The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


მარჯორი უორდროპი

მარჯორი უორდროპი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1909  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართველოლოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

მარჯორი უორდროპი დაიბადა 1869 წლის 11 ნოემბერს, ლონდონში. სწავლობდა ბიჩი ლეიდის კოლეჯში (Beachey Ladies’ College), ისტბორნში, სადაც დაეუფლა ფრანგულ, გერმანულ და ლათინურ ენებს. შემდეგ, მარჯორიმ კოედ ბელში (Miss Amos’school, Coed Bell) განაგრძო სწავლა. მარჯორი, აგრეთვე, კარგად ფლობდა რუსულს, რუმინულსა და ქართულს, კითხულობდა და თარგმნიდა ხუცურიდან (მარჯორის მიერ გადაწერილი ძველი ქართული ლოცვები და გალობანი ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება). საქართველოს ეცნობოდა ჟან ბატისტ ტავერნიეს, ჟან შარდენის, პიეტრო დელა ვალეს, ედუარდ გიბონის, ჯორჯ ბაირონის, ჯ. პერისა და სხვათა წიგნებით. საქართველოთი მარჯორის დაინტერესებასა და მის მიერ ქართული ენის შესწავლაში დიდი როლი ითამაშა მისმა ძმამ ოლივერმა, რომელიც ყველანაირი ინფორმაციით უზრუნველყოფდა დას. მარჯორი ქართულს მ. მაჯოსა და მ. ბროსეს სახელმძღვანელოებით სწავლობდა. პირველი წიგნი, რომელიც ქართულად წაიკითხა, სახარება იყო. ქართული ენის დახვეწაში მას ეხმარებოდნენ იმხანად ლონდონში „ივერიის“ კორესპონდენტად მყოფი ვარლამ ჩერქეზიშვილი, სანქტ-პეტერბურგში კი - ალექსანდრე ცაგარელი.

1894 წელის დეკემბერში მარჯორი უორდროპი პირველად ეწვია საქართველოს. როცა მარჯორი უორდროპი ბათუმის ნავსადგურს მოადგა გემით, მღელვარე თქვა: „საქართველო ჩემთვის იყო ზღაპრული ქვეყანა და სწორედ ახლა შევდივარ ამ მომაჯადოებელი ქვეყნის საზღვრებში.“

ამავე წელს გამოვიდა "ქართული ხალხური ზღაპრების" მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რომელსაც საფუძვლად დაედო ვლადიმერ აღნიაშვილის მიერ შეკრებილი და გამოცემული „ხალხური ზღაპრები“ (ტფ., 1891 წ.), პეტერბურგში გამოცემული ალექსანდრე ცაგარლის „Мингрельские этюды“ (1880 წ.) და „Грузинские народные сказки“ (1884 წ.) და, ასევე, გურიაში ანა მგელაძისგან ჩაწერილი „ქართული ზღაპრები“, რომელიც ანა ლორთქიფანიძეს (ილია ჭყონიას მეუღლე) 1895 წელს ქუთაისში მყოფი მარჯორისთვის უჩუქებია.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მარჯორი უორდროპს არ შეუწყვეტია ურთიერთობა ქართველ მეგობრებთან, რომლებსაც ის ხშირად მიმართავდა რჩევისა და განმარტებისთვის.

1895 წელს ლონდონში გამოვიდა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი  ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“. ამ თარგმანის შესახებ ინგლისური პრესა წერდა:

„ეს პოემა ნათარგმნია ქართული ენიდან, დიდად საყურადღებოა ვითარცა ნიმუში უცხო მწერლისა, თავადი ილია ჭავჭავაძე, უეჭველია, საუკეთესო პოეტი უნდა იყოს თავის ქვეყანაში. ამ პოემის დამწერს აშკარად ეტყობა დიადი ნიჭი და ძლიერება პოეტური ფანტაზიისა. უორდროპი სრულ საშუალებას გვაძლევს ისეთი ქართველი ნიჭიერი პოეტი, როგორიც არის ილია ჭავჭავაძე, სავსებით გავითვალისწინოთ და პატივი ვსცეთ მის შესანიშნავ მოღვაწეობას“.

სხვადასხვა წლებში მარჯორი უორდროპს უთარგმნია ი. ჭავჭავაძის კიდევ რამდენიმე ნაწარმოები; თავის ძმასთან, ოლივერთან ერთად, “წმინდა ნინოს ცხოვრება” და სულხან-საბას “სიბრძნე სიცრუისა”. მისი პირადი ბიბლიოთეკის საფუძველზე შეიქმნა ოქსფორდში მისივე სახელობის ქართული ფონდი.

1896 წელს მარჯორი მშობლებთან და უმცროს ძმა თომასთან ერთად მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. უორდროპებმა იმოგზაურეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მოიარეს იმერეთი, გურია, სადაც მათ მეგზურობა და მასპინძლობა გაუწიეს  ტელემაქ გურიელისა და დიმიტრი მაჭუტაძის ოჯახებმა. აღფრთოვანებული მარჯორი წერდა: „გურულების დახვეწილი ნაკვთები გასხივოსნებულია ისეთი გამომეტყველებით, რომელშიც ინტელექტი და დაუცხრომელი სული ჩანს“.    

მარჯორი უორდროპი მოიხიბლა აღმოსავლეთ საქართველოთი, განსაკუთრებით კი მცხეთით, თბილისითა და თბილისელებით. მარჯორი ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელს და მეგობრობდა მის ცოლთან, მან თარგმნა კიდეც მისი ნაწარმოებები. მარჯორის საქართველოში ნათლულები ჰყოლია - ერთ-ერთი ელენე როსტომაშვილი გახლდათ, რომლის ოჯახს ბარათებს სწერდა და საჩუქრებსაც უგზავნიდა.

1900 წელს მარჯორი ძმასთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ვარშავაში. 1903 წელს - ჰაიტიზე, 1904 წლიდან კი სანქტ-პეტერბურგში იყო. სანქტ-პეტერბურგი ყოფნის დროს, 1904-1906 წლებში მარჯორი უორდროპს მჭიდრო კავშირი ჰქონდა იქ ჩასულ ქართველებთან. 1906 წელს ძმასთან ერთად გადავიდა ბუქარესტში, სადაც 1909 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.

1912 წელს, მარჯორის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“.

ბევრი ქვეყანა მოიარა მარჯორი უორდროპმა, მრავალ ხალხს გაეცნო და დაუახლოვდა, მაგრამ საქართველო მისთვის განსაკუთრებული ქვეყანა იყო. მან შეიყვარა და შეითვისა ყოველივე ქართული. „საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა“, - ხშირად ამბობდა ის და არ ყოფილა არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოზე ფიქრი შეეწყვიტა.

წყარო

1. დიდნი საქმენი, თბ., "არტანუჯი", 2011

2. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, ლეილა. მარჯორი უორდროპი, თბ., "ლიტერატურა და ხელოვნება",1965

3. კესელავა, პლატონ. მარჯორი უორდროპი // საბჭოტა ხელოვნება, 1960, №3


გააზიარე: