შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
იოჰან ქრისტოფ ადელუნგი![]()
ბიოგრაფია
იოჰან ქრისტოფ ადელუნგი (გერმ. Johann Christoph Adelung) არის გერმანელი ლინგვისტი, გერმანული განმანათლებლობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა გერმანული ლიტერატურული ენის ნორმალიზებასა და გაერთიანებაში. ადელუნგის ნაშრომები უშუალოდ წინ უძღოდა გერმანიაში სამეცნიერო ლინგვისტიკის განვითარებას. იოჰან ქრისტოფ ადელუნგი დაიბადა 1732 წლის 8 აგვისტოს პომერანიაში, შპანტეკოვის თემში (ანკლამის მახლობლად) პასტორ იოჰან პოლ ადელუნგის ოჯახში. დედამისი რეჯინა სოფი, ლოპერის მკვიდრი იყო მეზობელი დაბერკოვის პასტორის ქალიშვილი. 1752-1758 წლებში ადელუნგი სწავლობდა ევანგელურ თეოლოგიას გალის უნივერსიტეტში ბაუმგარტენის ხელმძღვანელობით. 1756 წელს მან დააარსა ადგილობრივი მასონური ლოჟა „Philadelphia zu den drei goldenen Armen“ და იყო ლოჟის პირველი მდივანი. 1758 წელს იოჰან ქრისტოფ ადელუნგი დაინიშნა ერფურტის ევანგელურ გიმნაზიაში მასწავლებლად. 1765 წელს გადავიდა ლაიფციგში, თანამშრომლობდა ლაიფციგის გაზეთებთან და ჟურნალებთან, მუშაობდა რედაქტორად და კორექტორად, ეწეოდა თარგმანებს და დამოუკიდებელ ისტორიულ და ფილოლოგიურ კვლევებს. 1782-1784 წლებში გამოსცემდა ჟურნალს გერმანულ ენაზე (Magazin für die deutsche Sprache). ლაიფციგში 1774 წლიდან ადელუნგმა დაიწყო თავისი გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონის Grammatisch-kritisches Wörterbuch der hochdeutschen Mundart გამოცემა, რის წყალობითაც იგი ცნობილი გახდა სამეცნიერო წრეებში. 1784 წელს იგი გახდა მანჰეიმში გერმანიის საზოგადოების წევრი; 1785 წელს - ლაიფციგის გერმანული საზოგადოების წევრი, 1787 წელს - პრუსიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და 1793 წელს -კენიგსბერგის გერმანული საზოგადოების წევრი. 1787 წელს ადელუნგმა მიიღო მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობა საქსონიის კურფიურსტის, ფრედერიკ ავგუსტუს I-ის კერძო ბიბლიოთეკაში, დრეზდენში, რომელიც სიკვდილამდე ეკავა. 1793 წელს ადელუნგმა ასევე აიღო ბიბლიოთეკარის მოვალეობა კურფიურსტის ფრედერიკ ავგუსტ III-ის კერძო ბიბლიოთეკაში. იოჰან ქრისტოფ ადელუნგი გარდაიცვალა 1806 წლის 10 სექტემბერს დრეზდენში. ადელუნგი ძირითადად გერმანული ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებით იყო დაკავებული. ის იყო ი. კ. გოტშედის იდეების მომხრე და მიმდევარი, რომელმაც გერმანული სალიტერატურო ენა ზედიალექტურ განათლებად შეაფასა. მან შეაგროვა თავისი დროის ვრცელი მონაცემთა ბაზა ლიტერატურული ენის ლექსიკის შესახებ. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ წერილობითი ენის ორთოგრაფია სალაპარაკო ენისას უნდა შეესაბამებოდეს. მან განაცხადა: „წერე ისე, როგორც ლაპარაკობ და წაიკითხე ისე, როგორც დაწერილია“. იოჰან ქრისტოფ ადელუნგის შრომა „მითრიდატე, ანუ საყოველთაო ენათმეცნიერება“ შედგება ოთხი ტომისაგან, რომლეთაგან მხოლოდ პირველმა მოასწრო გამოსვლა ავტორის სიცოცხლეში. ეს არის ცნობები მსოფლიოს ენათა შესახებ. I ტომში წარმოდგენილია ცნობები აზიის ენებზე. სწორედ ამ ტომში არის თავმოყრილი ქართული მასალა და არის ქართული ენის ლექსიკური მასალის და გრამატიკული კატეგორიების განხილვის ცდა. ადელუნგი ყურადღებას აქცევს ქართული ენის ცალკეულ დიალექტებს, აგრეთვე მეგრულს და სვანურს. იგი იხსენიებს ანთონ კათალიკოსის და სულხან-საბა ორბელიანის შრომებს. მაგრამ ყველაფერი ეს რჩება მხოლოდ ენათმეცნიერების ჩარჩოებში იმისდა მიუხედავად, რომ მოცულობით ქართული მასალა ადელუნგთან უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე მისი წინამორბედების შრომებში. ადელუნგი ქართულის შემდეგ თვისებებს ჩამოთვლის: ქართული განეკუთვნება მთის ენებს; აქვს 37 ბგერა, აქედან 10 არის შიშინა, 9 – ხორხისმიერი; დამახასიათებელია მაგარი თანხმოვნების თავმოყრა; არა აქვს ნაწევარი, სიტყვების წარმოება ხდება პრეფიქსებითა და სუფიქსებით, სახელი არ განარჩევს სქესს; ბრუნება მარტივია, აქვს 6 ბრუნვა; სახელთა მრავლობითი რიცხვი იწარმოება -ბი, -იბი, -ები სუფიქსებით; ზედსართავ სახელს აქვს შედარებითი (მაწარმოებელი -სი) და აღმატებითი („სულა“ სიტყვის მიმატებით დადებითი ხარისხის ფორმაზე) ხარისხის ფორმები; ნაცვალსახელები წარმოდგენილია სრულად; აქვს უღლების 4 სახეობა, მაგრამ თითქმის ყველა ზმნა თავისებურია. ვნებითის ფორმები პერიფრასტულია; თხრობითის კილოს 6 დრო აქვს; ჩვეულებრივი ნამყოს გარდა კიდევ ორი წარსული დროა; უღლებისას ზმნები იცვლება პირთა მიხედვით, ამავე დროს ნაცვალსახელებსაც ირთავენ წინ; ახასიათებს წინდებულთა სიმცირე და თანდებულთა სიმრავლე; არა აქვს მუდმივი ადგილის მქონე მახვილი: იგი შეიძლება ეცემოდეს ბოლო მარცვალს ან ბოლოდან მეორეს, ან ბოლოდან მესამე ხმოვანს. მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართ. ენის ზოგიერთი თავისებურება ადელუნგის მიერ დიდი ლინგვისტური ალღოთია გამოვლენილი. ალექსანდრე ცაგარლის ვარაუდით, ადელუნგს გამოუყენებია ფრანჩესკო მაჯოს „ქართული ენის გრამატიკა“ (რომი, 1670). ზოგი ფაქტის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ მას სხვა ცნობებიც ჰქონია ქართული ენის შესახებ. ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით ადელუნგის მონაცემები ატარებენ უარღესად შეზღუდულ ხასიათს. იგი მიუთითებს ქართულ ენაზე სასულიერო მწერლობის ლექსიკური და გრამატიკული ლიტერატურის არსებობის ფაქტზე, იძლევა ცნობებს ქართული წიგნის ბეჭდვის შესახებ, ქართულ ტიპოგრაფიაზე, მაგრამ არაფერს ამბობს, სახელდობრ, სიტყვაკაზმულ მწერლობაზე, თვით სულხან-საბა ორბელიანი მისთვის ლექსიკოგრაფია და არა ჰუმანისტი მწერალი, მხატვრული სიტყვის ოსტატი. ადელუნგი საჭიროდ არ მიიჩნევს მსჯელობას რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |