The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Foreign Kartvelologists
Home  
Search
Person Name:

Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.

The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences


ჰიროტაკე მაედა

ჰიროტაკე მაედა
Date of birth:May, 1971  (53 years)
Category:Historian, Humanitarian

Biography

იაპონელი ქართველოლოგი, ტოკიოს უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი ჰიროტაკე მაედა დაიბადა 1971 წლის მაისში ტოკიოში. ბავშვობაში მისმა ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელო ადგილი. მამა ბანკში მუშაობდა და, იაპონური ტრადიციის თანახმად, დედამ ჰიროტაკე და მისი და-ძმა სახლში გაზარდა. 15 წლის იყო ჰიროტაკე, როდესაც ბაბუამ ორი კვირით ამერიკაში წაიყვანა – "ქვეყანა უნდა ნახოსო", – იგონებს ჰიროტაკე.

როგორც თვითონ მეცნიერი ამბობს, ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა უცხო ქვეყნები, განსაკუთრებით ის ქვეყნები, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა. სტუდენტობის დროს აქტიურად დადიოდა კინოში, ნახა რამდენიმე ქართული ფილმი, მათ შორის, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერი“. აქედან  მიხვდა, რომ საქართველო ძალიან საინტერესო კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა იყო.

ჰიროტაკე მაედა სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ირანისტიკის მასწავლებლისგან მან გაიგო, რომ სპარსულ წყაროებში ბევრი მასალაა ქართველების მოღვაწეობის შესახებ. იგი  მას აძლევდა თემებს, სადაც ბევრი ცნობა იყო საქართველოზე. აქედან ჰიროტაკე კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით და გადაწყვიტა მისი ნახვა. ეს ოცნება აისრულა 1995 წელს –  სექტემბერში ჩამოვიდა და დეკემბრამდე დარჩა. ამ საქმეში მას ბიძა დაეხმარა, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ეს ძალიან ცუდი პერიოდი იყო და, როგორც თვითონ ჰიროტაკე ამბობს: „დენი ხშირად მიდიოდა. პირველი სიტყვა რაც ვისწავლე, იყო „წავიდა“ და „მოვიდა“.

მეორედ ჰიროტაკე 1999 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 2001 წლამდე დარჩა. თანდათან შეისწავლა ქართული ენა.

ჰიროტაკე მაედას ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს უკავშირდება.

საქართველოში ჰიროტაკე მაედას ურთიერთობა ჰქონდა ვახუშტი კოტეტიშვილთან, ალექსანდრე გვახარიასთან, თამაზ გამყრელიძესთან, თენგიზ მირზაშვილთან, ანზორ ერქომაიშვილთან და ბევრ სხვა გამოჩენილ ქართველებთან, რომელთა მიმართ იგი მუდამ გამოხატავს მადლიერებას. „უზომოდ მიყვარს ძველი თბილისი, საქართველოს მთისა და ბარის ბუნება… თენგიზ მირზაშვილი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია და ვამაყობ იმით, რომ მასთან შეხვედრა მოვასწარი. ასევე ერლომ ახვლედიანის იუმორი და სევდიანი ნათქვამი მიყვარს და მახსოვს“ – ამბობს მეცნიერი.

ჰიროტაკე მაედამ შესანიშნავად იცის ქართული. მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა და აღფრთოვანებულია ქართველთა სტუმართმოყვარეობით. იგი კარგად იცნობს მთის ტრადიციებს, უყვარს ვაჟა–ფშაველა და მისი პოემები თარგმნა იაპონურად. მან ასევე თარგმნა გალაკტიონის ლექსებიც.

იაპონურ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ ორი თარგმანი არსებობს, მაგრამ ისინი რუსულიდან არის თარგმნილი. ჰიროტაკე მაედას დიდი სურვილია, ქართულიდან თარგმნოს „ვეფხისტყაოსანი“.

ჰიროტაკე მაედა პროფესიით ირანისტია. იგი იკვლევს კავკასიური წარმოშობის მოღვაწეებს სეფიანთა ირანის შაჰის კარზე. რამდენიმე წლის წინ მან ინგლისურ ენაზე მოზრდილი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართულ ენაზე ცალკე წიგნად ორჯერ – 2008 და 2011 წელს – გამოვიდა სათაურით „ქართველები სეფიანთა ირანში: ღულამთა ოთხი ოჯახის ეთნოსოციალური წარმომავლობა “. მასში საქართველოს ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო ახალი მასალები და დასკვნებია, რომლებიც ჰიროტაკემ რამდენიმე წლიანი კვლევის შედეგად მიიღო.

2015 წლის დეკემბერში "ქარვასლაში" მოეწყო ჰიროტაკე მაედას მიერ 20 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელად "რაც ვნახე საქართველოში”. გამოფენამ ქართველი მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა.
2016 წლის 17–22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში ჩატარდა ქართველოლოგიის მეშვიდე სიმპოზიუმი, სადაც ჰიროტაკე მაედა წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ორბელიანების მოღვაწეობა ირანში“.

ჰიროტაკე მაედა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დიდი მოამაგეა. იგი არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და უკვე წლებია, რაც თავის ქვეყანაში ქართულ კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას უწევს პოპულარიზაციას. მის კაბინეტში უამრავი ქართული წიგნი და ისტორიული ლიტერატურაა, ასევე თამარ მეფის, ვახტანგ მეექვსეს, ერეკლე მეორისა და ფიროსმანის ფოტოებია გამოფენილი. ასევე აქვს სვანური ქუდი, ხევსურული ჩოხა და ბევრი სხვა რამ…
ჰიროტაკე მაედას ქართველებმა სიყვარულით „ყველაზე ქართველი იაპონელი“ უწოდეს.


წყარო:

  1. მარხვაიძე, თეა. "ჰიროკატე მაედა: „მინდა ვეფხისტყაოსანი“ იაპონურად ვთარგმნო“ // „ახალი თაობა“, 2012, 12 მარტი.

Share: