The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


მიშელ ვან ესბროკი

მიშელ ვან ესბროკი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:21 ნოემბერი, 2003  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლუვენ–ლა–ნევი, ბელგია
კატეგორია:თეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ბელგიელი ისტორიკოსი, თეოლოგი, ორიენტალისტი და ქართველოლოგი მიშელ ვან ესბროკი დაიბადა 1934 წლის 17 ივნისს, ქალაქ მეხელენში (მალინი). სწავლობდა ბრიუსელში წმ. მიხეილის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. შემდეგ სწავლა განაგრძო ბრიუსელის წმ. ლუის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო.

1953 წელს 19 წლის მიშელი შეუერთდა იეზუიტთა საზოგადოებას, გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია ამ არჩევანისთვის. მან სამი წელი დაჰყო წმ. ალბერტ დე ლუვენის პაპის (ეპისკოპალურ) ინსტიტუტში, რათა მიეღო ხარისხი ფილოსოფიაში. 1959 წელს დაწერა ნაშრომი და აიღო კლასიკური ფილოსოფიის სახელმწიფო ლიცენზია. 1960 წლიდან მიშელ ესბროკი ბერძნულ–ლათინური ენების პროფესორია. გაიარა ერთწლიანი სამხედრო სამსახური.

1962 წლიდან მიშელ ვან ესბროკი მუშაობდა ბრიუსელში აგიოგრაფიული კვლევების ცენტრში „Museum Bollanundiam”. აქ მუშაობის დროს მას მიეცა საშუალება შეესწავლა წმინდანთა ცხოვრება. შეისწავლა აღმოსავლური ენები, ფილოსოფია, კლასიკური და აღმოსავლური ლიტერატურა. მიშელ ვან ესბროკი გამოირჩეოდა მეცნიერული კვლევის დიდი უნარით, საკვლევი ობიექტისადმი მიზანსწრაფვით, რაშიც მას ხელი შეუწყო უცხო ენებისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ლიტერატურის ღრმა ცოდნამ. იგი მალე დარწმუნდა, რომ ქართული ტრადიციების ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო ქრისტიანული აღმოსავლეთის ლიტერატურის კვლევა. მან დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა.

ამ დროს ბელგიაში მოღვაწეობდა სახელგანთქმული ქართველოლოგი ჟერარ გარიტი. მიშელი მის ლექციებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი ძველი ქართული და ძველი სომხური ენების შესასწავლად.

1970 წელს ესბროკმა მიიღო დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში და აკურთხეს მღვდლად. თავდაპირველად იგი ეწეოდა აქტიურ სასულიერო საქმიანობას, მაგრამ მალე მიატოვა და მთელი თავისი ცხოვრება წმინდანათა ცხოვრების შესწავლას მოანდომა. “ძველი ხელნაწერების შესწავლამ ისე გამიტაცა, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად მას მივუძღვენი“ - მოგვიანებით წერდა მეცნიერი.

ქართული ლიტერატურის ძეგლებიდან მიშელ ვან ესბროკის კვლევის საგანი ძირითადად იყო „ათონის მრავალთავი“. ამ მიზნით 1972 წელს, ჟერარ გარიტის რეკომენდაციით, იგი პირველად ჩამოვიდა თბილისში. მან თბილისში 15 დღე დაჰყო და ამ დროის მანძილზე მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. ამ დროიდან იწყება მისი მეგობრობა საქართველოსთან, ქართველ კოლეგებთან... სხვადასხვა დროს მას მასპინძლობას უწევდნენ ელენე მეტრეველი, თამილა მგალობლიშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ლევან მენაბდე, ზურაბ სარჯველძე, და სხვ. 

1972 წლიდან მოყოლებული მიშელ ვან ესბროკი 12-ჯერ ეწვია საქართველოს. თავისი საინტერესო მოხსენებებით იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ სამეცნიერო-საიუბილეო ღონისძიებებში.

ჟერარ გარიტის ხელმძღვანელობით 1975 წელს მიშელ ვან ესბროკმა დაიცვა დისერტაცია „უძველესი ქართული მრავალთავები“. მასში გაანალიზებულია IX-X საუკუნეების ექვსი უმნიშვნელოვანესი ძეგლი (სინას, უდაბნოს, ათონის, კლარჯეთის, სვანეთის, პარხლის მრავალთავები). ნაშრომში ავტორი განიხილავს ქართული მრავალთავის სტრუქტურას, მისი განვითარების ისტორიას, განსაზღვრავს მის მნიშვნელობას, როგორც ძველი ქართული მწერლობის, ისე ბიზანტიისა და ქრისტიანული აღმოსავლთის ლინგვისტიკისა და ჰომილეტიკის ისტორიის შესასწავლად. ნაშრომი 1975 წელს ლუვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტმა გამოსცა ცალკე წიგნად. ეს იყო პირველი მონოგრაფიული ნაშრომი ქართულ მრავალთავებზე, რომელზეც ავტორი მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა. მას ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს.

1982 წელს მიშელ ვან ესბროკი მიიწვიეს რომში პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში ძველი ქართული და ძველი სომხური ენების მასწავლებლად.

1985 წელს ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში, 1987 წელს კი აირჩიეს მიუნხენის უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლური ფილოლოგიის კათედრის გამგედ. იგი ამ თანმადებობაზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე, 1999 წლის 31 ივლისამდე.

მიშელ ვან ესბროკმა ევროპის წიგნსაცავებში აღმოაჩინა ექვთიმე ათონელის მიერ შესრულებული თარგმანების დედნები. თარგმანებისა და დედნების შეჯერების საფუძველზე მან დაწერა მეტად საინტერესო გამოკვლევა „ექვთიმე ათონელის თარგმანის მეთოდი“, რომელიც მან 1986 წელს წაიკითხა თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1988 წელს ესბროკმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეზე წარმოადგინა მოხსენება "პეტრე იბერი და დიონისეს კორპუსი: ახალი მონაცემები".

პენსიაში გასვლის შემდეგ ესბროკი ეწეოდა წმინდა მეცნიერულ კვლევა-ძიებას. მას მეცნიერული და პირადი ახლო ურთიერთობები ჰქონდა უცხოელ ქართველოლოგებთან, მონაწილეობდა ქართველოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართველოლოგიურ ჟურნალებში, აქვეყნებდა სტატიებს, საინტერესო გამოკვლევებს, რეცენზიებს, მიმოიხილავდა ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს.

ქართველმა ინტელიგენციამ, სამეცნიერო საზოგადოებამ დააფასა მოამაგე უცხოელი ქართველოლოგის ღვაწლი. იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ხოლო 1988 წელს მას მიენიჭა ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს სახელობის პრემია.

სიცოცხლის ბოლო წლებში მიშელ ვან ესბროკი დაინტერესდა ქართველი წმინდანების ცხოვრებით. ამ მიზნით იგი 1999 წლიდან ყოველ წელს სტუმრობდა ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც მან მეტად საინტერესო მასალები აღმოაჩინა. 

2002 წლის 30 მაისს ესბროკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: "რას წარმოადგენდა თავდაპირველად ძველ ქართული ლიტურგიკულ წყაროებში მოხსენიებული ვარდობის დღესასწაული"

2003 წლის აგვისტო–სექტემბერში მიშელ ვან ესბროკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღმოჩნდა უკანასკნელი – იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 2003 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ლუვენ–ლა–ნევში.

მიშელ ვან ესბროკს გამორჩეულად უყვარდა საქართველო: "ქვეყანა, რომელსაც ასეთი უკვდავი და ლამაზი ენა აქვს, ადრიდანვე მხიბლავდა. აქ ჩამოსვლამდე უამრავ ქართულ ხელნაწერსა და უძველეს ქართველ მწერალთა თხზულებებს ვიცნობდი. აღტაცებული ვიყავი მათი მხატვრული და მეცნიერული ღირებულებებით. ინტუიციამ არ მიღალატა. მე აღმოვჩნდი ძველი ტრადიციების მქონე ულამაზეს კუთხეში. ქართველები ნიჭიერი, სტუმართმოყვარე და რაღაც თავისებური ხიბლის მქონე ხალხია, თითქმის ყველა მეორე პოეტი და მომღერალია... საქართველო, განსაკუთრებით თბილისი, ჩემი მეორე სამშობლოა" – წერდა იგი.

წყარო:

1. თურნავა, სერგო. XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ., 1999.

2. მეტრეველი, ელენე. ახალი ნაშრომი ქართულ მრავალთავზე // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1976, №4, გვ. 67–88.

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა, ვაშაკიძე, ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.


გააზიარე: