The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ლეა ფლური

ლეა ფლური
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 2010  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ციურიხი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

შვეიცარიელი ქართველოლოგი ლეა ფლური დაიბადა შვეიცარიაში 1916 წლის 9 სექტემბერს სოფ. მატენში–ინტერლაკენის მახლობლად. შვეიცარიაში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. დაინტერესებული იყო უცხო ენებით, შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ოქტომბერში ლეა სამუშაოდ წავიდა გერმანიაში, სოფელ ჰესიშ ოლდენფორდში, ჰანოვერის მახლობლად, სადაც ნაცნობის ოჯახში ბავშვების აღმზრდელად მიიწვიეს. ლეამ აქ გაიცნო ქართული ენის დიდი მოჭირნახულე კიტა ჩხენკელი, რომელიც ამ ოჯახის მეგობარი იყო და დროდადრო სტუმრად ჩადიოდა იქ. კიტა ჩხენკელი 1945 წელს იძულებული იყო გერმანიიდან შვეიცარიაში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც ძველი ნაცნობები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ ორივე ერთ სახლში ცხოვრობდა – ლეა მეორე სართულზე, კიტა – მეხუთეზე. ამან გარკვეულწილად ხელი შეუწყო მათ მეცნიერულ თანამშრომლობას. კიტა ჩხენკელმა დიდი გავლენა მოახდინა ლეა ფლურის მთელ შემდგომდროინდელ ცხოვრებაზე.

კიტა ჩხენკელისთვის, როგორც ემიგრანტისთვის, იმ მძიმე პერიოდში არ იყო ადვილი ფეხის მოკიდება შვეიცარიაში. ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მოპოვებაში მას აქტიურად ეხმარებოდა ლეა. იგი ჩხენკელს მზრუნველობას არ აკლებდა და შეძლებისდაგვარად ყველანაირად უწყობდა ხელს – ეხმარებოდა საბუთების მოწესრიგებაში, ქართულიდან გერმანულად თარგმნაში და, რადგან სპეციალობით მდივანი იყო, ხშირად უბეჭდავდა მისი წიგნის მასალებს.

კიტა ჩხენკელმა თავისი „ქართული ენის შესავლის“ მოსამზადებლად დახმარება სთხოვა ლეა ფლურის, შემდეგ კიდევ ორ ახალგაზრდა ქალს – იოლანდა მარშევს და რუთ ნოიკომს, რომლებიც ანაზღაურების გარეშე დათანხმდნენ სამუშაოზე.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა წიგნის დაბეჭდვა საბეჭდ მანქანაზე. წიგნის გამოსაცემი ხარჯების შემცირების მიზნით ლეა ფლურმა ამერიკელი მეგობრის დახმარებით საგანგებოდ შეისწავლა პოლიგრაფიული საქმე. მან უდიდესი შრომა გასწია „ქართული ენის შესავლის“ დაბეჭდვაში, რომლის გამოიცაც დასრულდა 1958 წელს. შვეიცარიის ბიბლიოფილთა საზოგადოების ჟურნალი „ლიბრარიუმი“ წერდა: „პრიზი რომ ყოფილიყო დაწესებული ისეთი წიგნისთვის, რომელიც, მიუხედავად დიდი ფათერაკებისა და დაბრკოლებებისა, მაინც შეიქმნა და გამოიცა, ეჭვგარეშეა, მას „ქართული ენის შესავალი“ მიიღებდა“.

1958 წელს კიტა ჩხენკელმა დააარსა გამომცემლობა „ამირანი“, რომლის საქმეების წარმოება ლეას მიანდო. იგი აგზავნიდა სხვადასხვა ქვეყანაში წერილებს და ნაბეჭდ მასალას, მასვე დაევალა საქმიანი მიმოწერაც. სიკვდილის წინ კიტა ჩხენკელმა გამომცემლობის უფროსობა ანდერძით ლეას ჩააბარა, რომელიც ათწლეწულების მანძილზე ღირსეულად უძღვებოდა მინდობილ საქმეს. იგი ბეჭდავდა და აქვეყნებდა ქართველი მეცნიერებისა და მწერლების ნაშრომების გერმანულ თარგმანებს. ამ გამოცემლობამ გამოსცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" რუთ ნოიკომისეული გერმანული თარგმანი, ქართველი მწერლების ნაწარმოებები, "ვისრამიანი" და სხვ.

ლეა ფლურისთვის ქართული ჯერ ჰობი, შემდეგ კი მთავარ საქმედ გადაიქცა. 1957 წლიდან თავის ძირითად სამუშაოს, ბიუროში მდივნობას, თავი დაანება და, რაკი, ქართულ მასალებზე მუშაობა სულ უფრო და უფრო მეტ დროს მოითხოვდა, მთლიანად ქართულზე გადაერთო. შვეიცარიის ეროვნული ფონდისაგან წიგნების დასრულებამდე ლეა მცირე ხელფასს იღებდა საარსებოდ.

ლეა ფლურმა ასეთივე შემართებით და დაუღალავად იშრომა კიტა ჩხენკელის „ქართულ–გერმანული ლექსიკონის“ გამოცემაზეც, რომელიც მკითხველმა 1974 წელს იხილა.

კიტა აბაშიძის ნაშრომების გამოქვეყნებამ დიდი ინტერესი გამოიწვია გამოჩენილ მსოფლიო მეცნიერთა შორის.

19 წლის განმავლობაში ბეჭდავდა ლეა ფლური „ქართული ენის შესავალსა და „ქართულ–გერმანულ ლექსიკონს“. 19 წლის განმავლობაში შეუსვენებლივ ჩაჰკირკიტებდა ჩუქურთმოვან მხედრულ ასოებს. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა და პროფესიული ოსტატობისა, საუკეთესო შემთხვევაში იგი მხოლოდ 6 გვერდის დაბეჭდვას ახერხებდა. ორივე წიგნი ერთად 3824 გვერდს მოიცავს. რაკი თითოეული გვერდი ორჯერ იბეჭდებოდა ვარიტაიპერის სპეციფიკის გამო, სულ 7648 გვერდი მომზადდა.

1974 წელს ციურიხის კანტორის ხელმძღვანელობამ „ქართულ–გერმანული ლექსიკონის“ გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისთვის ლეა ფლური და მისი კოლეგები დააჯილდოვა და მათთან საგანგებო შეხვედრა მოაწყო.

1968 წელს ასრულდა ლეა ფლურის დიდი ხნის ოცნება – იგი საქართველოს ესტუმრა. თბილისის უნივერსიტეტის ხელმაძღავნელობამ სამ შვეიცარიელ ქალბატონს – ლეა ფლურის, იოლანდა მაეშევს და რუთ ნოიკომს – თბილი შეხვედრა მოუწყვეს.

1985 წელს ლეას მეორედ მიეცა საშუალება საქართველოში სტუმრობის. აქ მან ამჯერად ორი კვირა დაჰყო.

XX საუკუნის მიწურულს შვეიცარიული სამეული დაიშალა – იოლანდა მარშევი სამუდამოდ გადასახლდა დედამისის სამშობლოში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონში, და იქ გააგრძელა ქართული საქმე. 2001 წლის ზაფხულში რუთ ნოიკომი გარდაიცვალა. ლეა მარტო დარჩა ციურიხში, სადაც ბევრი ადგილი სევდიან მოგონებებს აღუძრავდა.

ციურიხში ლეა ფლური იყო აქტიური წევრი საზოგადოებისა „საქართველოს მეგობართა გაერთიანება შვეიცარიაში“.

ციურიხში ჩასულ და მასთან სტუმრად მისულ ყველა ქართველს ლეა დიდი სიყვარულით და სითბოთი ხვდებოდა. ამას მოწმობს მის საოჯახო ალბომში შეტანილი გულის ამაჩუყებელი ჩანაწერები და საქართველოდან ჩატანილ სუვენირთა აურაცხელი რაოდენობა.

ლეა ფლური გარდაიცვალა 2010 წლის 26 აპრილს, ციურიხში.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბ., 1999.

2. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ.,1999.

3. იმნაიშვილი, ვახტანგ. "საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?" // ქართველოლოგია, 2010, №3.

4. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიიდან. თბ., 2012.


გააზიარე: