The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ბელა ვიკარი

ბელა ვიკარი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1859
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1945  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. დუნავეჩე, უნგრეთი
კატეგორია:მწერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

უნგრელი ფოლკლორისტი, მწერალი, მთარგმნელი, უნგრეთის  აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ბელა ვიკარი დაიბადა 1859 წლის 1 აპრილს, ჰეტეში. იგი ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა ხალხურმა პოეზიამ. ჩაუწერია 7000–ზე მეტი ხალხური ლექსი.

1901 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ხალხური ლექსებისა და სიმღერების ჩანაწერებისათვის იგი დააჯილდოვეს ოქროს მედლითა და სიგელით. როგორც ფოლკლორისტს, მას დიდი პოპულარობა მოუტანა 1906 წელს გამოცემულმა წიგნმა „ხალხური პოეზიის საიდუმლოება“.

1911 წელს ბელა ვიკარი გახდა ფინეთის მეცნიერებათა  აკადემიის საპატიო წევრი. ფინური ეპოსის “კალევალას” თარგმანზე მუშაობისას იგი საგანგებოდ ესტუმრა მიხაი ზიჩის ფინეთში, სოფ. ლახტაში, და სთხოვა, დაესურათებინა წიგნი. მაგრამ მოხდა პირიქით – ზიჩიმ ვიკარს გააცნო თავის მიერ დასურათებული “ვეფხისტყაოსანი”. ვიკარი ძალიან მოხიბლა მდიდრულად გამოცემულმა წიგნმა, რომელიც დაწერილი იყო მისთვის სრულიად უცნობ ენაზე. საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ზიჩიმ გააცნო მას პოემის სიუჟეტი და მისი ლიტერატურული ღირებულება და თან სთხოვა, ეთარგმნა იგი უნგრულ ენაზე, რადგან „ვეფხისტყაოსანი“ ნამდვილად იმსახურებდა ევროპული ლიტერატურის საგანძურში შესვლას.

“კალევალას” თარგმანის დამთავრებისთანავე, მიხაი ზიჩის შთაგონებით, ვიკარი შეუდგა ქართული ენის შესწავლას – მან ახალ ქართულთან ერთად შეისწავლა ძველი ქართული ენაც; შეიძინა “ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე თარგმანი (ა. ლაისტისა, მ. უორდროპისა). ვიკარს ჰქონდა, აგრეთვე, მიხაი ზიჩის ნაჩუქარი ქართველიშვილისეული გამოცემა (1888) და იგი შეუდგა თარგმნას.  მაგრამ მaლე მიხვდა, რომ დამოუკიდებლად „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა შეუძლებელი იყო.

ქართული ენის შესწავლაში ბელა ვიკარს დახმარებას უწევდა  ქართული პოეზიის საუკეთესო მცოდნე გიორგი ცისკარაული (წიკლაური), მოგვიანებით – გრიგოლ წერეთელი, დავით თოლორაია, ირაკლი მუკბანიანი, გიორგი კალანდაძე, ლევარსი მამალაძე, დავით საჯაია, იასონ კულუმბეგოვი და სხვები. მათ დახმარებას მეცნიერი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის გარდა იყენებდა, აგრეთვე, თავისი ენათმეცნიერული მიზნებისთვისაც, კერძოდ, უნგრული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნებისა და ნათესაობის დასადგენად, ხოლო თარგმანზე მუშაობის დროს იგი, ასევე, ითვალისწინებდა ცნობილი ქართველოლოგის ჰუგო შუხარდტის კონსულტაციებსაც.

1912 წელს ბელა ვიკარმა ბუდაპეშტში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი სათაურით: „ქართველი პოეტი შ. რუსთაველი და მისი ნაწარმოები“, ხოლო 1917 წელს დაბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ სრული პოეტური თარგმანი, რომელიც გამოსცა ბუდაპეშტის გამომცემლობამ “ათენოიმმა”. ამ გამოცემაში ჩართულია ზიჩის 26 ილუსტრაცია, ხოლო გარეკანი შესრულებულია ქართველიშვილისეული გამოცემის მიხედვით. თარგმანს წინ უძღვის ვიკარის წინასიტყვაობა, რომელშიც იგი ვრცლად საუბრობს პოემის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე.

ბელა ვიკარის ამ თარგმანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზღვარგარეთ. დაიწერა მრავალი რეცენზია, სადაც საკმაო სისრულით არის წარმოდგენილი ცნობები რუსთაველზე და საქართველოზე.

ბელა ვიკარს გრიგოლ წერეთელთან საუბრისას უთქვამს: „მე ვთარგმნე ბევრი თქვენი პოეტი, მე მომწონს თქვენი ლიტერატურა, რუსთაველი მსოფლიო გენიოსია, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა მის ეპოქაში. მხოლოდ აღმოსავლეთის ერს შეეძლო წარმოეშვა ასეთი იშვიათი, მაღალი კულტურისა და ხელოვნების ადამიანი“.

ქართველმა მკვლევარებმა ჯ. გაგნიძემ და გ. შარაძემ ვიკარის არქივში მიაკვლიეს მასალას, რომელიც მოწმობს, რომ უნგრელი მწერალი დაინტერესებული ყოფილა საერთოდ ქართული ლიტერატურით, განსაკუთრებით ფოლკლორით. ბელა ვიკარმა ქართულიდან უნგრულად თარგმნა, აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“, აკაკი წერეთლის „ღამურა“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ვაჟა–ფშაველასი და რაფიელ ერისთავის ლექსები.

მთარგნელობითი საქმიანობის გარდა, ბელა ვიკარი ენათმეცნიერულ საქმიანობასაც ეწეოდა – იკვლევდა ქართული ენის გრამატიკისა და ლექსიკოგრაფიის საკითხებს. მეცნიერის პირად არქივში აღმოჩნდა მის მიერ შედგენილი ხელნაწერი „ქართულ–მეგრულ–სვანური ლექსიკონი“, რომელიც დათარიღებულია 1916 წლით.

ვიკარის არქივში დაცულია ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშებიც, ჩანაწერები და თარგმანები.

ბელა ვიკარი გარდაიცვალა 1945 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ დუნავეჩეში.

წყარო:

  1. ზამბახიძე, ვლადიმერ. ლიტერატურული წერილები. თბ., 1964.
  2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.
  3. შარაძე გურამ.  მასალები ბელა ვიკარის არქივიდან. თბ., 1981.
  4. შარაძე გურამ. მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა. თბ., 1978.

გააზიარე: