The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი

ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1819
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1892  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვისბადენი, გერმანია
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

     გერმანელი მწერალი, მთარგმნელი და პოეტი ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი დაიბადა 1819 წლის 22 აპრილს გერმანიაში, ქალაქ პეინში ჰანოვერის სამეფოში. მან განათლება მიიღო ბრაინშვაიგში, გოტინგენში, მიუნხენსა და ბერლინში.

     1840 წელს ჩავიდა მოსკოვში, სადაც მიიწვიეს კერძო მასწავლებლად პრინც მიხაილ გოლიცინის ოჯახში, სადაც 1843 წლამდე მუშაობდა. მან თავისი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსული ენის ცოდნის გაუმჯობესებას და სლავური ლიტერატურის შესწავლას, რომელიც შემდეგ წარმატებით თარგმნა გერმანულად.

     1843 წელს მან დატოვა მოსკოვი და, როგორც მოგვიანებით წერდა თავის წიგნში „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1850), რუსეთის ძველი დედაქალაქიდან წავიდა ტფილისის ვენახებით მდიდარ ბაღებში, მთებით გარშემორტყმულ  საქართველოს დედაქალაქში. 

     1844 წელს ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტმა, კავკასიის გუბერნატორის, გენერალ ნიჰარდტის მიწვევით, მიიღო ტფილისის მასწავლებელთა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა, მაგრამ მომდევნო წელს მან უარი თქვა ამ თანამდებობაზე. ამის შემდეგ მოიარა კავკასიის, ყირიმის, მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაბრუნდა გერმანიაში თურქეთის ევროპული ნაწილისა და იონიის კუნძულების გავლით. მან ეს მოგზაურობა დეტალურად აღწერა თავის ნარკვევებში „Die Völker des Kaukasus und ihre Freiheitskämpfe gegen die Russen“ და „Tausend und ein Tag im Orient“, რამაც მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა.

     ბოდენშტედტს კავკასიის რეგიონის ენები გააცნო აზერბაიჯანელმა პოეტმა და მოაზროვნემ მირზა-შაფი ვაზეჰმა (1794-1852), რომელიც იმ დროს ასწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს ტფილისში. ბოდენშტედტს უდიდესი პოპულარობა მოუტანა აზერბაიჯანელი პოეტების ლექსების თარგმანებმა „მირზა შაფის სიმღერები“.

     ერთ დროს ბოდენშტედტი იყო "Austrian Lloyd"-ის რედაქტორი ტრიეტში, შემდეგ Weser-Zeitung-ში ბრემენში, ხოლო 1854 წელს ბავარიის მეფის მაქსიმილიან II-ის პირადი მოწვევით გადავიდა მიუნხენში და კითხულობდა ლექციებს ადგილობრივ უნივერსიტეტში სლავურ ენებსა და ლიტერატურაში, მოგვიანებით კი - ძველ ინგლისურ ლიტერატურაში.

     1867 წელს ფრიდრიხ ბოდენშტედტი გადავიდა მაინინგენში, სადაც იგი გახდა სასამართლო სცენის ხელმძღვანელი.

     1881 წელს მან დატოვა „ძველი სამყარო“ და კითხულობდა საჯარო ლექციებს ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქალაქში.

    1882 წელს ის დაბრუნდა ევროპაში და გახდა ბერლინის გაზეთის Die Tägliche Rundschau რედაქტორი.

    ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი გარდაიცვალა ვისბადენში 1892 წლის 18 აპრილს.

    ბოდენშტედტი ცნობილია თავისი სანიმუშო თარგმანებით და ორიგინალურ ნაწარმოებებით, განსაკუთრებით,  აღსანიშნავია, მისი "მირზა შაფის სიმღერები" („Die Lieder des Mirza-Schaffy"). ბოდენშტედტის დრამები განიცდის მოძრაობის ნაკლებობას და, შესაბამისად, არ აქვთ ისეთი წარმატება. ესენია: ტრაგედია "დიმიტრი", "იმპერატორი პავლე", "ალექსანდრე კორინთოში" და ა.შ.

     ფრიდრიხ ბოდენშტედტი ქართული ლიტერატურის საკითხებზე საუბრობს თავის წიგნში „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, რომელიც დაწერილია 1844-1845 წლებში საქართველოში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე.

     ქართული ლიტერატურა - აღნიშნავს მწერალი - თუმცა ერთნაირად მდიდარია თეოლოგიური, ისტორიული და გეოგრაფიული თხზულებებით, მეტადრე კიდევ ძველი თუ ახალი ენებიდან თარგმანებით, მაინც შეუდარებლად უფრო წინ დგას სომხურ მწერლობასთან შედარებით თავისი უთვალავი პოეტური ძეგლებითო. ბოდენშტედტი ლაპარაკობს შოთა რუსთაველის პოემასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ძველ ძეგლთან ვეფხისტყაოსანთან ერთად შემორჩენილია ტარიელის შთამომავლის ომაინის რომანი, მოსე ხონელის რომანი „ამირანდარეჯანიანი“, სარგის მთოგველის „რომანები დილარიანი და ვისრამიანი, ვრცელი, თექვსმეტჯერადი რითმით დამშვენებული ხოტბა თამარ მეფისა და სხვ პოეტური ძეგლები“. ბოდენშტედტს მოსწონებია ქართული ხალხური სიმღერები, რომელთა შორის მისი სიტყვებით - „მრავალი მარგალიტია“. შემდეგ იგი აღიარებს, რომ მისი მსჯავრი „ქართული პოეზიის უმთავრეს ნიმუშებზე, სრული და სწორი არ იქნებოდა, მეტადრე რომ მათი მთავარი ღირსება ენისა და ფორმის მშვენიერება უნდა იყოს. სხვანაირად ქართველები არც იქნებოდნენ თავიანთი ქმნილებებით  ისე აღტაცებულნი, როგორის მოწმეც მე გავხდი“.

     შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა უმთავრესად შედგება საკვირველი ლეგენდების, წმინდანთა ცხოვრების აღწერისაგან და ა.შ. ასეთი თხზულებების საუკეთესო ნიმუშად, აღნიშნავს ბოდენშტედტი, შეიძლება ავიღოთ დავითისა და კონსტანტინეს წამება და აქვე ბოდენშტედტი თავის მკითხველს აცნობს ამ ორი წმინდანის მარტვილობას იმ სახით, როგორც იგი მოთხრობილი აქვს აკადემიკოს მარი ბროსეს.

   ბოდენშტედტი ლაპარაკობს ქართული ლირიკის შესახებაც. რაკი ლირიკული პოეზია, - მისი აზრით, აღწერას არ ექვემდებარება და იგი მხოლოდ ცოცხალი ნიმუშებით უნდა დაფასდეს, ამიტომაც საილუსტრაციოდ იმოწმებს დიმიტრი თუმანიშვილის „ახალ აღნაგოს“. ბოდენშტედტის სიტყვით, - ამ ერთ საუკეთესო ქართულ ხალხურ სიმღერას, მისსავე მიერ გულმოდგინედ თარგმნილს გერმანულ ენაზე.

წყარო:

  1. რევიშვილი შოთა. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977
  2. Friedrich von Bodenstedt https://en.wikipedia.org/wiki/Friedrich_von_Bodenstedt
  3. Фридрих Боденштедт https://n-dank.livejournal.com/93689.html

გააზიარე: