The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ფრანჩესკო ტრეჩი

ფრანჩესკო ტრეჩი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

იტალიელი მწერალი, ისტორიკოსი ფრანჩესკო ტრეჩი დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ ფლორენციაში, სადაც დღესაც ცხოვრობს და მუშაობს Sismic Sistemi srl-ში კომერციული დირექტორად.

ფრანჩესკომ 14 წლის ასაკში პირველად საქართველოს შესახებ გაიგო თავისი ბიძისგან, რომელიც იმ დროს იუგოსლავიაში პარტიზანებთან იბრძოდა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე პერიოდი, გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლა შევარდანაძის ხელისუფლებით. შემდეგ, 2000 წელს მან წაიკითხა იტალიელი ავტორის სტატია საქართველოს შესახებ, რამაც მასში ჩვენი ქვეყნისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ფრანჩესკო ტრეჩი სწავლობდა ფლორენციის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. მან თავისი სადიპლომო ნაშრომის თემად საქართველო აირჩია. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ მშობლებისგან, მისი სურვილის თანახმად, საჩუქრად მიიღო თბილისში გამოსამგზავრებელი ბილეთი. 2003 წლის ივლისში მეგობრებთან ერთად ფრანჩესკო პირველად ეწვია თბილისს. ამ დროს მან მხოლოდ თბილისის ნახვა შეძლო, თუმცა მიხვდა რომ წინ ბევრი საინტერესო ელოდა. იტალიაში დაბრუნებისას ფრანჩესკო ტრეჩიმ სწავლა განაგრძო ფლორენციის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საქართველოს ისტორია და სადიპლომო თემად კვლავ საქართველო აირჩია, ხოლო ქართული ენა შეისწავლა იმ პერიოდში იტალიაში მოღვაწე ქართველ პროფესორ გაგა შურღაიასთან.

2011 წლის იანვარში ფლორენციაში ჩავიდა მამა ანდრია ლაცაბიძე, რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა ტოსკანას რეგიონში მცხოვრები ქართველები. აქედან დაიწყო ტოსკანას ქართული დიასპორის კულტურული ცხოვრება. ფრანჩესკო აქტიურად ურთიერთობდა ამ ქართველებთან, ხოლო მამა ანდრიასთან მეგობრობამ ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოსთან.

ფრანჩესკო ტრეჩის იტალიურ ენაზე გამოცემული აქვს სამი წიგნი საქართველოს შესახებ: „Storia della Georgia: Dalle origini ad oggi“ („საქართველოს ისტორია: წარმოშობიდან დღემდე“), „Georgia: il paese che Dio voleva per sé“ („საქართველო: ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“) და „საქართველო". როგორც ავტორი აღნიშნავს, თავის ნაშრომებში მას არ აქვს პრეტენზია მეცნიერულ აღმოჩენებზე. მისი მიზანია მოკლედ გააცნოს იტალიელებს ეს უნიკალური ქვეყანა, რომლის შესახებ "იტალიაში თითქმის არავინ არაფერი იცის".  

ფრანჩესკო ტრეჩი დროდადრო იტალიურ გაზეთებში აქვეყნებს წერილებს საქართველოს შესახებ და ეწევა მის პოპულარიზაციას.

ფრანჩესკო ტრეჩი შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას, ყოველ წელს სტუმრობს საქართველოს და მოვლილი აქვს მისი ყველა კუთხე. იტალიაში მან რამდენიმე ბლოგი მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას და გადაწყვიტა, წელიწადში ერთხელ მოაწყოს დიდი ტური - "მოგზაურობა საქართველოში ფრანჩესკოსთან ერთად".

ფრანჩესკო ტრეჩის ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მან უმცროს ქალიშვილს საქართველოს სიყვარულით ჯორჯა დაარქვა.

წყარო:

  1. ბაბუნაშვილი მ. ფრანჩესკო ტრეჩი: „მე დიდიხანია საქართველოთი ‘მოვიწამლე“ – „კვირის პალიტრა, 2019, 17-23 ივნისი
  2. მამუკაძე ნ. „მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი "მომპარავდა" - იტალიელი, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე წიგნი დაწერა - კვირის პალიტრა, 2016.
  3.  ოქრუაშვილი, რ. "მთელი ჩემი სიყვარულია - ფრანჩესკო ტრეჩის 'საქართველო" https://gurianews.com/mtheli-chemi-siqhvarulia-phranchesko-trechis-saqarthvelo/

გააზიარე: