The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


რობერტ ბლაიხშტაინერი

რობერტ ბლაიხშტაინერი
ოფიციალური სახელი:რობერტ იოსეფ აუგუსტ ბლაიხშტაინერი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1891
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1954  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვენა, შტადლაუერის სასაფალო
კატეგორია:ეთნოლოგი, ენათმეცნიერი, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

ავსტრიელი მეცნიერი, ეთნოლოგი, ქართველოლოგი რობერტ იოსეფ აუგუსტ ბლაიხშტაინერი დაიბადა 1891 წლის 6 იანვარს ვენაში, მარიაჰილფში. მამამისი იოსეფ ლუდვიგ ბლაიხშტაინერი იყო აბრეშუმის მღებავის თანაშემწე.

1901-1910 წლებში ბლაიხშტაინერი სწავლობდა ვენის მე-6 სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ, მან ვენის უნივერსიტეტში განაგრძო ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და აღმოსავლური ენების შესწავლა. 1914 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი და გახდა აღმოსავლეთმცოდნე და აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი, 1917 წელს გახდა სრულუფლებიანი წევრი. 1922 წელს ბლაიხშტაინერი სწავლობდა კავკასიურ ენათა უნივერსიტეტში. 1921 წლიდან მუშაობდა მოხალისედ ბუნების ისტორიის მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში, (ამჟამად ეთნოლოგიის მუზეუმი, ვენაში), 1926 წელს დაინიშნა სამეცნიერო ოფიცრად, რომელიც ხელმძღვანელობდა აზიის განყოფილებას. 1929 წელს ის შეუერთდა Gesellschafts- und Wirtschaftsmuseum-ის Otto Neurath-ს Gesellschaft und Wirtschaft-ის წარმოებას, სადაც ერთი წელი მოღვაწეობდა.

1939 წელს რობერტ ბლაიხშტაინერი დაქორწინდა ალისა ემა მარი შარლოტა კრაცენშტეინზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს, იგი გახდა ეთნოლოგიის მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1947 წელს - ასოცირებული პროფესორი. როგორც ეთნოლოგმა ბლაიხშტაინერმა შეიმუშავა მეცნიერული მიდგომა ცენტრალური აზიის, ციმბირისა და კავკასიის მიმართ, ამ რეგიონების ენების ჩათვლით.

რობერტ ბლაიხშტაინერი გარდაიცვალა 1954 წლის 10 აპრილს, ვენაში და დაკრძალულია შტადლაუერის სასაფლაოზე. 1957 წელს ვენაში, ფავორიტენში, მე-10 რაიონს დაარქვეს მისი სახელი - Bleichsteinerstraße.

1950 წელს ბლაიხშტაინერმა იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, ესტუმრა საქართველოს, უშუალოდ გაეცნო ქართველ ხალხს, რომლის ყოფას, ენას და ლიტერატურას იგი ადრევე ეცნობოდა და ეუფლებოდა.

რობერტ ბლაიხშტაინერს ეკუთვნის ყურადსაღები გამოკველევები ქართული ლიტერატურის, ეთნოლოგიისა და კაზმულსიტყვაობის საკითხებზე. მან თარგმნა ქართული ლიტერატურა გერმანულად.

ბლაიხშტაინერი თავისუფლად ფლობდა ქართულ და სომხურ ენებს. იკვლევდა ქართველურ ენებს და მათ დიალექტებს. აგრძელებდა ჰუგო შუხარდტის საენათმეცნიერო სკოლის ტრადიციებს. ბლაიხშტაინერს ეკუთვნის ნაშრომები: „კავკასიელ ხალხთა და ენათა მიმოხილვა“ (1918), „ქართული ბალადა ამირანზე“ (1918), „ქართული ანდაზები, გამოცანები, თქმულებები და ზღაპრები თარგმანით, კომენტარებით, ტრანსკრიფციითა და ლექსიკონითურთ“ (გამოიცა 1919 ვენაში ქართულ და გერმანულ ენებზე), „ნარკვევები ქართველთა ტომის – გურულების ენისა და ეთნოგრაფიის შესახებ“ (1931–1932), „კავკასიურ ენათა ჯგუფი“ (1937), „ვეფხისტყაოსანი – მე-12 საუკუნის ქართული მინეზინგური პოემა“ (1940), „დიდი ქართველი პოეტი – ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1945), „ქართული ლიტერატურა“ (1948), „ქართველი ხალხი“ (1949), „საქართველო გუშინ და დღეს“ (1950).

ბლაიხშტაინერმა გერმანულად თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" ხალხური ვერსია, გამოსცა კრებული „ახალი ქართველი პოეტები“ (1946), რომელშიც შევიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელისა და სხვათა ნაწარმოებები; ცალკე გამოსცა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ (1947). გამოუქვეყნებელი დარჩა გარსევან ჩოლოყაშვილის „ხილთა ქება“ და შიო არაგვისპირელის მოთხრობები. 

რობერტ ბლაიხშტაინერი აღნიშნავდა, რომ ქართველი ერის ისტორია დასაბამს იღებს ძველი აღმოსავლეთის მოწინავე ხალხების კულტურათა შორის. შავბნელი პოლიტიკური ხვედრის მიუხედავად ქართველები ყოველთვის რჩებოდნენ კავკასიის მაცხოვრებელთა შორის სულიერად ქმედით ხალხად. ქართული ლიტერატურა, უაღრესად თავისებურ მუსიკასა და ორიგინალურ სახვით ხელოვნებასთან ერთად, ქართველთა სულიერ ქმნილებათა შორის რჩება განსაკუთრებულ სფეროდ და მოითვლის თხუთმეტამდე საუკუნეს.

წყარო

1. შ. რევიშვილი. გერმანულ-ქართული ეტიუდები, თბ., 1977

2. Robert Bleichsteiner https://www.geschichtewiki.wien.gv.at/Robert_Bleichsteiner

3. Robert Bleichsteiner https://archiv.ub.uni-heidelberg.de/propylaeumdok/1550/1/Jettmar_Robert_Bleichsteiner_1954.pdf

4. Bleichsteiner Robert Josef August https://www.biographien.ac.at/oebl/oebl_B/Bleichsteiner_Robert-Josef-August_1891_1954.xml;internal&action=hilite.action&Parameter=bleichsteiner


გააზიარე: