შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ალექსანდრე ბაუმგარტნერი![]()
ბიოგრაფიაშვეიცარიელი პოეტი და მწერალი, ნობელიის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში 1901, 1902, და 1903 წლებში ალექსანდრე ბაუმგარტნერი დაიბადა 1841 წლის 27 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ სენტ გალში. ალექსანდრეს მამა, გალუს იაკობ ბაუმგარტნერი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო. თოთხმეტი წლის ასაკში ალექსანდრე წავიდა სასწავლებლად მარია ეინსიდელნის სააბატოში. იქ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილმა პოეტმა და მეცნიერმა გალ მორელმა. 1860 წელს გამოცდების ჩაბარების შემდეგ ბაუმგარტნერი შევიდა იესოს საზოგადოებაში. 1874 წელს იგი მიიღეს სამი წლით ადრე დაარსებული პერიოდული გამომცემლობის Stimmen aus Maria-Laach-ის რედაქციაში, სადაც ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში მოღვაწობდა. მისი ნაწერები ჟურნალის თითქმის ყველა ნომერში იბეჭდებოდა. 1883 წელს ალექსანდრე ეწვია ისლანდიას, ფარერის კუნძულებსა და სკანდინავიას. სამი წლის შემდეგ - დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას. ორივე მოგზაურობა აღწერილია წიგნებში Nordische Fahrten (1889 და 1890). ალექსანდრე ბაუმგარტნერი გარდაიცვალა 1910 წლის 5 სექტემბერს ლუქსემბურგში. დაკრძალულია ლუქსემბურგის სასაფლაოზე თავისი ძველი მეგობრისა და თანამემამულე ჯოზეფ სპილმანის გვერდით. ბაუმგარტნერის კალამს ეკუთვნის მრავალი სტატია ლიტერატურის ისტორიის შესახებ, რომლებიც შეგროვდა და გამოიცა 1912 წელს, როგორც მისი Geschichte der Weltliteratur-ის დამატებითი ტომი. გამოცემულია ალექსანდრე ბაუმგარტნერის მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის ექვსი ტომი: დასავლეთ აზია და ნილანდერები (1897); ინდოეთი და აღმოსავლეთ აზია (1897); ბერძნებისა და რომაელების კლასიკური ლიტერატურა (1900); ქრისტიანული ხალხების ლათინური და ბერძნული ლიტერატურა (1900); ფრანგული ლიტერატურა (1905); და ბოლოს, იტალიური ლიტერატურა (1911), რომლის დაწერის დროს გარდაიცვალა. პირველ ტომში „დასავლეთ აზია და ნილანდერები“, რომელიც გამოიცა ფრაიბურგში 1897 წელს, ავტორი მსჯელობს აღმოსავლეთის ხალხთა ძველი ქრისტიანული ქვეყნების ლიტერატურაზე. აქ ცალკე თავი ეძღვნება ქართულ ლიტერატურას. სქოლიოში დართული მასალებიდან ირკვევა, რომ ავტორს მასალად გამოუყენებია ძირითადად არტურ ლაისტის და მარი ბროსეს შრომები. ავტორი დასაწისში აღწერს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და ქართველთა ისტორიულ ბედს. აქ იგი ზოგჯერ ბუნდოვნად და არაზუსტ ცნობას გვაწვდის ცალკეული ქართველური ტომების და ქართული ენის დიალექტების ურთიერთმიმართების შესახებ. ბაუმგარტნერი ნაშრომში მოგვითხრობს ამბებს საქართველოში მირიანის მეფობის დროს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებით; ვახტანგ გორგასლის მეფობისა და მიერ მიერ გაკეთებული სახელმწიფოებრივი საქმეების შესახებ; VI საუკუნეში საქართველოში სირიიდან ასურელი მამების შემოსვლასა და მოღვაწეობაზე და მათ მიერ ქართველთა საბოლოო გაქრისტიანებაზე; დავითისა და კონსატანტინეს გმირობაზე სარკინოზთა წინააღმდეგ ბრძოლაში; სახელმწიფოს სათავეში ბარატიონთა დინასტიის მოსვლაზე; დავით აღმაშენებლის და თამარის მეფობაზე; მონღოლათა შემოსევების შედეგად საქართველოში დარტიალებულ უბედურებებზე; რუსეთზე ორიენტაციის აღების თანდათან გაძლიერებასა და საბოლოოდ, რუსეთ-საქართველოს შეერთებაზე. ბაუმგარტნერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართველთა მცირერიცხოვნებისა, ისინი არასოდეს ყოფილან სამუდამოდ დამონებულები სპარსელების და არაბების, მონღოლების და თურქების მიერ. მათ ისიც კი შეძლეს, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და შეექმნათ მდიდარი სიტყვაკაზმული მწერლობა. პირველ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ძეგლად ავტორი ასახელებს ბერძნულიდან თარგნილ ბიბლიას. სულიერმა მამებმა თავიანთი ლიტერატურული მოღვაწეობით შექმნეს დიდი რაოდენობით მარტირიკები და სვინაქსარები, აგრეთვე წიგნები მეცნიერების მრავალ სფეროში. შემდეგ ლაპარაკობს საეკლესიო პოეზიაზე და სასულიერი ლიტერატურის სხვა ჟანრებზე. საერო მწერლობა, ამბობს ბაუმგარტნერი, - შედარებით გვიან განვითარდა და უმაღლეს მწვერვალს თამარის მეფობის ხანაში მიაღწია. აქ მწერალი დაწვრილებით ლაპარაკობს შოთა რუსთაველის და მისი პოემის შესახებ. ავტორი, ასევე, საუბრობს იმ პერიოდში მოღვაწე მგოსნებზე - შავთელსა და ჩახრუხაძეზე და სხვა ლიტერატურულ ძეგლებზე. მონღოლების შემოსევის შედეგად საქართველოში დიდი ხნით შეწყდა ლიტერატურული განვითარება, რომელმაც გამოცოცხლება დაიწყო XVIII საუკუნეში. კერძოდ, ავტორი საუბრობს თეიმურაზ პირველის და ვახტანგ მეექვსის დროს შექმნილ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის დავით გურამიშვილის შემოქმედებაზე. რუსეთთან შეერთების შემდეგ, - განაგრძობს ბაუმგარტნერი, - ქართულ მწერლობაზე დიდად იმოქმედა რუსულმა ენამ და ლიტერატურამ, თუმცა არ შეწყვეტილა სპარსული კაზმულსიტყვაობის გავლენა. ქართველები გაეცვნენ დასავლეთის მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის ქართველი მწერლების, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე. საუბარია აკაკი წერეთლის და გიორგი ერისთავის დიდ ღვაწლზე ქართული თეატრის დაფუძნების საქმეში. სტატიის დასასრულს ლაპარაკია ისტორიული რომანისა და ლირიკის უახლეს მდგომარეობაზე. მოხსენიებულია გრიგოლ ორბელიანი და მთლიანადაა მოტანილი არტურ ლაისტის მიერ თარგმნილი მისი ლექსი - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ალექსანდრე ბაუმგარტნერის შრომა, სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას და ისტორიული ფაქტების უზუსტობებს შეიცავს. იგი, ასევე, არ ეხება მდიდარ ქართულ ზეპირსიტყვიერებას და არსად იხსენიებს ილია ჭავჭავაძეს და ვაჟა-ფშაველას. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |