The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფევზი ჩელები

ფევზი ჩელები
ოფიციალური სახელი:ფევზი ჩელები (ჩელებაძე)
დაბადების თარიღი:1969  (56 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

       თურქი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი ფევზი ჩელები (ჩელებაძე) დაიბადა 1969 წელს ბოლუში., დღევანდელი დუზჩეს პროვინციაში, გოლიაკას რაიონში. იგი წარმოშობით თურქეთელი, დუზჯელი ქართველია. ბავშვობიდან იზრდებოდა ქართულად მოსაუბრეთა წრეში, სადაც ქართული ენის აჭარული დიალექტით მეტყველებდნენ. ქართული ენის აჭარული დიალექტისა და ლაზურის განსხვავებულობასა და ამავე დროს მათ ნათესაურ კავშირზე დაკვირვება მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო.

     ჰაჯიაკუპის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, ფევზი ჩელები სწავლობდა გოლიაკას საშუალო სკოლაში, რომელიც  1986 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ხელოვნების ისტორიკოსის წოდებით პედაგოგიური ფორმირებით. 1992 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად ლიცეუმში. ნახატები, ქანდაკებები, ლექსები, ნოველები მისი შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია. 1998 წლიდან მან გამოუშვა ჟურნალი, სახელწოდებით „ეფთენი“. ამ ჟურნალის მხოლოდ შვიდი ნომერი გამოვიდა. 1999 წელს ფევზი ჩელებიმ გამოაქვეყნა წიგნი „გოლიაქა - გუშინ და დღეს“, ხოლო 2000 წელს მეორე წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „მიწისძვრა გოლიაქაში“.

    აჰმედ ოზქან მელაშვილის წიგნის „საქართველოს“ საშუალებით ჩელები გაეცნო ქართულ დედაენას და დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. ასევე ჟურნალ „ჩვენებურის“ დახმარებით მან უფრო უკეთ გაითავისა ქართული კულტურა.  დრო და დრო იზმირის საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოდან ქართველების მიერ ჩამოტანილ ქართულ გამოცემებსაც ეცნობოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიოერთობა გაღრმავდა და ფევზი ჩელები კულტურათა შორის დიალოგში ჩაერთო. ის საქართველოდან ჩამოსულ ქართველებს მასპინძლობდა და დღემდე აგრძელებს ამ ტრადიციას.

   2013 წელს ფევზიმ სწავლა გააგრძელა საქარიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2014 წელს ხელოვნებათმცოდნეობაში დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი სახელწოდებით „ქალაქ ანისი X-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების ძეგლები“. პარალელურად სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართული ენათმეცნიერების მიმართულებით. 2018 წლის 9 ივლისს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დუზჯეს მხარეში (თურქეთის რესპუბლიკა) მცხოვრები ქართველების მეტყველების თავისებურებანი“ (ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე).

    ფ. ჩელები მუშაობს თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე; კითხულობს ლექციებს საგნებში ქართული ხელოვნება და ქართული კულტურა.

    ფევზი დუზჯეში არსებულ ქართული კულტურის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრის მისიონერულ საქმიანობაში ჩართული აქტიური წევრია. იგი დღემდე ქართული ხელოვნების, მწერლობისა და კულტურის კვლევით არის დაკავებული.

     XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ფევზი ჩელები ჟურნალ „ჩვენებურებში“ სისტემატურად აქვეყნებდა  ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებულ მასალებს. არის რამდენიმე წიგნის და გამოკვლელვის ავტორი. მათ შორის:

  1. ქართული შელოცვები I (1994), II (1995);
  2. ფიქრები დედაენაზე (1997);
  3. ეფთენელი ქართველები (1998)
  4. საქართველოსა და ქართველების შესახებ (1999);
  5. ქართული ხელოვნების ისტორიის სწავლება თურქეთის უნივერსიტეტებში (ქართულ ენაზე) (2011);
  6. ქართული ხელოვნება ანისში (X-XIII): სამაგისტრო ნაშრომი (თურქულ ენაზე)) (2013);
  7. თურქული ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისი ტაო-კლარჯეთის ხელოვნების მიმართ (ქართულ ენაზე) (2015);
  8. ხარების სცენები (X_XIII): ანისის ქართულ ეკლესიებში (2016);
  9. ქართული ხელოვნების ძირითადი მიმართულებანი (თურქულ ენაზე), სტამბული, 2018.

       ფევზი ჩელებს ჰყავს ასევე ქართული წარმოშობის მეუღლე ქალბატონი ნაგიჰანი და სამი შვილი, დილა, ომერ ფარუქი-ომერ საბა და მუჰამედ მირშაჰი.


წყარო:

1. "მემლექეთზე ფიქრებით" https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/04/15/memlek-et-ze-p-ik-rebit-8-2017-712929

2. ფეიქრიშვილი ი. ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018

3.  Fevzi Celebi https://independent.academia.edu/%C3%87ELEB%C4%B0Fevzi


გააზიარე: