შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ვაცლავ ჩერნი![]()
ბიოგრაფიაჩეხი ქართველოლოგი, მეცნიერი და მთარგმნელი ვაცლავ ჩერნი დაიბადა 1931 წლის 27 მაისს, პრაღაში. იგი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გაეცნო ქართულ ენას და დამწერლობას. გიმნაზიაში მასთან ერთად სწავლობდა ცნობილი ჩეხი ქართველოლოგის იარომირ იედლიჩკას შვილი, რომელსაც მოჰქონდა სხვადასხვა დამწერლობით დაბეჭდილი წიგნები. 14 წლის ვაცლავი ძალიან დააინტერესა ამ წიგნებმა. ამ დროს იარომირ იედლიჩკა პრაღის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ასწავლიდა ქართულსა და სომხურს. იგი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ჩეხურად მთარგმნელი. ვაცლავ ჩერნი ასე იგონებდა იედლიჩკასთან შეხვედრას: „მხცოვანმა მეცნიერმა მოკლედ გამაცნო ქართული ლიტერატურის ისტორია, მელაპარაკა ქართველი ხალხის უძველეს კულტურაზე, დიდხანს შეჩერდა შოთა რუსთაველის გენიალურ “ვეფხისტყაოსანზე”. ვაცლავ ჩერნიმ 15 წლის ასაკში დაიწყო ქართულის შესწავლა. მისი პირველი მასწავლებელი იყო იარომირ იედლიჩკა. „ჩემი პირველი ქართული წიგნი იყო რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელმაც, ეტყობა, ისე მომხიბლა, რომ ლაპარაკი ძველი ქართულით დავიწყე“, – ამბობს მეცნიერი. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩერნი ჩაირიცხა პრაღის უნივერსიტეტში ახლადგახსნილ ქართული ენის განყოფილებაზე. იგი იედლიჩკას ხელმძღვანელობით სხვა კავკასიურ ენებსაც სწავლობდა. 1958 წელს სრულიად ახალგაზრდა ლინგვისტი ვაცლავ ჩერნი პირველად ეწვია საქართველოს თავის მასწავლებელ, დოქტორ იარომირ იედლიჩკასთან ერთად. მას შემდეგ იგი საქართველოს ხშირი სტუმარი იყო, მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში, ეცნობოდა ხალხს, ტრადიციებს... მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ქართველ მწერალთა ელიტასთან, პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან, ჯემალ ქარჩხაძესთან, ოტია იოსელიანთან, არჩილ სულაკაურთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, ნოდარ დუმბაძესთან, გურამ ფანჯიკიძესთან, რეზო ჭეიშვილთან და ა.შ., რომელთა ნაწარმოებები მან ჩეხურ ენაზე თარგმნა, სულ 35–მდე წიგნი! ასევე გადათარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, ვაჟა–ფშაველას „გველისმჭამელი“, ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა კრებული „დანგრეული ბუდეები“, „ქართული ენის საფუძვლები“ (სახელმძღვანელო ჩეხებისთვის). ვაცლავ ჩერნის განსაკუთრებით ხიბლავდა ვაჟა–ფშაველას პოეზია: „ჩემი აზრით, ვაჟა ყველაზე დიდი პოეტია საქართველოსი... შოთა რუსთაველი უფრო ზოგადკაცობრიულია, უფრო მსოფლიო მოვლენაა, ხოლო ვაჟას პოეზიაში სუფთა ქართული სული ჭარბობს. ევროპელ მკითხველს უფრო დიდ ინფორმაციას აძლევს ქართველი ხალხის, მისი ფსიქოლოგიის, მისი ყოფის შესახებ“. სწორედ ვაჟაა პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ვაცლავ ჩერნიმ თარგმნა ჩეხურად. ვაცლავ ჩერნი არის მრავალი მონოგრაფიის, საჟურნალო და საგაზეთო სტატიის ავტორი. 1968 წლიდან ვაცლავ ჩერნიმ თავი დაანება პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერულ მოღვაწეობას და გახდა თავისუფალი ლიტერატორი. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდამდე, მხცოვანი მეცნიერი მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში და როგორც ჩეხეთში მოღვაწე ერთადერთი კავკასიოლოგი , საუბრობდა კავკასიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. “სანამ ცოცხალი ვარ, ვიზრუნებ ქართულ ლიტერატურაზე” -აცხადებდა სიცოცხლის ბოლო წლებში ვაცლავ ჩერნი. ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2015 წლის 23 ივლისს ვაცლავ ჩერნი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვეს. მანამდე საქართველოს მაღალი სახელმწიფო ჯილდო ჩეხეთის პირველ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს გადაეცა. ვაცლავ ჩერნი ფლობდა ქართულ, სომხურ, ჩერქეზულ, ავარიულ, აფხაზურ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, ლათინურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ და აგრეთვე მალტიურ ენებს. ვაცლავ ჩერნის დიდი წვლილი მიუძღვის ჩეხოსლოვაკიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში. ვაცლავ ჩერნი გარდაიცვალა 2017 წელს 21 იანვარს, პრაღაში, 85 წლის ასაკში. წყარო: ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |