The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


იოლანდა მარშევი

იოლანდა მარშევი
Date of birth:11 May, 1920
Date of death:3 May, 2015  (at 94 years)
Burial location:ამერიკის შეერთებული შტატები
Category:Linguist

Biography

იოლანდა მარშევი, ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგი, ციურიხის უნივერისტეტის პროფესორი, დაიბადა 1920 წლის 11 მაისს ციურიხში. 1939 წელს დაამთავრა გიმნაზია, 1945 წელს – უნივერისტეტი, რომანისტიკისა და კლასიკური ფილოლოგიის განხრით. შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რომანული ენების დარგში, წლების განმავლობაში ციურიხის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდა უცხო ენებს.

იოლანდა მარშევს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი ენების ათვისების, თუმცა ძალიან უყვარდა მუსიკაც. ერთხანს ვერ გადაეწყვიტა ძირითად პროფესიად რომელი აერჩია – ენათმეცნიერება თუ მუსიკა. რუსული მუსიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა რუსული ენის შესწავლა. ამ საქმისთვის მან კიტა ჩხენკელს მიმართა, რომელიც იმ დროს უმაღლეს სასწავლებლებში რუსულს ასწავლიდა. ასე გახდა მარშევი ჩხენკელის მოწაფე. შემდეგ იგი ქართულით დაინტერესდა. მომავალ ქართველოლოგს ორივე ენის შესწავლაში კიტა ჩხენკელი დაეხმარა.

იოლანდა მარშევი თანამშრომლობდა კიტა ჩხენკელის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლის“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში. იგი წერდა: „კიტა ჩხენკელისაგან გავიგე ქართველი ხალხის ვინაობა, დავინტერესდი ქართული ენითა და კულტურით. კიტა ჩხენკელისაგან ვისწავლე ქართული ენა და, წლების განმავლობაში მისი მეცნიერ–ასისტენტი ვიყავი. სახელდობრ, მას ვეხმარებოდი გერმანული ლექსიკონის შედგენაში“.

კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მარშევს მიენდო „ქართულ–გერმანული ლექსიკონის“ დამთავრება. ლეა ფლურისთან და რუთ ნოიკომთან ერთად მან დიდი მუშაობა გასწია და 1974 წელს გამოსცა ლექსიკონი სამ ტომად.

1964 წლიდან იოლანდა მარშევი განაგებდა ქართული ენის კათედრას ციურიხის უნივერსიტეტში. ასწავლიდა ქართულ ენას, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე.
იოლანდა მარშევი ქართული კულტურის ამაგდარია, რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა ქართულ საქმეს. იგი შვეიცარიაში ,,საქართველოს მეგობართა ასოციაციის” ერთ-ერთი დამაარსებელია, ავტორია მრავალი სტატიისა და პროექტის, მისი თაოსნობით გამოცემულია საქართველოსთან დაკავშირებული არა ერთი მნიშვნელოვანი წიგნი.

 იოლანდა მარშევის სახლი ციურიხში წარმოადგენდა ქართული კულტურის კერას ევროპაში, სადაც უმდიდრესი ქართული ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. აქვე ინახებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დავით კაკაბაძის ტილო სერიიდან ,,იმერეთის პეიზაჟები” (საფრანგეთში გადასახლებაში მყოფი საქართველოს მთავრობის მიერ გადაცემული), უძველესი მონოგრაფიები ვატიკანის ბიბლიოთეკიდან და სხვა, საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური შრომები.

მარშევის სახლს სტუმრობდნენ ცნობილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, პოლიტიკოსები და იმართებოდა დისკუსიები საქართველოს კეთილდღეობაზე; თვით სახლი კი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა 1982 წელს.
მარშევი შეყვანილია ქართულ და შვეიცარიულ ენციკლოპედიებში, მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი ქართული კულტურის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის მას, 2008 წელს, მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. „ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების ნატვრა“, – ასე გამოხატა მან თავისი დიდი სიხარული ამ ფაქტისადმი.
1998 წლიდან იოლანდა ცხოვრობდა აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში, ნათლულის, ბატონ თენგიზ ტყებუჩავას ოჯახში. მან გამოსაცემად მოამზადა ვრცელი თანამედროვე ქართულ-გერმანული ლექსიკონი მოკლე ქართული გრამატიკის თანხლებით, გერმანულად, საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა, ლათინური სახელმძღვანელო, როგორც ქართულ ასევე ინგლისურენოვანთათვის და ვრცელი ლათინურ-ქართული ლექსიკონი (დოქტორ თენგიზ და იო-ელენე ტყებუჩავასთან ერთად). იოლანდა მარშევის თანადგომით შეიქმნა თენგიზ ტყებუჩავას ვრცელი ინგლისურ-ლათინურ-ქართული და გერმანულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონები; მოამზადა სამედიცინო ლექსიკონების უკუვარიანტები, ქართულ-ლათინურ-ინგლისური და ქართულ-ლათინურ-გერმანული. აღსანიშნავია, მისი  მონოგრაფია „ქართული ენის მორფემები“, რომელიც დაიბეჭდა ციურიხში 1986 წელს. ასევე, დაასრულა ქართველ კლასიკოსთა თარგმნა გერმანულად და ინგლისურად, გამოსაცემად მოამზადა გერმანულ ენაზე ნათარგმნი ილიას „მგზავრის წერილები“, და „განდეგილი“, აკაკის „ბაში–აჩუკი“, ვაჟას მოთხრობები და პოემები, ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ და „ელგუჯა“, მიხ. ჯავახიშვილის მოთხრობები და სხვ.

გარდაცვალებამდე, იოლანდა მარშევი წერდა მემუარებს ქართულ და გერმანულ ენებზე, აქტიურად თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას.

იოლანდა მარშევი გარდაიცვალა 2015 წლის 3 მაისს, 94 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999.

2. თურნავა, სერგო. ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბ., 1999

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.


Share: