შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
დილარა ალიევა![]()
ბიოგრაფიააზერბაიჯანელი და საბჭოთა ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ნიზამისტი და ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი 1960 წლიდან, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დილარა ალიევა დაიბადა 1929 წლის 14 დეკემბერს თბილისში, ორთაჭალაში, მჭედლის ოჯახში. შვიდი კლასი სწავლობდა თბილისის 97-ე საშუალო სკოლაში. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დილარამ ჩააბარა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც იგი გამოგზავნეს თბილისში. მკვლევარ ლევან ასათიანის ხელმძღვანელობით რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში დილარამ გაიარა ასპირანტურის კურსი. იგი ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებდა ბატონ ლევანს და მის ოჯახს, რომელიც მას მზრუნველობას არ აკლებდა და მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა. ასპირანტურის წლებში დილარა ალიევას მეცნიერულ მუშაობას თვალყურს ადევნებდნენ და დიდ დახმარებას უწევდნენ აკადემიკოსები კორნელი კეკელიძე და ალექსანდრე ბარამიძე. მათ კიდევ უფრო გაუღვიძეს აზერბაიჯანელ ლიტერატორს ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი და სიყვარული. „ასპირანტურაში სწავლების ოთხი წელი ჩემთვის იყო განუმეორებელი სკოლა, რომელიც ისე მძაფრად დააჩნდა ჩემს სულს, რომ ვერავითარმა სიშორემ და მომავალმა საქმიანობამ ვერ წაშალა“ - იგონებდა დილარა. თბილისში დილარა ალიევა მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე თემაზე „აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ასახვა XIX საუკუნის ლიტერატურაში“. 1954 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, იგი ბაქოში დაბრუნდა. დილარა ალიევა მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად, ნიზამის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, მუზეუმის ძველი და შუა საუკუნეების ლიტერატურის განყოფილების დირექტორად. შემდეგ იგი იყო ნიზამის სახელობის ინსტიტუტის ლიტერატურული ურთიერთობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნიზამის მეცნიერებათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის ლიტერატურული ურთიერთობის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავდროულად იყო დეპარტამენტის დირექტორი. 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნიზამი და ქართული ლიტერატურა“, რაშიც მას ძალიან დაეხმარა ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სრულყოფილი ცოდნა. დილარა ალიევამ დიდიხნის თავდადებული ძიების შემდეგ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ აჰმედ ჯავადისეულ პირველ აზერბაიჯანულ თარგმანს, შეუდარა ქართულ ორიგინალს, გაურკვეველი თუ წაშლილი ადგილები აღადგინა და ვრცელი წინასიტყვაობითა და კომენტარებით გამოსცა. ეს დიდი ლიტერატურული მოვლენა იყო როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებაში. დილარა ალიევა სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა ენებიც იცოდა (თურქული, სპარსული, არაბული, რუსული, ინგლისური), იგი მხოლოდ ქართულიდან თარგმნიდა. როგორც თვითონ ამბობდა: „ქართული ენა, ლიტერატურა, ქართველი ერის წარსული და აწმყო, მისი ტკივილი და სიხარული ისევე მახლობელი და საყვარელია მისთვის, როგორც მშობლიური აზერბაიჯანული“. მან თარგმნა და გამოსცა ნ. დუმბაძის, ა. სულაკაურის, გ. ჩიქოვანის, რ. ინანიშვილის, თ. ჭილაძის, გ, ფანჯიკიძის და სხვა ქართველ პროზაიკოსთა მოთხრობები. მიხეილ ჯავახიშვილის 100 წლისთავის საიუბილეოდ გამოიცა დილარას მიერ თარგმნილი მწერლის რჩეული. დილარა ალიევა დაოჯახდა ბაქოში. მას შეეძინა ორი ვაჟი, რომელთაგან უფროსს ქართველი ხალხის სიყვარულით გიორგი დაარქვა. „ჩემს მეუღლეს და ბავშვებს თითქმის ჩემნაირად შევაყვარე საქართველო, ქართული ლიტერატურა, - სიამაყით ამბობდა დილარა, - ბაქოში ჩემი მეგობრები გაქართველებულ აზერბაიჯანელს მეძახიან, ხოლო ჩემი შვილები ხუმრობით ნახევრად ქართველობას იჩემებენ“. 1988 წელს, ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე, დილიარა ალიევა გახდა აზერბაიჯანის სახალხო მოძრაობის აქტიური წევრი. მოგვიანებით იგი აირჩიეს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის გამგეობის წევრად. გარდა ამისა, დილარა ალიევა იყო ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. იყო დეპუტატი აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დემოკრატთა ბლოკიდან. 1991 წლის 19 აპრილს მანქანა, რომელშიც დილარა ალიევა და თურქოლოგ-ლინგვისტი აიდინ მამედოვი იმყოფებოდნენ, კახის რაიონის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ორივე მეცნიერი დაიღუპა. დილარა ალიევა დაკრძალულია ბაქოში საპატიო დაკრძალვის II ხეივანში. დილიარა ალიევას სახელს ატარებს ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, და ქალაქ ბაქოს ერთ-ერთ ქუჩა. სახლის კედელზე, სადაც ალიევა ცხოვრობდა, მემორიალური დაფაა. დილარა ალიევას ეკუთვნის ნაშრომები:
წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |