Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
იოსტ გიპერტი![]()
Biographyგერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იოსტ გიპერტი დაიბადა 1956 წლის 12 მარტს გერმანიის ქალაქ ვინც-ნიდერვენიგერნში. 1972-1974 წლებში იოსტ გიპერტი სწავლობდა მარბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1974-1977 წლებში - ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც იგი ეუფლებოდა შედარებით ენათმეცნიერებას, იაპონოლოგიას, სინოლოგიას, ინდოლოგიას, აგრეთვე, სლავისტიკას, გერმანისტიკასა და კლასიკურ ფილოლოგიას. 1977 წელს იოსტ გიპერტმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ინფინიტიური კონსტრუქციების სინტაქსისათვის ინდოგერმანულ ენებში“. 1977 წლიდან იგი მუშაობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში; 1982-1983 წლებში ვენის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულის, თოხარულისა და ინდოგერმანული სინტაქსის შესახებ; 1983 წელს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანულ კომისიაში მუშაობდა, პარალელურად კითხულობდა ლექციებს ზალცბურგის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტებში. 1984 წელს კვლავ დაუბრუნდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს და 1990 წლამდე მუშაობდა ასისტენტ-პროფესორად. 1990 წლიდან იგი ბამბერგის უნივერსიტეტში მოღვაწეობს ირანისტიკის ფაკულტეტზე, 1991 წელს დაიცვა მეორე დისერტაცია სომხური და ირანული ნასესხობების შესახებ ქართულში (IranicaArmeno-Iberica). 1994 წლიდან სათავეში ჩაუდგა მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტს, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტის სენატორი. იოსტ გიპერტი 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. იოსტ გიპერტი დაინტერესებულია ქართველური და კავკასიური ენებით. იგი შესანიშნავად ფლობს ძველსა და ახალ ქართულს, სვანურს, მეგრულსა და ლაზურს. მისი პირველი მონოგრაფია ქართველოლოგიის სფეროში არის „სამი სვანური ფონოგრამა“ (1986) და ორტომეული „Iranica Armeno-Iberica - ირანულიდან ნასესხები სიტყვები სომხურსა და ქართულში" (ვენა, 1993). XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იოსტ გიპერტმა ინტენსიურად დაიწყო მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების დიგიტალიზაციის საკითხებზე და მჭიდროდ თანამშრომლობდა ვახტანგ იმნაიშვილთან და ზურაბ სარჯველაძესთან. ქართული შრიფტების სტანდარტიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მანანა თანდაშვილთან და შეძლო სტანდარტების საერთაშორისო კონსორციუმის უნიკოდის (UNIKODE) წარმომადგენლების დარწმუნება ქართული შრიფტების, განსაკუთრებით ნუსხა-ხუცურის სტანდარტიზაციის აუცილებლობაში. უკანასკნელ წლებში იოსტ გიპერტი დაინტერესდა კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტებით და პირველმა გამოიყენა პალიმფსესტების გაშიფვრისათვის უახლესი ტექნოლოგიური საშუალება - მულტისპექტრალური აპარატი MuSiS (Multispectral Imaging System) 2007 წელს ზურაბ სარჯველაძესა და ლამარა ქაჯაიასთან თანამშრომლობით გამოსცა „ვენის N2 ძველი ქართული პალიმფსესტური ხელნაწერი“, ხოლო ზაზა ალექსიძესთან, ვოლფგანგ შულცესა და ჟან-პიერ მაესთან თანაავტორობით 2010 წელს გამოსცა „კავკასიელ ალბანელთა პალიმფსესტები სინას მთიდან“. იოსტ გიპერტი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ პრესტიჟულ გამომცემლობებთან. მან ჟურნალებსა და კრებულებში სხვადასხვა ევროპულ ენაზე გამოაქვეყნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი სტატიები: „ქართულის ისტორიული ონომასტიკის შესახებ“ (1984); „ქართული წყაროები ბულგარეთის ისტორიის შესახებ“ (1985); „ძველი სომხური და კავკასიური კალენდრის სისტემები“ (1986); „თვეების სახელწოდებები ძველ ქართულში“ (1988); „სვანური ხალხური სიმღერების სტრუქტურული ასპექტები“ (1992); „საშუალი ირანულიდან ნასესხები სიტყვები ძველ ქართულში“ (1992) „ლათინური ლექსიკა კავკასიაში“ (1993); „სპარსული ეპოსი ვისისა და რამინის შესახებ და ქართული „ვისრამიანი“ (1994), „გლოტალური თეორია და ადრინდელი ინდოევროპულ-კავკასიური ენობრივი კონტაქტების საკითხისათვის“ (1995); „შედარებითი ხარისხის ისტორიისათვის ქართულში“ (1999-2000); „ქართული ლექსიკოგრაფიის ახალი გზები“ (2003); „წმინდა ნინოს ლეგენდა: განსხვავებულ წყაროთა კვალი“ (2006); „სიახლენი ხანმეტობიდან“ (2009); „ახლად ნაპოვნი ხელნაწერები წმინდა ეკატერინეს მონასტერში” (2010-2013) და სხვ. იოსტ გიპერტის ინიციატივით 2002 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიოლოგიის კათედრა, რომელიც ევროპაში კავკასიოლოგიის კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. კავკასიური ენების სწავლება ფრანკფურტის უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების უახლეს მეთოდებს ემყარება. დაარსებიდან დღემდე კათედრას პროფ. მანანა თანდაშვილი ხელმძღვანელობს. იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან. 2013 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული იყო სალექციო კურსის წასაკითხად “კავკასიის ალბანების ენა და დამწერლობა”. ასევე თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მისი ინიციატივით 2011 წელს ხელი მოეწერა ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში 2012 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტში ფრანკფურტის ლინგვისტური წრის ხემლძღვანელობით ყოველწლიურად ტარდება „ბათუმის საზაფხულო სკოლა“ კორპუსის ლინგვისტიკასა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემების შესახებ. იოსტ გიპერტი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრთან. 2018 წლის 12 მარტს უნივერსიტეტში აღინიშნა იოსტ გიპერტის დაბადებიდან 62-ე წლის იუბილე. იოსტ გიპერტის უდიდესი დამსახურებაა ქართული ენის ელექტრონული კორპუსის შექმნა. 2011 წელს მანანა თანდაშვილთან თანაავტორობით შეიმუშავა ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნის კონცეფცია, რომელსაც სამეცნიერო პროექტის სახე მიეცა და 2012 წელს ფოლკსვაგენის ფონდის მიერ საპილოტო პროექტის სტატუსით დაფინანსდა. ამჟამად პროფ. იოსტ გიპერტი ხელმძღვანელობს „ქართული ენის ეროვნული კორპუსის“ პროტოტიპული ვერსიის შექმნას. იოსტ გიპერტი არის მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრი, მათ შორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1996), მინიჭებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1997), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (2009) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2013) საპატიო დოქტორის წოდება.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |