The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ჟორჟ დიუმეზილი

ჟორჟ დიუმეზილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1898
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 1986  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:ენათმეცნიერი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

 

 

ფრანგი ენათმეცნიერი, ისტორიკოსი და ანთროპოლოგი ჟორჟ დიუმეზილი (ფრანგ. Georges Dumézil) დაიბადა 1898 წლის 4 მარტს, პარიზში

მამამისის გავლენით ჯერ კიდევ პატარა ჟორჟი დაინტერესდა კლასიკური ენებით. შეისწავლა ლათინური, ძველი ბერძნული და გერმანული. მამამისის შეხედულებისამებრ იგი სწავლობდა სხვადასხვა  სასწავლებელში. ბოლოს, 1916 წელს  დაამთავრა  პარიზის ე. წ. ნორმალური სკოლა. 1919 წელს მიენიჭა ადიუტანტ–პროფესორის წოდება, 1924 წელს კი – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1921 წელს  იგი ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, საიდანაც პარიზში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და შეუდგა რელიგიების ისტორიასა და შედარებით მითოლოგიებზე მუშაობას.

1925 წლიდან ჟორჟ დიუმეზილი იყო სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ღვთისმეტყველებაში. 1931–1933 წლებში მოღვაწეობდა შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, ხოლო 1935 წლიდან 1968 წლამდე მუშაობდა პარიზის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ჯორჯ დიუმეზილი ფართო პროფილის ჰუმანიტარია. იგი საკვლევაძიებო საქმიანობას აწარმოებდა ძირითადად ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, იკვლევდა ინდოევროპელთა ცივილიზაციას და, მეორე მხრივ, სწავლობდა ანატოლიაში გადასახლებული კავკასიელების ენებსა და ტრადიციებს. დიუმეზილის მიერ წამოყენებულ იქნა „სამფუნქციური თეორია“, რომლის მიხედვით, ინდოევროპელ ხალხთა მითებსა და ფოლკლორში ხდება ამ ხალხებისათვის დამახასიათებელი სამი სოციალური ფუნქციის – რელიგიურ–მაგიურის, სამხედროსა და სამეურნეოს ასახვა–მანიფესტაცია.  ამ მხრივ, აღსანიშნავია, მეცნიერის მიერ დაარსებული  საყოველთაოდ ცნობილი სერია „მითები და რელიგიები“. მისი ნაშრომები დღემდე რჩება  სადავო საგნად.

ჟორჟ დიუმეზილი ევროპელი ხალხების ფოლკლორის გარდა დაინტერესდა სხვა ხალხების ფოლკლორითაც. მან შეისწავლა ოსური ხალხური შემოქმედება და მასვე ეკუთვნის ოსური ეპოსის ფრანგულ ენაზე თარგმანი.

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის 60–იან წლებში მოხდა ჩრდილო–კავკასიელ ტომთა მასიური გადასახლება თურქეთში. ანატოლიაში წარმოიქმნა ე. წ. „მცირე კავკასია“, რომელიც მოიცავდა კავკასიის თითქმის ყველა რეგიონს. ამან ბევრ მეცნიერს საშუალება მისცა დაჰკვირვებოდა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ კავკასიელ ხალხთა ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ენებს...

XX საუკუნის 20–იანი წლებიდან, სტამბოლის უნივერსიტეტში მუშაობის დროს,  ჯორჯ დიუმეზილი დაინტერესდა კავკასიით და კავკასიური ენებით. 1930 წელს იგი პირველად ესტუმრა უბიხებს, უხუცესებისაგან იწერდა მასალებს, სწავლობდა უბიხური ენას.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დიუმეზილი საფრანგეთიდან ყოველ წელს მიემგზავრებოდა თურქეთში, სადაც უბიხებით, ჩერქეზებით და ლაზებით დასახლებულ რაიონებში აგროვებდა სათანადო მასალებს და მათზე დაყრდნობით აქვეყნებდა საინტერესო გამოკვლევებს. ამ საკითხებზე 1949 წლიდან კითხულობდა ლექციებს პარიზის კოლეჯში.

ფრანგი მეცნიერი იკვლევდა სხვა კავკასიურ ენებსაც. სვანურზე დაკვირვების მიზნით 1928 წელს იმოგზაურა საქართველოში, იყო სვანეთში, მსჯელობდა ბასკურ–კავკასიური ურთიერთობის საკითხებზეც. მისი აზრით, ბასკური მონაცემები ყველა მნიშვნელოვან საკითხში ეთანხმებოდა მთის კავკასიურ ენებს. შესაბამის ნაშრომებს აქვეყნებდა როგორც ცალკე წიგნებად, ისე სპეციალურ ორგანოებში, როგორიცაა: „აზიური ჟურნალი“, „პარიზის ლინგვისტური საზოგადოების ბიულეტენი“, „ანთროპოსი“, „რევიუ დე კარტველოლოჟი“ და სხვ. იგი სისტემატურად გამოსცემდა აფხაზურ, ადიღეურ, უბიხურ და ზანურ ტექსტებს; აქვს გამოკვლევა კავკასიელ ალბანელთა შესახებ.  1960 წელს დიუმეზილმა დააარსა სერია „კავკასიის ტრადიციათა და ენათა ანატოლიური დოკუმენტები“, რომლის რამდენიმე ტომში არაჩვეულებრივი მეცნიერული სიზუსტით არის წარმოდგენილი ზანურის, უბიხურის, აფხაზურის, ჩერქეზულის და სხვათა ფოლკლორული ტექსტები კომენტარებით, გრამატიკული მიმოხილვით, პწკარედი ლიტერატურული თარგმანებით.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ჟორჟ დიუმეზილს კავკასიური ენების მეცნიერული შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. 1984 წელს, როდესაც კ. სალიას ავადმყოფობის გამო, შეწყდა ჟურნალ „რევიუ დე კარტველოლოჟის“ გამოცემა, ჟორჟ დიუმეზილმა და მისმა მოწაფემ გიორგი შარაშიძემ მალევე დააარსეს ახალი ქართველოლოგიური ჟურნალი „Revue des Etudes Georgienns et Caucasiennes”, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1985 წელს (გამოცემის დირექტორი – ჟ. დიუმეზილი, რედაქტორი – გ. შარაშიძე). მართალია, დიუმეზილი ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე ღირსეულად განაგრძეს გიორგი შარაშიძემ და დომინიკ გოტიე–ელიგულაშვილმა. ჟურნალში იბეჭდებოდა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოკვლევები, სტატიები, რეცენზიები, ბიოგრაფიები და თარგმანები.

ჟორჟ დიუმეზილის მრავალწლიან მოღვაწეობას კავკასიოლოგიაში ჰქონდა არამარტო მეცნიერული მნიშვნელობა, არამედ საზოგადოებრივიც – უცხოეთის სამეცნიერო წრეებში გაძლიერდა ინტერესი კავკასიის ხალხთა კულტურისა და ენების მიმართ.

ჟორჟ დიუმეზილი გარდაიცვალა 1986 წლის 11 ოქტომბერს, პარიზში. 

წყარო: 

1. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012


გააზიარე: