The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ოლივერ რაისნერი

ოლივერ რაისნერი
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი

ბიოგრაფია

გერმანელი ქართველოლოგი ოლივერ რაისნერი დაიბადა 1964 წლის 26 ივლისს ქვემო საქსონიაში, ქალაქ ჰანოვერში და პირველ დაწყებითი განათლება მიიღო იქვე გრიმზელვეგის ქუჩის სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო გროსბურგვედელის გიმნაზიაში. რაისნერმა   დაამთავრა გიოტინგენის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპისა და სლავისტიკის  განხრით. 2000 წელს ოლივერ რაისნერმა მიიღო გოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

ოლივერ რაისნერი თბილისში პირველად 1988 წელს ჩამოვიდა სამთვიანი ვიზიტით. ამის შემდეგ მან ინტენსიურად დაიწყო ქართული ენის, ისტორიის და კულტურის შესწავლა.

ოლივერ რაისნერი 2000-2003 წლებში მუშაობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში „შუა აზია-კავკასიის“ სამაგისტრო ფაკულტეტის კოორდინატორად. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კავკასიოლოგისთვის გერმანიაში კარიერის შექმნის პერსპექტივა არცთუ ისე რეალური იყო. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ, იენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტი იყო.

2003-2005 წლებში საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision Georgia-ში ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდიტორად მუშაობისას რაისნერმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განახორციელა სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტი. „ეს ჩემთვის საქართველოს არამხოლოდ აკადემიურ დონეზე, არამედ შიგნიდან, თითოეული კუთხისა და რეგიონის დეტალურად გაცნობის უნიკალური შანსი იყო.“ - ამბობს ოლივერი.

2005-2015 წლებში იგი მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტის მენეჯერად დემოკრატიზაციის, უმცირესობების, განათლების, ახალგაზრდობის, შრომისა და სოციალურ საკითხებზე.

ოლივერ რაისნერის სამეცნიერო მუშაობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შემდეგი თემები:

  1. ერის ფორმირება და იდენტობა მე-19 და მე-20 საუკუნეების კავკასიაში;
  2. საბჭოთა წარსულის მეხსიერების კვლევები საქართველოსა და კავკასიაში;
  3. კავკასიის კვლევების ისტორია მე-18 საუკუნიდან დღემდე; რელიოგიის როლი საქართველოში;
  4. ქართველთა კვალი გერმანიაში.;
  5. კულტურული მემკვიდრეობის საკითხები კავკასიაში;
  6. კონფლიქტების მოგვარება და ევროპიზაცია კავკასიაში.

ოლივერ რაისნერის სადისერტაციო თემა ეხება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას.

2016 წლიდან ოლივერ რაისნერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის.

ოლივერ რაისნერს ჰყავს ქართველი მეუღლე ეკა ოკინაშვილი-რაისნერი. მათ სამი შვილი ჰყავთ. "მე და ეკა ერთმანეთს როგორც ქართულად, ასევე გერმანულად ვესაუბრებით. ჩემი მეუღლე ჩვენს სამ შვილს ქართულად ელაპარაკება, მე მათთან გერმანულ ენაზე ვურთიერთობ. ჩვენ ორივე კულტურიდან საუკეთესოს ვირჩევთ, სადაც ინდივიდუალური შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - კლიშეები და სტერეოტიპები", - ამბობს ბატონი ოლივერი.

ოლივერის მეუღლე, ქალბატონი ეკა გერმანიაში, ქალაქ გიოტინგენში საკმაოდ წარმატებული პიანისტი იყო და მუსიკალურ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

„ჩვენ ორივე ქვეყანაში სახლში ვგრძნობთ თავს. ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ამჟამად საქართველოში ვცხოვრობთ და ჩემს სამშობლოში სისტემატურად დავფრინავთ. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში საცხოვრებლად სწორედ გერმანიაში გადავიდეთ", - ამბობს ოლივერი, თუმცა, საქართველოს თავის მეორე სამშობლოს უწოდებს, რომელიც მისთვის დიდი ხანია, უცხო ქვეყანა აღარ არის.


გააზიარე: