არის..." 1987 წელს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში მოეწყო შეხვედრა უცხოელ ქართველოლოგებთან აკაკი შანიძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც იან ბრაუნმა თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ქართველებსა და პოლონელებს დიდი ხნის მეგობრობა კავშირებს. იგი მომავალშიც ისევე შეუერყეველი იქნება, როგორც "ქართული მრავაჟამიერი". 1988 წელს პოლონელი მეცნიერი ეწვია თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. აქ მან გამოთქვა უსაზღვრო მადლობა უნივერსიტეტისადმი, სადაც მოხდა მისი მეცნიერული ნათლობა. "მე თქვენი ვარ, "გაქართველებული პოლონელი" – განაცხადა მეცნიერმა ერთ–ერთ ინტერვიუში. იან ბრაუნის დამსახურებაა პოლონეთის აჯანყების მონაწილე 16 წლის ქართველი გოგონას, ირინე სხირტლაძის საფლავის მოძებნა და მისი ბიოგრაფიის დადგენა. 1989 წლის მაისში პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართა ესპანისტიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 50–ზე მეტი მეცნიერი. სიმპოზიუმზე კვლავ დაისვა ქართულ–ბასკური ურთიერთობის პრობლემა, გამოიკვეთა ბრაუნის თვალსაზრისი, რომ ბასკური არის ერთ–ერთი ქართველური ენა. 2004 წელს იან ბრაუნი კვლავ ესტუმრა საქართველოს. წაიკითხა მოხსენებათა ციკლი ქართულ–ბასკურ ენობრივ ურთიერთობათა თემაზე. 2006 წელს კი მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში საინტერესო მოხსენებით "ბასკურ–ქართული ენობრივი შეხვედრები". იან ბარუნი არჩეული იქნა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, გელათის მეცნიერებათა კადემიის წევრად; 1998 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ინციატივით მიენიჭა არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია. 2006 წელს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ვარსავის უნივერსიტეტში ფართოდ აღინიშნა ღვაწლმოსილი მეცნიერის იან ბრაუნის დაბადების 80 წლის იუბილე. . თბილისში ამ თარიღს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მასალები გამოქვეყნდა 2007 წელს "კავკასიურ კრებულში", მათ შორის იყო იან ბრაუნის გამოკვლევა "პროტოქართველური ენა". იან ბრაუნი გარდაიცვალა 2015 წელს. წყარო 1. თურნავა, ს. საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1978. 2. ფეიქრიშვილი, ჟ. ვასაძე, ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |