შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
შტეფი ხოტივარი-იუნგერი![]()
ბიოგრაფიაგერმანელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი შტეფი ხოტივარი-იუნგერი დაიბადა 1952 წლის 24 მარტს ქალაქ ლაიფციგში. იენაში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1971-1975 წლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში რუსულ-ტაჯიკურ ენებს. ამ დროს იგი დაინტერესდა ქართული ენით, რომელიც შეისწავლა იენის უნივერსიტეტში გერტრუდ პეჩის ხელმძღვანელობით. 1973 წელს ჩამოვიდა საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "კონსტანტინე გამსახურდია და მისი შემოქმედების ადრინდელი რომანები (1912–1935)", ხოლო 1994 თსუ-ში – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ისტორიული რომანის განვითარების გზები" (მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ოთარ ჭილაძე). შტეფი ხოტივარი-იუნგერი თავის ქართველ მეუღლესთან, გერმანისტ და მთარგმნელს არჩილ ხოტივართან ერთად, მუშაობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, სადაც სლავისტიკის განყოფილებაში 11 წელი იმუშავა ასისტენტად. 1990 წელს გახდა უფროსი ასისტენტი და მას შემდეგ მუშაობდა სლავისტიკის ფაკულტეტზე ქართული და რუსული ლიტერატურის განხრით, ასევე - სხვა ეროვნების ავტორების რუსულენოვან ლიტერატურაზე. 1994 წლიდან ხოტივარი-იუნგერი ასევე ასწავლიდა ქართულ ენას ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იგი 1992-1995 წლებში რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემას „საქართველოდან და საქართველოზე“. 2005 წელს ხოტივარი-იუნგერმა ელგუჯა ჩინთიბიძესთან ერთად გამოსცა მარი პრიტვიცის 1940-იანი წლებში ქართულიდან გერმანულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. იგივე თარგმანი 2011 წელს გამოიცა ბერლინში; 2010 წელს გამოსცა წიგნი "ქართული სახელმძღვანელო სპეციალურად უცხოელებისათვის", რომლის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა. იგი ერთ-ერთი მთარგმნელთაგანია 2016 წელს გერმანიაში გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგიისა. 2006-2012 წლებში ხოტივარი-იუნგერი იყო ქართველოლოგიურ ჟურნალ „გეორგიკას“ რედაქტორი. ეს იყო საქართველოსა და კავკასიის კულტურის, ენისა და ისტორიის თითქმის ყველა საკითხის ამსახველი ჟურნალი მარიკა ლორთქიფანიძესთან ერთად. მან ასევე შეისწავლა ჩრდილოეთ კავკასიის ლიტერატურა და 2003 წელს გამოსცა წიგნი „კავკასიის ხალხთა ლიტერატურა“, რომელსაც მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. შემდგომ წლებში ხოტივარი-იუნგერმა განაგრძო მუშაობა მთარგმნელად და რედაქტორად. იგი გერმანულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ქართული ლიტერატურის და ქართველი მწერლების შესახებ სტატიებს, რეცენზიებს, ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებს (ი. ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე, ა. კალანდაძე, ნ. დუმბაძე, ი. აბაშიძე და სხვ.); მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებშიც ("კრიტიკა", "ცისკარი"). შტეფი ხოტივარი-იუნგერი გერმანიაში ქართული კულტურის ელჩია. წყარო 1. Steffi Chotiwari-Jünger https://allgeo.org/index.php/de/3220-steffi-chotiwari-juenger 2. ჭოხონელიძე გ. ბერლინელი ქართველოლოგი // ლიტერატურული საქართველო, 1981, 23 იანვარი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |