შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჰარუნ ჩიმქე![]()
ბიოგრაფიათურქი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე დაიბადა 1977 წლის 11 ოქტომბერს. თურქეთის ქალაქ სივასში. იგი საქართველოში პირველად1995 წელს ჩამოვიდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით. მან ბიუროკრატიული პრობლემების გამო არჩეულ სპეციალობაზე მოხვედრა ვერ შეძლო და გადაწყვიტა თურქოლოგიაზე შეეტანა საბუთები. მისი ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ მან მაინც გააგრძელა სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აღმოჩნდა, რომ თურქულზე მეტი ქართულის ლექციები ტარდებოდა, რაც მისთვის ძალიან ძნელი იყო. თანდათან მეგობრების და ლექტორების დახმარებით შეისწავლა ქართული ენა და, შესაბამისად, ქართული კულტურაც. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰარუნ ჩიმქე ამბობს: „ქართული კულტურა ჩვენთვის ძალიან მისაღები აღმოჩნდა. ქართველები დაჯილდოებულები არიან ბევრი კარგი ადამიანური თვისებით: სტუმართმოყვარეობით, თავდადებული მეგობრობით, ჰუმანიზმითა და ა. შ.“ ჰარუნ ჩიმქემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის დამთავრების და ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა იმავე უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მისი სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა: „ზმნისწინების სემანტიკური ნიუანსები ახალ სალიტერატურო ქართულში“, რომელიც 2010 წელს დაიცვა პროფ. მ. მაჭავარიანისა და პროფ. რ. საღინაძის ხელმძღვანელობით. იგი თურქი ეროვნების პირველი დოქტორანტია საქართველოში, რომელმაც სადოქტორო ნაშრომი დაიცვა ქართულ ფილოლოგიაში. მთარგმნელობითი საქმიანობა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ ორენოვან ჟურნალში სულხან-საბა ორბელიანის იგავების რამდენიმე ნიმუშის თარგმნით დაიწყო. ამ საქმეში მას ქართული ენის მასწავლებელი და შემდგომში უკვე სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი ქალბატონი რუსუდან საღინაძე ეხმარებოდა. 2005 წელს გადათარგმნა სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „საქართველოს კულტურა“. ამის შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე არაფერი უთარგმნია. 2011 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ შესთავაზა ეთარგმნა ბესიკ ხარანაულის „წიგნი ამბავი ბესარიონისა“. მიუხედავად სირთულეებისა, მან თარგმანი დაამთავრა. ამას მოჰყვა დათო ტურაშვილის „გურჯი ხათუნი“, ზვიად კვარაცხელიას „ფორმა 100“, ნინო სადღობელაშვილის „თავშესაფარი“, შოთა არველაძის „გუშინ“, გიორგი სოსიაშვილის „მარტოსულთა ზამთარი“, ჟუჟუნა ფეიქრიშვილის „ქართველოლოგიის შესავალი“ და რეზო თაბუკაშვილის „13 დღე“. 2015 წელს ჰარუნ ჩიმქემ თბილისში მონოგრაფიის სახით გამოსცა თავისი დისერტაცია. 2015 წელს ჰარუნ ჩიმქემ და რუსუდან საღინაძემ ხუთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად გამოსცეს ქართული ენა – ფონეტიკა და მორფოლოგია, რომელიც თურქეთის ისტორიაში პირველ შემთხვევას წარმოადგენდა. წიგნი არ არის სახელმძღვანელო დამწყებთათვის. იგი განკუთვნილია იმ თურქულენოვანი მკითხველისთვის, რომლებსაც ქართული ენის შესახებ უნდათ ინფორმაციის მიღება. ჰარუნ ჩიმქემ არის პირველი თურქი ეროვნების ქართველოლოგ-ლინგვისტი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროში ძირითადია ქართული ენა, შედარებითი გრამატიკა. მისი სტატიები ხშირად იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალებში. მაგალითად:
10. ქალი ქართული და თურქული ანდაზების მიხედვით (2014); 11. გულთან დაკავშირებული იდიომები ქართულსა და თურქულში (2015); 12. ნატვრა-სურვილისა და პირობითობის გადმოცემა ქართულსა და თურქულში (2015) 13. ზმნის წარსული დრო თურქული და ქართული მასალების მიხედვით (2015); 14. უარყოფითნაწილაკიანი ზმნური ფორმები ქართულსა და თურქულში (2016); 15. კავშირებითი კილოს გადმოცემის საშუალებები ქართულსა და თურქულში (2019) და ა.შ. 2011 წელს ქალაქ რიზეში რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ჰარუნ ჩიმქე. ჰარუნ ჩიმქე ქართულ სამეცნიერო წრეებში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მიზანდასახული და ნიჭიერი მკვლევარი. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებისა და საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში. ქართულმა სამეცნიერო წრეებმა ჯეროვნად შეაფასეს უცხოელი მეგობრის მრავალმხრივი მოღვაწეობა და 2012 წელს იგი აირჩიეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, ხოლო 2015 წელს უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში გაწეული დიდი დამსახურებისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია. „მე საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს. იმ სიკეთესა და სითბოს, რაც მე საქართველოში ვნახე, არასდროს არ დავივიწყებ. ჩემი ვალია, სანამ ვიარსებებ, მანამ ეს ყველაფერი მივიტანო თურქ ხალხამდე…“ - ამბობს ჰარუნ ჩიმქე. წყარო: 1. საქართველოზე შეყვარებული თურქი პროფესორი, რომელიც თურქეთში სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის https://nostal.ge/2018/06/13/sakartveloze-seyvarebul/ 2. ფეიქრიშვილი ჟ. ვაშაკიძე ი. მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, წ. 2, თბ., 2018
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |