The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


რობერტ სტივენსონი

რობერტ სტივენსონი
ოფიციალური სახელი:რობერტ ჰორნ სტივენსონი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1920
გარდაცვ. თარიღი:1998  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ინგლისელი ისტორიკოსი, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორი, ევროპაში აღიარებული ქართველოლოგი რობერტ ჰორნ სტივენსონი დაიბადა 1920 წლის 25 აგვისტოს ქალაქ გლაზგოში, მომრიგებელი მოსამართლის ოჯახში. ჭაბუკობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მოიარა ბევრი უცხო ქვეყანა, გაეცნო მათ ყოფა–ცხოვრებას და ზნე–ჩვეულებებს, შეისწავლა ენები, მსოფლიო ლიტერატურა და ისტორია. დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1945 წელს კი –  კემბრიჯის უნივერსიტეტი, 1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკარის თანმადებობაზე, კითხულობდა ლექციებს კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მოგვიანებით დასახლდა მშობლიურ გლაზგოში და იქ განაგრძო მეცნიერული კვლევა–ძიება.

რობერტ სტივენსონის ქართული ენით დაინტერესებაში დიდი როლი შეასრულეს ოლივერ უორდროპმა და რენე გრუსემ. ოლივერ უორდროპმა მას თავისი დის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. 1948 წლის გაზაფხულზე რობერტ სტივენსონმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა ლონდონის უნივერსიტეტში ა. გუგუშვილის ხელმძღვანელობით. მას ამ საქმეში ასევე დიდ დახმარებას უწევდნენ ევროპაში მცხოვრები ქართველები. ამან განაპირობა მომავალი მეცნიერის წარმატება ქართული ენის საფუძვლიანად დაუფლებაში.

1954 წელს ინგლისში ჩატარებულ ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესზე სტივენსონი  პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველოლოგიური ნაშრომით „კურტუაზიული სიყვარულის ქართული ვარიანტი“.

რობერტ სტივენსონი დაინტერესებული იყო ძველი და შუა საუკუნეების ქართული მწერლობით და შეუდგა მათ მეცნიერულ შესწავლას. ამ პროცესში მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან. ალ. ბარამიძე. ს. თურნავა, ი. გვარჯალაძე, დ. კობიძე, ალ. გვახარია, ვ. ურუშაძე და სხვები, მას ეხმარებოდნენ კონსულტაციებით და უგზავნიდნენ თავიანთ ნაშრომებს. თავის მხრივ, სტივენსონი ყოველთვის დიდ მადლიერებას გამოხატავდა მათ მიმართ.

რობერტ სტივენსონმა ძველი ქართული მწერლობის საკითხების კვლევა დაიწყო მოსე ხონელის „ამირან–დარეჯანიანის“ შესწავლით, რომლის ინგლისური თარგმანი 1958 წელს  ცალკე წიგნად გამოსცა.  თარგმანს დართული აქვს შესავალი წერილი და შენიშვნები, რომელშიც დასმულია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული სარაინდო რომანის და, კერძოდ, „ამირანდარეჯანიანის“ წარმოშობის დროის, ავტორობისა და ადგილის შესახებ. მეცნიერი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ამირან–დარეჯანიანი“ ქართული წარმოშობისაა.

რობერტ სტივენსონი განსაკუთრებით დაინტერესდა რუსთაველით და მისი ეპოქით. მან „ვეფხისტყაოსანზე“ ზედიზედ გამოაქვეყნა გამოკვლევები, რომლებშიც სცადა აეხსნა რუსთაველის ეთიკურ–ესთეტიკური იდეალები. ეს ნაშრომებია: „რუსთაველი და არიოსტო“ (1959), „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ (1960), „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანის შესახებ“ (1960), „ქართული ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ანუ კაცი ვეფხის ტყავში“ (1982), „ქართული ეპიკური სარაინდო პოემები“ (1982) და სხვ. მათში მკვლევარი მსჯელობს პოემის მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოთქვამს საგულისხმო მოსაზრებებს. სტივენსონი „ვეფხისტყაოსანს“ სტრუქტურის თვალსაზრისით ადარებს იმ დრიოს ევროპულ სარაინდო რომანებს  და ასკვნის: „საეჭვოა, რომ რომელიმე შუასაუკუნეობრივი რომანი, აღმოსავლური თუ დასავლური, გამოირჩეოდეს ისეთი მთლიანობით, საერთო ქარგის ისეთი სირთულით, როგორც ეს არის „ვეფხისტყაოსანში“.

რობერტ სტივენსონის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ რიტმული პროზით დაიბეჭდა ნიუ–იორკში 1977 წელს იუნესკოს დაკვეთით. თარგმანს თან ახლავს მთარგმნელის შესავალი წერილი და შენიშვნები. აგრეთვე, ალ. ბარამიძის სტატია „ვეფხისტყაოსნის“ ქართული პერსპექტივა“. „ვეფხისტყაოსნის“ სტივენსონისეულმა თარგმანმა სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ინგლისელი მეცნიერი ასევე დაინტერესდა საზღაპრო ეპოსით – "ფირმალიანი". "ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის არის, რომ "ფირმალიანი" ორიგინალური ქართული ნაწარმოებია და არა – სპარსული ორიგინალის თარგმანი. მისი სული ქართულზე მიმანიშნებს", – წერს სტივენსონი  

რობერტ სტივენსონმა ქართველოლოგიურ ჟურნალში "რევიუ დე კარტველოლოჟის" 1962 წლის ნომერში დაბეჭდა სტატია "დიდმოურავიანი" – XVII საუკუნის ეპიკური პოემა", ხოლო 1964 წელს კი – "ომანიანი" – XVII საუკუნის ქართული რომანი". საინტერესოა მისი მოსაზრება "დიდმოურავიანის" შესახებ. იგი იზიარებდა, რა ალ. ბარამიძისა და კ. კეკელიძის შეხედულებებს, ღრმა ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ გიორგი სააკაძე იყო უანგარო პატრიოტი, რომელიც იბრძოდა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების დასამყარებლად. 

რობერტ სტივენსონი სისტემატურად ეხმიანებოდა ქართველი კოლეგების სამეცნიერო გამოკვლევებს. უცხოურ პრესაში, უმეტესად, "რევიუ დე კართველოლოჟის" ფურცლებზე, იგი აქვეყნებდა საინტერესო რეცენზიებსა და სტატიებს კ. კეკელიძის, ალ. ბარამიძის, შ. ძიძიგურის, გ. ჯიბლაძის, ლ. გვახარიას, ი. გვარჯალაძისა და სხვათა ნაშრომებზე. 

რობერტ სტივენსონმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების კვლევის საქმეში. მან ინგლისურენოვან სამყაროს გააცნო ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები. მის თარგმანებსა და გამოკვლევებზე აღიზარდა უცხოეთში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, რაც ასევე მის მისი ღვაწლის დიდი დაფასება და აღიარებაა.

რობერტ სტივენსონი გარდაიცვალა 1998 წელს.

წყარო:

1. ანდრონიკაშვილი, ნ. რობერტ სტივენსონის ქართველოლოგიური ძიებანი, თბ., 1988

2. თურნავა, ს. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ.,1999

3. ფეიქრიშვილი, ჟ. ვაშაკიძე, ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორისათვის. თბ., 2012

4. http://worldcat.org/identities/lccn-no93006495/


გააზიარე: