შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ოლივერ უორდროპი![]()
ბიოგრაფიაბრიტანელი დიპლომატი, ქართველოლოგი, მკვლევარი და მთარგმენლი ჯონ ოლივერ უორდროპი დაიბადა 1864 წლის 10 ოქტომბერს, ლონდონში. ლონდონის სკოლის დამთავრების შემდეგ ოლივერი სწავლობდა სორბონის, დისენისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი სლავისტები - პროფესორი ჯეიმზ ბრაისი და უილიამ მორფილი .ოლივერი გამოირჩეოდა განსწავლულობით, კეთილგონიერებითა და დახვეწილობით. ოლივერ უორდროპი სწავლის პერიოდში ბევრს მოგზაურობდა და ეცნობოდა ქვეყნებს, როგორც ეს მიღებული იყო ინგლისურ არისტოკრატულ ოჯახებში. თავისი დიდი მოგზაურობა მან იტალიით დაიწყო 1886 წელს. სამი თვე დაჰყო რომის უნივერსიტეტში, შემდეგ ეწვია ეგვიპტეს, სირიას, პალესტინასა და თურქეთს. აღსანიშნავია, რომ ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის შესახებ პირველად 1887 წლის 19 თებერვალს, პალესტინაში მოგზაურობისას შეიტყო, როცა ჯვრის მონასტერში მისი ფრესკა ნახა. შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყება მისი და მისი ოჯახის დაინტერესება რუსთველითა და მისი პოემით, რომლის შესწავლას, თარგმნასა და პოპულარიზებას მათ დიდი დრო და ენერგია მოახმარეს. 1887 წლის აპრილში ოლივერი საქართველოს ესტუმრა. ის გემით ჩამოვიდა ბათუმში მოიარა გურია, ქუთაისი, მოინახულა ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, იყო ჭიათურაში, ყვირილაში, სურამში, გორში, უფლისციხეში, ჩავიდა თბილისში, საიდაც გაემგზავრა ვლადიკავკაზში. გზაზე მოინახულა მცხეთა, ანანური, ხევი. თბილისში უკან დაბრუნების შემდეგ იმოგზაურა კახეთში, მოინახულა თელავი, სიღნაღი და ბოდბე. "მომეწონა რომი, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, ყველაზე ლამაზი ქვეყნით", - სწერს ოლივერი თავის მშობლებს. ოლივერი აგროვებდა მასალას საქართველოს შესახებ, იწერდა ქართულ ზღაპრებს, ანდაზებს, აგრეთვე, ქართული ლეგენდების (მყინვარწვერზე, თამარ მეფეზე, შოთა რუსთაველზე და სხვ.) უცნობ ვარიანტებს, ხვდებოდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს და თავის შთაბეჭდილებებს საგანგებოდ იწერდა; იგი დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ივანე მაჩაბელს, გაბრიელ ეპისკოპოსს, რუსეთში ყოფნისას კი - ალექსანდრე ცაგარელსა და ალექსანდრე ხახანაშვილს. ოლივერს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ქართველი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებთან - ბაგრატიონებთან, ორბელიანებთან, ვაჩნაძეებთან, ანდრონიკაშვილებთან, გელოვანებთან, ჩერქეზიშვილებთან, თუმანიშვილებთან და სხვ. ამ შეხვედრებმა ათქმევინა ოლივერ უორდროპს, რომ "საქართველოს უმთავრესი მიმზიდველობა მის ხალხშია. ქართველები მარტო შესახედავად კი არ არიან მშვენიერნი და მომხიბლავნი - ეს ჭეშმარიტად საყვარელი ხალხია - მხიარული, გულღია, ხელგაშლილი, პატიოსანი და უმწიკვლო". ოლივერ უორდროპმა საქართველოში მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“, რომელიც დაიბეჭდა ლონდონში 1888 წელს. წიგნი იყო დასურათებული და მოიცავდა საქართველოს მოკლე ისტორიას, ქართული ენის და ლიტეარტურის აღწერას და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიმოხილვას. წიგნის ქვესათაური იყო "მოგზაურობა ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში". წიგნის რედაქტორი გახლდათ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ მორფილი. 1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანქტ-პეტერბურგში. მას თან ახლდა თავისი და მარჯორი. ოლივერ უორდროპმა შოთა რუსთაველის პოემით დააინტერესა ცნობილი რუსი პოეტი და მთარგმნელი კონსტანტინ ბალმონტი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" რუსულად თარგმნა და გამოსცა. და-ძმა უორდროპები ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის შესწავლაზე მუშაობდნენ, რადგან სწორედ ლიტერატურა მიაჩნდათ ერის სულიერების გამომხატველად. მარჯორი და ოლივერ უორდროპების წყალობით, რომლებიც, ძირითადად, ქართულ ლიტერატურას თარგმნიდნენ, ეზიარა ევროპა და ინგლისურენოვანი სამყარო ქართულ კულტურასა და ისტორიას. უორდროპებს საქართველოთი აღფრთოვანება სიცოცხლის ბოლომდე არ განელებიათ. 1894 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპისეული ინგლისური თარგმანი კომენტარებით სულხან-საბა ორბელიანის წიგნისა "სიბრძნე სიცრუისა", რომელზეც ერთი ინგლისური ჟურნალი წერდა, ამ წიგნს "ლიტერატურის მოყვარულნი იტაცებენო". 1900 წელს გამოიცა "წმინდა ნინოს ცხოვრების" უორდროპისეული ინგლისური თარგმანი, რომელსაც კონიბირმა სპეციალური გამოკვლევა დაურთო. ფ. კონიბირთან ერთად ოლივერმა ინგლისურად გამოსცა ალექსანდრე ცაგარელის მიერ მომზადებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ხელნაწერების კატალოგი (Journal of Biblical Literature, Boston, 1894). ოლივერ უორდროპმა ინგლისურად თარგმნა და გამოსცა ალექსანდრე ცაგარლის მიერ მომზადებული ათონის მთის მონასტრის ქართული ხელნაწერები (Journal of Theological Studies, XII, 1911)). ოლივერის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში - რუსეთსა და ბალკანეთში, ჰაიტიზე, რუმინეთსა თუ ინგლისში - უორდროპები იძენდნენ საქართველოსთან დაკავშირებულ ლიტერატურას. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში. მარჯორის გარდაცვალების შემდეგ (1909 წ., ბუქარესტი) ოლივერმა დიპლომატიური სამსახური მიატოვა და ლონდონში დაბრუნდა, განაგრძო ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენა და შევსება, შემდგომში კი ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკას გადასცა - 1454 ერთეული ქართული წიგნი და 74 ხელნაწერი, რომელთაგან უძველესი VIII საუკუნით თარიღდება. იმავე 1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორის საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ფონდის შექმნის მიზანი ქართული ენის კათედრის დაფუძნება და ქართველოლოგიური კვლევა-ძიების ხელშეწყობა იყო. ფონდმა 1911 წელს გამოსცა მარჯორის მეგობრის, ეკატერინე ჩერქეზიშვილის მიერ მომზადებული "ქართულ-ინგლისური ლექსიკონი" და ოლივერ უორდროპის მიერ მომზადებული "სვანური ენის ლექსიკონი". ოლივერმა 1912 წელს სამეფო აზიურ საზოგადოებასთან ერთად გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" პირველი ინგლისური არასრული თარგმანი, რომელზეც მუშაობასაც მარჯორი უორდროპი ჯერ კიდევ ლონდონში შეუდგა და რუსეთში განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ცაგარელით დახმარებით. "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ვერსიას ოლივერმა წინასიტყვაობა დაურთო. ოლივერ უორდროპს ეკუთვნის ასევე გიორგი ბრწყინვალის "ძეგლისდების", "ვისრამიანისა" და "წმინდა იაკობის ცხოვრების" ინგლისური პუბლიკაციები. უორდროპების დამსახურებაა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენა (1905 წ.), ნაშრომი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ და სხვ. ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცულია უორდროპების მიერ მომზადებული მასალები, რომელთა შორისაა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები", შალვა დადიანის მოთხრობა "აბრსკილის", ქართული "ამირანის" აფხაზური ვარიანტი (ჩაიწერა ნიკო ჯანაშიამ), გრიგოლ ორბელიანის ლექსების თარგმანები და სხვ. ოლივერმა შექმნა საპროტესტო კომიტეტი კაზაკთა რეპრესიებისგან ქართველი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად და სხვ. 1918 წელს ოლივერისა და ანდრია გუგუშვილის ინიციატივითა და სერ დ. როსის თავმჯდომარეობით ინგლის-საქართველოს საზოგადოება შეიქმნა. 1919 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უზენაეს რწმუნებულად. იგი ცდილობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ კერზონის საქართველოთი დაინტერესებას. ოლივერი იმედოვნებდა, რომ ბრიტანეთი მატერიალურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევდა საქართველოს. ბრიტანეთში გაგზავნილ მოხსენებებში ცდილობდა ბრიტანეთის მთავრობის დარწმუნებას, რომ დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას შავ და კასპიის ზღვებს შორის ინგლისელთათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, თუმცა, 1920 წელს ბრიტანეთმა პოლიტიკური კურსი შეიცვალა. 1927 წელს ოლივერ უორდროპმა მიატოვა საჯარო სამსახური და მთელი თავისი დრო მარჯორი უორდროპის ფონდს მიუძღვნა, რომელიც უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა. ფონდი მატერიალურად ეხმარებოდა ინგლისში მყოფ ქართველ სტუდენტებს, რომელთა შორის იყო მიხაკო წერეთელი. ოლივერი განაგრძობდა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შეძენას ოქსფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის მუზეუმისა და ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისთვის. ცნობილ ინგლისელ ისტორიკოს უილიამ ე. დ. ალენთან ერთად ოლივერმა ინგლისში "საქართველოს საისტორიო საზოგადოება" დააარსა (1930 წ.) და ჟურნალი“Georgica“ გამოსცა. ოლივერ უორდროპი მატერიალურად ეხმარებოდა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტს თბილისში, რომელიც 1917 წელს დაარსდა. მარჯორი უორდროპის ფონდი ხელს უწყობდა ქართველოლოგიურ კვლევა-ძიებას კემბრიჯის უნივერსიტეტში, აფინანსებდა ცნობილი მეცნიერის, რობერტ სტივენსონის ქართველოლოგიურ კვლევას, საჯარო ლექციების წასაკითხად იწვევდა ცნობილ ქართველოლოგებს. მაგალითად, "ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის კურსის" წასაკითხად მიიწვია ცნობილი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბლეიკი; ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, მამა გრიგოლ ფერაძემ ლექცია მიუძღვნა ქართულ საეკლესიო ლიტერატურასა და ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, ეკატერინე ჩერქეზიშვილმა კი საქართველოს ისტორია და კულტურა მიმოიხილა. ოლივერმა ეკატერინე ჩერქეზიშვილთან ერთად მოამზადა ბრიტანეთში დაცული ქართული კატალოგი. ოლივერ უორდროპის გარდაიცვალა 1948 წლის 19 ოქტომბერს ლონდონში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, სევენოუქსის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე,მისი გარდაცვალების შემდეგ ფონდმა გამოსცა დევიდ ბარეტის მიერ მომზადებული ინგლისში დაცული ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი. ფონდი დღესაც ნაყოფიერად მუშაობს. ოლივერის სიყვარული საქართველოსადმი მისი ოჯახის წევრებმაც გაიზიარეს. ოლივერის მეუღლის, მარგარეტ კოლეტ-უორდროპის, მათი შვილების - ჯეიმზის (ფარნავაზის), ანდროსა და ნინოს კარი ყოველთვის ღია იყო ლონდონში ჩასული ქართველებისთვის. ოლივერ უორდროპს სჯეროდა, რომ საქართველო დაიბრუნებდა დაკარგულ დამოუკიდებლობას და სურდა, დამოუკიდებელ საქართველოში ბრიტანეთის წარმომადგენლად დაბრუნებულიყო. მას სწამდა "მცირერიცხოვანი, მამაცი, სულით უტეხი, დახვეწილი და ნიჭიერი ერის გაბრწყინებისა". მადლიერი ქართველი ხალხის ოლივერ და მარჯორი უორდროპებისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება გახლდათ გიორგი XII-ის ოქროს სამეფო ჯვარი ყელსაბამითურთ, რომლითაც ქართველ ქალთა საზოგადოებამ ოლივერ უორდროპის ქალიშვილ ნინოს ნინოობა მიულოცა, ეს ქართული რელიკვია გადაურჩა ჟამთა სვლას და ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმის საცავში ინახება. წყარო 1. აბაშიძე მედეა. "ახლა ცემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!" - უორდროპები და საქართველო // ისტორიანი, 2019, №4 2. შარაძე გურამ. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბ., 1984
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |