The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ელის ჰარისი

ელის ჰარისი
ოფიციალური სახელი:ელის ქარმაიქლ ჰარისი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

 ამერიკელი ენათმეცნიერი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი, ელის ჰარისი დაიბადა 1947 წლის 23 ნოემბერს, სწავლობდა რენდოლფ-მეკონის ქალთა კოლეჯში (Randolph-Macon Women’s College), შემდეგ – ესექსის უნივერსიტეტში (University of Essex), 1976 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში (Harvard University) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1979-2002 წლებში ელის ჰარისი ასწავლიდა ვანდერბილტის უნივერსიტეტში (Vanderbilt University); 1993-2002 წლებში იგი ხელმძღვანელობდა გერმანიკული და სლავური ენების ფაკულტეტს, 2002-2009 წლებში კი იყო ენათმეცნიერების პროფესორი ნიუ იორკის უნივერსიტეტში (State University of New York). 2016 წელს ელის ჰარისი ამერიკის ლინგვისტური ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ელის ჰარისი ადრეული პერიოდიდანვე დაინტერესდა ქართული, ქართველური და კავკასიური ენებით; მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული, ლაზური, სვანური, მეგრული, უდიური და ბაცბური ენების კვლევაში.

ელის ჰარისი საქართველოს პირველად 1974-1975 წლებში ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთწლიანი სტაჟირების მიზნით.

ჰარისი არის რამდენიმე მონოგრაფიის, ათეულობით სამეცნიერო სტატიისა და სხვა ნაშრომის ავტორი.

ჰარისმა პირველი ნაშრომები  ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ინგლისურად გამოსცა: ქართული ენის სინტაქსი (Georgian Syntax: A Study in Relational Grammar (Cambridge Studies in Linguistics). Cambridge: Cambridge University Press 1981) და დიაქრონიული სინტაქსი: ქართველური ენების მაგალითი (Diachronic Syntax: The Kartvelian Case (Syntax and Semantics, v. 18), Orlando: Academic Press 1985).

1991 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა კრებული კავკასიის ადგილობრივი ენები: ქართველური (The Indigenous Languages of the Caucasus, vol. 1: The Kartvelian languages. Ed. by Alice C. Harris. Delmar, NY: Caravan Books 1991); 1998 წელს ელის ჰარისისა და ლაილ კემპბელის წიგნს: ისტორიული სინტაქსი კროსლინგვისტური პერსექტივიდან (Historical Syntax in Cross-Linguistic Perspective, Cambridge: Cambridge University Press 1995) ამერიკის ლინგვისტური ასოციაციის ლეონარდ ბლუმფილდის წიგნის ჯილდო მიენიჭა. ეს ჯილდო ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება ნაშრომებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ენების შესწავლასა და ენათმეცნიერების განვითარებაში.

ჰარისის მიერ მიღებული სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია ვანდერბილტის უნივერსიტეტის ერლ სუზერლანდის პრიზი (1998), კენტერბერის უნივერსიტეტის ერსკინის სტეპენდია (ახალი ზელანდია, 1999), ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტეპენდია (1999), რენდოლფ-მეკონის კოლეჯის გამორჩეული კურსდამთავრებულის ჯილდო (2004) და გაგენჰეიმის სტეპენდია (2009). 2011 წელს მინიჭებული ჰქონდა „კოლიცის პროფესორის“ საპატიო პოზიცია კოლორადოს უნივერსიტეტში.

ელის ჰარისი განაგრძობდა ქართველური (ქართული, ლაზური, მეგრული, სვანური), უდიური და ბაცბური ენების კვლევას. შესწავლილი აქვს ქართული სინტაქსი მორფოსინტაქსური კოდირების სისტემის თვალთახედვიდან, ქართველური ენების დიაქრონული სინტაქსი და სინტაქსის ისტორიული ანალიზის ზოგადი პრინციპები, ასევე უდიურ ენაში კლიტიკის სისტემა. ჰარისს დიდი წვლილი მიუძღვის საფრთხეში მყოფი ენების შესწავლის საქმეში. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების პროგრამის (The Documenting Endangered Languages Program, DEL) შექმნაში.


გააზიარე: