შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჰაინალკა ბაბირაქი![]()
ბიოგრაფიაუნგრელი პოეტი და მთარგმნელი, უნგრეთში ერთადერთი კავკასიოლოგი და ქართველოლოგი ჰაინალკა ბაბირაქი დაიბადა 1958 წლის 26 ნოემბერს ქალაქ ოროსლანში. დაამთავრა ოროსლანის გიმნაზიის რუსული განყოფილება. შემდეგ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსულ-უნგრულ განყოფილებაზე. რუსული ენის გარდა ჰაინალკა ფლობს ინგლისურ, ლათინურ და არაბულ ენებს. პირველად ჰაინალკა ბაბირაქი 1985 წელს ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით. 1990 წელს ჰაინალკა ბაბირაქი საქართველოს მწერალთა კავშირის მოწვევით თბილისში ჩამოვიდა და აქ ერთი თვე დაჰყო. გაეცნო ქართულ კულტურას და ლიტერატურას. შემდეგ უნგრეთის კულტურის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოავლინა ათთვიან სტაჟირებაზე, სადაც მან შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. მალევე ჰაინალკამ დაიწყო ქართველი პოეტების თარგმნა უნგრულ ენაზე. მას თარგმნილი აქვს გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ირაკლი აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის და ანა კალანდაძის ლექსები. იგი დღემდე უნგრულ პრესაში აქვეყნებს თარგმანებს და წერილებს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. ჰაინალკა ბაბირაქის სადისერტაციო თემაა „უნგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნეში“, რომელიც მან 1992 წელს დაიცვა. მისი საკვლევი თემებია: საქართველო უნგრულ ლიტერატურაში; კავკასია უნგრულ ლიტერატურაში დასაწყისიდან დღემდე (პროზა, ლირიკა, პრესის სამეცნიერო ლიტერატურა); საქართველოსა და კავკასიის ისტორია, განსაკუთრებით XX საუკუნის მოვლენები; უნგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები; უნგრეთი ქართულ ლიტერატურაში; უნგრული დასახლების კვალი კავკასიაში - კავკასიურ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით. 1990 წელს გამოცემლობა „მერანმა“ გამოსცა ჰაინალკა ბაბირაქის ლექსების კრებული „ცხოვრებიდან ცხოვრებამდე“ ვაჟა ხორნაულის, ვახტანგ ხარჩილავას და ბაღათურ არაბულის თარგმანით. 1997 წელს ბუდაპეშტში ჰაინალკა ბაბირაქმა გამოსცა წიგნი „უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობები“. 2013 წელს ბუდაპეშტში უნგრულ ენაზე გამოიცა ჰაინალკა ბაბირაქის მეორე წიგნი „საქართველო კავკასიაში“ („A kaukázusi Georgia“). წიგნი აჯამებს ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის არსებულ კულტურულ, ლიტერატურულ, ისტორიულ და სამეცნიერო ურთიერთობებს. 2011 წლის 13 დეკემბერს უნგრეთში, საქართველოს საელჩოში, ცნობილი უნგრელი მხატვრის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ავტორის მიხაი ზიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ საელჩოს მედალი „საქართველოს მეგობარი“ დამსახურებულად გადასცა ქალბატონ ჰაინალკა ბაბირაქს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრულ ურთიერთობაში. 2019 წლის მაისში თბილისში გამართულ ღონისძიებაზე „დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების მიღწევების აღიარება“ საქართველოს ელჩმა უნგრეთში ზაალ გოგსაძემ ჰაინალკა ბაბირაქს ოფიციალურად გადასცა მედალი „საქართველოს უცხოელი მეგობარი“. ბაბირაქმა ჯილდო მოიპოვა საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. რუსიფიკაციის გავლენით 1945 წლის შემდეგ უნგრულად საქართველოს „გრუზია“ ეწოდებოდა. ჰაინალკა ბაბირაქის დიდი ძალისხმევის შედეგია, რომ დღეს უნგრეთში საქართველოს „გეორგიად“ მოიხსენიებენ. წყარო 1. ბაბირაქი, ჰ. უნგრულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი // ლიტერატურული საქართველო, 1990, 20 ივლისი 2. ბუდაპეშტში დედა ენის დღისადმი მიძრვნილი ლექცია გაიმართა // საქართველოს ერსპუბლიკა, 2015, 2 აპრილი 3. ღანიშაშვილი მ. შენი ხმითა და სინათლით მთვრალი... // კრიტიკა, 1992, №2-3 4. ჰაინალკა ბაბირაქი // თბილისი, 1991, 24 ივნისი 5. A kaukázusi Georgia https://harmattan.hu/babirak-hajnalka-a-kaukazusi-georgia-1904 6. Ambassador of Georgia presents award to Dr. Hajlanka Babirak, Hungarian Kartvelologist https://hungary.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=428&lang=2&NewsID=139856 7. Az MTA Köztestületének tagjai. Babirák Hajnalka https://mta.hu/koztestuleti_tagok? Personal=10045
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |