The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


იპეი ფუკურო

იპეი ფუკურო
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1971  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

     იაპონელი მწერალი, პოეტი, მთარგმენლი, კინოხელოვანი, ჟურნალისტი, ალპინისტი და საზოგადო მოღვაწე იპეი ფუკურო დაიბადა 1897 წლის 17 ოქტომბერს ქ. ტოკიოში. მან დაამთავრა ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტის რუსული განყოფილება.

     იპეი საქართველოთი დაინტერესდა და მისი ნახვის სურვილი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც წაიკითხა ერთი ინგლისელი ალპინისტის წიგნი კავკასიაში მოგზაურობის შესახებ, რომელიც მომხიბვლელად აღწერდა სვანეთს.

     მოგვიანებით, როგორც კინოკრიტიკოსი და საბჭოთა ფილმების პროპაგანდისტი, იპეი ფუკურო საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოების მიწვევით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ქართული ფილმებიც ნახა და კიდევ უფრო განიმსჭვალა ჩვენი ქვეყნის ნახვის სურვილით. მაგრამ მაშინ მას არ მიეცა შესაძლებლობა საქართველოში ჩამოსვლის.

     ომის შემდგომ წლებში საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელმა ი. მალიკმა იპეი ფუკუროს გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ შალვა ნუცუბიძისეული თარგმანი და თან დიდხანს ესაუბრა საქართველოზე, მის წარსულსა და აწმყოზე. იპეიმ დაიწყო პოემის იაპონურ ენაზე თარგმნა, რაც ხუთ წელს გაგრძელდა.

     1955 წელს იპაონიაში პირველად იაპონურ ენაზე 70 000 ტირაჟით გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული თარგმანი, რომელიც შევიდა იაპონურ ენაზე თარგმნილი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ძეგლთა ბიბლიოთეკაში. გამოცემას ილუსტრაციები დაურთო იაპონელმა მხატვარმა ტადაჩი ჰაიაშიმ. წიგნმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და სწრაფად გაიყიდა. გამოცემა განმეორდა 1961 წელს, რომლის ტირაჟი 100 000 შეადგენდა.

    იპეი ფუკურო მეუღლესთან ერთად საქართველოს პირველად ეწვია 1963 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოების მოწვევით. იპეი და ჰანაკო ფუკუროები თბილისიდან ქუთაისს ეწვივნენ, სადაც მათ მასპინძლობა გაუწიეს ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს გელათის და ბაგრატის ტაძრები. ქუთაისიდან კი სვანეთს გაემგზავრნენ.

      მეორედ იპეი ფუკურო საქართველოს 1966 წელს რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია. მან პირადად გაიცნო შალვა ნუცუბიძე, რომელსაც თავის ავტოგრაფით და წარწერით უსახსოვრა ვეფხისტყაოსნის პროზაული თარგმანის მეორე გამოცემა. შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტმა საგანგებოდ მიიწვია ი. ფუკურო, სადაც იგი გაეცნო ინსტიტუტის დირქტორს პოეტ-აკადემიკოსს გიორგი ლეონიძეს. გიორგი ლეონიძემ ქართული კულტურის მოამაგეს მთელი ქართველი ერის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა იმ შრომისთვის, რაც მან „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანისას გასწია და  საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ 1937 წლის გამოცემა.

      იპეი ფუკუროს უკვე აღარ აკმაყოფილებდა პოემის პროზაული თარგმანი და სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა მის ლექსად თარგმნას. მას სურდა შეესწავლა ქართული ენა, რათა სრულად შეეგრძნო რუსთაველის პოემის სიდიადე. თარგმნისას ის დიდ ყურადღებას აქცევდა რითმების ჟღერადობას და აფორიზმების სიზუსტეს. ამიტომაც, იაპონელები მას მიიჩნევდნენ არა მთარგმნელად, არამედ პოეტად. „...არ სჯერათ, რომ ეს პოემა თარგმნილია... ზოგი მეუბნება: ძმობა-მეგობრობა, ვეფხვი, მასთან ბრძოლა, ქალის პატივისცემა, უბადლო ვაჟკაცობა ძველ იაპონელებს ახასიათებდათ. ეს პოემა ჩვენი ხასიათისაა და შენი დაწერილიაო... „ვეფხისტყაოსანს“ იაპონიაში გატაცებით კითხულობენ ისე, როგორც იქაურ ორიგინალურ თხზულებას“ - წერდა იპეი ფუკურო.

     მძიმე სენით დაავადებულმა იპეი ფუკურომ მოასწრო პოემის თარგმნა, თუმცა მალევე, 1971 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა.

     „ვეფხისტყაოსნის“ ახალი პოეტური თარგმანი 1972 წელს გამოსცა გამომცემლობამ „რირონ-შამ“, რომელიც იაპონელ მწერალ რიოჰეი კომიამას ეკუთვნოდა. წიგნს ახლავს მიხაი ზიჩის, მოსე თოიძის, სერგო ქობულაძის და ნათელა იანქოშვილის მიერ შესრულებული ილუსტრაციები.

      „როცა იაპონიაში ფეოდალური ომები წარმოებდა, ხოლო ევროპაში ინკვიზიცია მძვინვარებდა, საქართველოში შოთა რუსთველი მშვიდობისა და კაცთმოყვარეობის დიად იდეებს ქადაგებდა“,, – წერს ფუკურო.

         იპეი ფუკურო წლების მანძილზე იყო „იაპონია-საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოების“ პრეზიდიუმისა და „იაპონიაში საბჭოთა წიგნების თარგმანებისა და გამომცემლობის კომიტეტის“ გამგეობის წევრი.

      დიდია იპეი ფუკუროს დამსახურება ქართული კულტურის წინაშე. იგი იყო „ვეფხისტყაოსნის“ პირველი იაპონელი მთარგმნელი. გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, მან იაპონურ ენაზე თარგმნა ქართული ფოლკლორის ნიმუშები, გადმოცემები და ლეგენდები რუსთაველზე, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე წერილი ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე, აგრეთვე 1967 წელს გამოცემული წიგნი „საქართველო ალპინისტის თვალით“.

წყარო

1. ფეიქრიშვილი ჟუჟუნა, ვასაკიძე ივეტა. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018


გააზიარე: