The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ქევინ თუითი

ქევინ თუითი
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

კანადელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი, პროფესორი ქევინ ჯ. თუითი დაიბადა 1954 წლის 3 აპრილს აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ საუთბენდში. 1972-1976 წლებში სწავლობდა ჩიკაგოში, ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე. 1980 წელს ჩაირიცხა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე, სპეციალობად აირჩია გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი), ფსიქოლინგვისტიკა და ქართველური ენები., რომელიც დაამტავრა 1988 წელს.

ქევინ თუითმა ასპირანტურის კურსი გაიარა ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. არინსონის ხელმძღვანელობით. მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო „ბრუნვებისა და პირის ნიშნები ქართველურ ენებში“.

1991 წლიდან არის მონრეალის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილების სრული პროფესორი. 

 2010-2014 წლებში იყო იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერისტეტის კავკასიოლოგიის კათედრის  ხელმძღვანელი.

ქევინ თუითი ხშირად სტუმრობს საქართველოს. ქართული ენის შესწავლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეხმარებოდნენ ე. ბაბუნაშვილი, შ. აფრიდონიძე, მ. ნიკოლაიშვილი, რ. ნიშნიანიძე. ქევინი საკმაოდ კარგად დაეუფლა ქართულ ენას – თავისუფლად მეტყველებს, წერს გამოკვლევებს და თარგმნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს, მეცნიერული კონტაქტები აქვს ქართველ კოლეგებთან.

ქევინ თუითი, როგორც ლინგვისტი, განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული ენის ქვემდებარის საკითხით. მისი აზრით, მონოპერსონალურ ევროპულ ენებში ქვემდებარის კატეგორია ძალიან ნათელია და მარტივიც, ქართულისაგან განსხვავებით. ქართველურ ენებში, სადაც ზმნა მრავალპირიანია, უფრო რთული ვითარებაა. ამდენად, გასარკვევია ქართული ქვემდებარის, როგორც ფორმალური, ისე ფუნქციური ურთიერთობის საკითხი. ქართული გრამატიკის ეს და სხვა მსგავსი პრობლემა იყო თავიდანვე თუითისათვის საყურადღებო კვლევის ობიექტი. გარდა ქართულისა, იგი დაინტერესდა სვანური ენითაც. თბილისის უნივერსიტეტში მას სვანურს ასწავლიდა ზურაბ ჭუმბურიძე, რომელიც ძალიან კმაყოფილი იყო მოწაფის წარმატებებით. იგი შესანიშნავად ითვისებდა სავნურ ენას, სვანი ხალხის კულტურას, მის ისტორიას.

ქევინ თუითმა ცოლად შეირთო თბილისის უნივერსიტეტის თანამშრომლის, ენათმეცნიერ ამბაკო ჭკადუას ქალიშვილი ეთერ ჭკადუა.

ქევინ თუითის ქართველოლოგიური ნაშრომებია: მონოგრაფია „ქართველური მორფოსინტაქსი. შეთანხმება რიცხვში და მორფოსინტაქსური ორიენტაცია სამხრეთ კავკასიურ ენებში“ (1998), სტატიები: „ირიბი გარდამავალი ზმნები ქართულში“ (1987), „ქართული ყე–ს გეოგრაფია“ (1989), „პრეფიქსი ძველ (ადრინდელ) ქართულში“ (1990), „რიცხვის კატეგორია საერთო ქართველურში“ (1992), „პარადიგმების აღდგენა ქართულში“ (1996), „სვანური ენა“ (1997), „შენიშვნები სვანურ ზმნაზე“ (1998), „დეპონენსური ზმნები ქართულში“ (2002), „ქართველური სერიების ნიშნები“ (2003) და სხვ.

ქევინ თუითი დაინტერესდა ქართული ფოლკლორითაც. მან გამოსცა „ქართული ხალხური პოეზიის ანთოლოგია“ ტ. I (1994) ტ. II (2003).

ქევინ თუითი მრავალი წელია ნაყოფიერად მოღვაწეობს ქართველოლოგიაში,  მეცნიერულად იკვლევს ქართულ კულტურას და ახალ საინტერესო ინფორმაციას მუდმივად აწვდის უცხოელ მკითხველს.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვაგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012.

3. http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/Tuite-CVEng.pdf?fbclid=IwAR1HeoRC79USupdZZV_yVfMHoS29CGhLv1VRIjWaIU2Z3LYkIVfXWMxpJ5k 


გააზიარე: