შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
გერტრუდ პეჩი![]()
ბიოგრაფიაგერმანელი ქართველოლოგი, ეთნოლოგი და ფილოლოგი გერტრუდ პეჩი დაიბადა 1910 წლის 22 იანვარს ქალაქ აინბეკში, ჰანოვერის პროვინციაში. მისი ნამდვილი გვარი იყო კეტლერი. მან დაამთავრა ქალაქ მიუნსტერის ქალთა გიმნაზია, სადაც ეუფლებოდა ფრანგულ, ინგლისურ და ლათინურ ენებს. 1929 წლიდან კი მიუნსტერის უნივერსიტეტში ჰ. გრიმესთან სწავლობდა სემიტურ ენებს, ხოლო ფერდინანდ ჰესტერმანთან – ქართულს. გერტრუდ პეჩი ქართული ენით ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაინტერესდა. აღმოსავლეთის ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლისთვის, მას დასჭირდა ქართული ენის ცოდნაც და ამიტომ შეუდგა მის საფუძვლიან შესწავლას. გერტრუდ პეჩმა ისე შეიყვარა და შეითვისა ქართული, რომ 1937 წელს დაიცვა დისერტაცია „პირიანი ზმნა მარკოზის სახარების ძველ ქართულ თარგმანში“. 1951 წელს გერტრუდ პეჩი მიიწვიეს დოცენტად ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც წინა აზიის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიას, ხოლო ინდო–გერმანულ ინსტიტუტში – ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებას. 1951 წელს გეტრუდ პეჩმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ინდონეზიური ზმნა“. 1954–1959 წლებში იგი მუშაობდა გერმანიის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად. 1959 წლიდან იგი პროფესორია. 1960 წლიდან გერტრუდ პეჩი მუშაობდა ქალაქ იენაში ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 1969 წლამდე იყო ფ. ჰესტერმანის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი. 1970 წელს გერტრუდ პეჩი გავიდა პენსიაზე. გერტრუდ პეჩი მეუღლესთან იულიუს პეჩთან ერთად საქართველოს პირველად 1958 წელს ეწვია და მას შემდეგ იგი ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იყო. 1970 წელს ხანგრძლივად დარჩა თბილისში. აქ იგი კითხულობდა ლექციების კურსს ენათმეცნიერებაში. მისი მოღვაწეობა ქართველოლოგიაში მრავალმხრივი იყო – იკვლევდა ისტორიის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების საკითხებს. გერტრუდ პეჩი ავტორია გამოკვლევებისა ძველი ქართული ზმნის სტრუქტურის, ქართული ნასესხებ ფუძეთა და სიტყვის აღნაგობის შესახებ, ქართულიდან გერმანულზე თარგმნა „ქართლის ცხოვრება“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ. გერმანელი მკითხველი „დიდოსტატის მარჯვენის“ თარგმანს დიდი მოწონებით შეხვდა. დაიწერა რეცენზიები. თავად კონსტანტინე გამსახურდიამ გერტრუდ პეჩთან პირად საუბარში ასე შეაფასა მისი ნაშრომი: „არ მეგონა, ქართული თუ ასე კარგად იცოდით“. განსაკუთრებით საინტერესოა გერტრუდ პეჩის მიერ თარგმნილი ორი უძველესი თხზულება - „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და „ნინოს ცხოვრება“. 1975 წელს პარიზში გამომავალ ჟურნალში „ბედი ქართლისა“ („რევიუ დე კართველოლოჟი“) გამოქვეყნდა გერტრუდ პეჩის მიერ გერმანულად ნათარგმნი „მოქცევაჲ ქართლისაჲ". თარგმანი მოიცავს 47 გვერდს, ახლავს მთარგმნელის ორგვერდიანი წინასიტყვაობა. ესაა მაღალ დონეზე შესრულებული მეცნიერული თარგმანი, რომლის ავტორი წინასიტყვაობაში გერმანულენოვან მკითხველს ნათელი წარმოდგენას უქმნის ტექსტსა და მის პრობლემატიკაზე; საუბრობს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შატბერდულ და ჭელიშურ ხელნაწერებზე, ქრონოლოგიაზე, გამოცემებსა და გამომცემლებზე (ე. თაყაიშვილი, ს. ყუბანეიშვილი...). იქვე მოკლედ მიმოხილულია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა (ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე...) და თხზულებასთან დაკავშირებული სხვა ისტორიულ-ლიტერატურული პრობლემები. გერტრუდ პეჩი საგანგებოდ მსჯელობს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, წმ. ნინოს მისიონერული მოღვაწეობის მნიშვნელობასა და ნინოს კულტის აღმოცენებაზე. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტზე ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში პეჩმა სპეციალური სტატიაც დაბეჭდა თსუ შრომათა კრებულში - „ზოგიერთი ნომინალური ფუნქციის განსაზღვრებისათვის „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტში“ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თარგმნის შემდეგ გერტრუდ პეჩი კიდევ დიდხანს მუშაობდა ქართულ საისტორიო წყაროებზე. 1985 წელს ლაიფციგში გამოვიდა გერტრუდ პეჩის მშვენივრად გაფორმებული ხუთასგვერდიანი წიგნი „Das Leben Kartlis“ („ქართლის ცხოვრება“) გერმანულ ენაზე. წიგნს დართული აქვს პეჩის საკმაოდ ვრცელი წინასიტყვაობა, რომლითაც იგი წარადგენს საქართველოს უცხოელი მკითხველის წინაშე. ლეონტი მროველის „ნინოს ცხოვრება“ გერმანულ თარგმანში, ორიგინალის მსგავსად, ცალკე თავადაა გამოყოფილი: „Die Bekehrung König Mirians und ganc Kartlis durch unsere heilige und selige Mutter, die Apostelin Nino“ („მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ“) „ნინოს ცხოვრება“, ისევე, როგორც მთლიანად „ქართლის ცხოვრება“, სრულად არის თარგმნილი გერმანულ ენაზე. გერმანული ტექსტი თითქმის სიტყვასიტყვით მიჰყვება ორიგინალს. „ქართლის ცხოვრების“ პეჩისეულ თარგმანზე ვრცელი რეცენზია გამოაქვეყნა ლ. ბრეგაძემ, რომელმაც თარგმანი სპეციალურად შეუდარა ორიგინალს და ზოგიერთი უზუსტობაც გამოავლინა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი წერს: „უცხოელი მთარგმნელის მიერ „ქართლის ცხოვრების“ მთელი პირველი ტომის თარგმნა და გამოცემა, უდავოდ, დიდი გაბედულებაა და ამგვარი საქმის წამოწყებისაკენ მხოლოდ საგნის დიდი სიყვარული თუ უბიძგებს ადამიანს. ეს დასაფასებელია. ამიტომ, რამდენი შენიშვნაც უნდა გვქონდეს ამ ნაშრომის მიმართ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გაკეთდა დიდი საქმე, რომლის თანდათან სრულყოფა ამიერიდან განსაკუთრებულ სიძნელეს აღარ წარმოადგენს“. საქართველოს ისტორიის კარგი ცოდნა გამოვლინდა გერტრუდ პეჩის სხვა ნაშრომებშიც: „შოთა რუსთველი და მისი დრო“, „ღვთის ხატი და ადამიანის სახე რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“, "იდეოლოგიური განვითარება საქართველოს ადრინდელ ფეოდალიზმში", "ოქტომბრის რევოლუცია და ეროვნული საკითხი საქართველოში" და სხვ. ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს ეძღვნება პეჩის ნაშრომები: „ფინიტური ზმნა მარკოზის სახარების ძველ ქართულ თარგმანში“ (1938), „ქართული აორისტის კონსტრუქცია“ (1952წ.), „ქართული აწმყო დრო – ინდოევროპული გავლენა თუ საკუთარი კანონზომიერი განვითარება?“ (1967წ.), „ქართული სიტყვის სტრუქტურის ანალიზისათვის“ (1968წ.), „ინტერნაციონალიზმები ქართულ ენაში“ (1964. მიუძღვნა სერგი ჟღენტის ხსოვნას) და სხვ. გერტრუდ პეჩი ასევე დაინტერესდა ქართული ენის ფონეტიკისა და ფონოლოგიის საკითხებით. ამ მხრივ მისი საგულისხმო ნაშრომებია: „ქართული მჟღერი ბგერების ზოგიერთი თავისებურება“ (1975, გ. მაინჰოლდთან ერთად) და „ფონემის ცნება ქართველოლოგიაში“ (1977). გერტრუდ პეჩი აქტიურად თანამშრომლობდა საზღვარგარეთის ჟურნალ–გაზეთებში. აღსანიშნავია, რომ იგი სისტემატურად აქვეყნებდა საყურადღებო რეცენზიებს და ესსეებს ჟურნალ „ბედი ქართლისა“–ში. საყურადღებოა, აგრეთვე, გერტრუდ პეჩის ნაშრომები რუსთველოლოგიაში: „ჰუმანიზმის გმირული სიმღერა“, „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელი“, „ძველი სიმღერა – ახალი ცხოვრება“, „შოთა რუსთაველი – ქართველი ერის პოეტი“, „ღმერთის ხატი და ადამიანის სახე რუსთაველიდან“ და „ვეფხისტყაოსანი, როგორც დროის ამსახველი დოკუმენტი“. ამ ნაშრომებში მეცნიერმა სხვადასხვა მხრივ გააშუქა რუსთაველის პოემასთან დაკავშირებული რთული სამეცნიერო პრობლემატიკა. გერტრუდ პეჩმა დააარსა ქართველოლოგიის ცენტრი იენის უნივერსიტეტში და აღზარდა მრავალი ქართველოლოგი. მან ჩაუყარა საფუძველი იენისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას. იენაში იგი ხშირად მასპინძლობდა საქართველოდან ჩასული სტუმრებს. მისი სახლის კიბის ერთ საფეხურზე ამოტვიფრული იყო ქართული ასოები. გერტრუდ პეჩი გარდაიცვალა 1994 წლის 14 დეკემბერს, ქალაქ იენაში. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |