The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფრანც ფინკი

ფრანც ფინკი
ოფიციალური სახელი:ფრანც ნიკოლაუს ფინკი
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1867
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1910  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

     გერმანელი ენათმეცნიერი ფრანც ნიკოლაუს ფინკი დაიბადა 1867 წლის 26 ივნისს, ქ. კრეფელდში. სწავლობდა მიუნხენში, პარიზში და მარბურგში. 1909-1910 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების პროფესორი.

    ფრანც ფინკს გამოქვეყნებული აქვს  შრომები ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებზე; სწავლობდა სომხურ, ბოშურ და სხვა ენებს და ერთ-ერთმა პირველმა აღწერა თანამედროვე ირლანდიური დიალექტები. როგორც ვ. ჰუმბოლდტის იდეების მიმდევარი, იგი ეხებოდა მსოფლიო ენების ტიპოლოგიის ზოგად პრობლემებს და შემოგვთავაზა ენების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც დიდწილად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას დღემდე.

    ფრანც ფინკი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ნაშრომებით კავკასიურ ენების შესახებ. მან ასევე ბევრი იმუშავა სომხურ ენაზე, შეადგინა ამ ენის გრამატიკა.

     ფინკის მოსაზრება, რომ კავკასიის ყველა ენა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დღეს ცნობილია როგორც მცდარი.

     ქართველოლოგიის საკითხებში ფრანც ნიკოლაუს ფინკი არის არტურ ლაისტის მიმდევარი. თავის კაპიტალურ გამოკვლევაში "აღმოსავლური ლიტერატურები" რომელიც გამოვიდა ბერლინსა და ლაიფციგში 1906 წელს, ფინკმა შეიტანა ცალკე შრომა "ქართული ლიტერატურა". ქართული მწერლობის ისტორიას ფინკი ყოფს ხუთ პერიოდად, რომელთაგან პირველია მომზადების პერიოდი - V-XI საუკუნეები, მეორე - აყვავების - XII საუკუნე, მესამე - დაცემის - XIII-XVI საუკუნეები, მეოთხე - აღმავლობის - XVII-XVIII საუკუნეები და მეხუთე - ახალი ლიტერატურის პერიოდი, ახალი ხანა, დაწყებული რუსეთთან საქართველოს შეერთებით.  ცალკე პერიოდების მიმოხილვის დაწყებამდე შესავალში ავტორი ახასიათებს თვით ამ მწერლობის შემქმნელი - ქართველი ხალხის აწმყოს და ისტორიულ წარსულს, გეოგრაფიულ განლაგებას და რიცხობრივ შემადგენლობას, აგრეთვე, ქართული ენის სხვადასხვა დიალექტებს.

      აღსანიშნავია, რომ ქართული მწერლობის ცალკეული ფაქტების თუ წარმომადგენელთა შემოქმედების გაშუქექებისას, ავტორი მოქცეულია ემპირიული მასალის ტყვეობაში, რის გამოც შესაძლებლობა აღარ რჩება ლიტერატურული მოვლენებისა და მხატვრული ტექსტების ანალიზისთვის. იგი, ასევე, ზედმეტად აფასებს საქართველოსთვის დასავლეთის, კერძოდ, კათოლიკურ რელიგიაში გამოხატული - სულისკვეთების შემოჭრის ფაქტს. 

   დასასრულს, ფინკი მიუთითებს თავისი შრომის მეცნიერულ წყაროებზე. მას საკუთარი მსჯელობა აუგია ფრანც კარლ ალტერის, მარი ბროსეს და ალექსანდრე ხახანაშვილის გამოკვლევათა საფუძველზე.

     ფინკმა თავისი შრომით "ქართული ლიტერატურა" რამდენადმე განსაზღვრა გერმანულ ენაზე მკითხველთა წარმოდგენები, საერთოდ, ქართული მწერლობისა და, კერძოდ, მისი ცალკეული მესვეურების შესახებ. ამიტომაც ფრანც ფინკის შრომის ღირსება-ნაკლოვანებები შემდეგში ხშირად იჩენდა თავს მომდევნო წლების ავტორთა შრომებში.

     ფრანც ნიკოლაუს ფინკი გარდაიცვალა 1910 წლის 4 მაისს  ბერლინში.


გააზიარე: