The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


გუსენი ჰაინრიხ

გუსენი ჰაინრიხ
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1863
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 1927  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბონი, ნორდფრიდჰოფი, გერმანია
კატეგორია:აღმოსავლეთმცოდნე, მკვლევარი

ბიოგრაფია

გერმანელი მეცნიერი, თეოლოგი, ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე ჰაინრიხ გუსენი დაიბადა 1863 წლის 2 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ეშვაილერში.

1883-1887 წლებში ჰაინრიხ გუსენი ბონში სწავლობდა ფილოსოფიას, კათოლიკურ თეოლოგიას და აღმოსავლეთმცოდნეობას. 1888 წელს იგი მღვდლად აკურთხეში კიოლნში და სიკვდილამდე მუშაობდა სხვადასხვა სამწყსოს ფუნქციებში, მათ შორის 1895 წლიდან 1918 წლამდე სამხედრო კაპელანად სტრასბურგში, აახენსა და დიუსელდორფში. მან ბერძნულისა და რუსულის გარდა, აღმოსავლური ეკლესიების კვლევის სპეციალობით ბონისა და ბერლინის უნივერსიტეტებში შეისწავლა სხვადასხვა აღმოსავლური ენა. 1897 წელს ფრაიბურგში მან მიიღო თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ნაშრომით იოანეს კოპტური საჰიდური აპოკალიფსის შესახებ. 1921 წლიდან 1927 წლამდე ის როგორც აღმოსავლური საეკლესიო კვლევებისა და აღმოსავლური ენების „სრული საპატიო პროფესორი“ ასწავლიდა ბონის უნივერსიტეტში კათოლიკურ სასულიერო ფაკულტეტზე და აღმოსავლურ სემინარიაში. 

ჰაინრიხ გუსენმა დატოვა მნიშვნელოვანი ორიენტალისტური კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს ბონის უნივერსიტეტსა და სახელმწიფო ბიბლიოთეკებშია დაცული.

ჰაინრიხ გუსენი გარდაიცვალა 1927 წლის აპრილში, ქ. ბონში, დაკრძალულია ნორდფრიდჰოფში.

ჰაინრიხ გუსენის სამეცნიერო ინტერესის სფეროს, უპირველს ყოვლისა, წარმოადგენდა ბიბლიის ტექსტისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ენებზე ლიტურგიის საკითხების შესწავლა. აქედან გამომდინარე, მის ბიბლიოთეკაში უმეტესად დაცულია ნაშრომები აღმოსავლური ენების: სირიულის, ებრაულის, არამეულის, კოპტურის, არაბულის, სომხურის, ქართულის და სხვათა შესახებ. მათი გამოცემის თარიღები მოიცავს XVI-XX საუკუნეებს.  გუსენის ბიბლიოთეკის ღირებულება მდგომარეობს მის შედარებით სისრულეში - გუსენმა შეაგროვა  ცალკეული ენობრივი ჯგუფების შესახებ თითქმის ყველაფერი, რაც ამ თემის ირგვლივ იბეჭდებოდა, მათ შორის, საჟურნალო და საგაზეთო სტატიებიც. გარდა ამისა, მის ბიბლიოთეკაში ინახება აღმოსავლური ენების ლექსიკონები და გრამატიკები; ნაშრომები აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ; დაახლოებით 40 ნაშრომი კავკასიოლოგიის პრობლემატიკას შეეხება.

დასახული მიზნის მისაღწევად - გამოცემების შესაგროვებლად - ჰაინრიხ გუსენს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ცნობილ მკვლევარებთან, რომლებიც გარკვეული ფულადი გასამარჯელოს საფასურად გერმანელ მეცნიერს თავიანთ ქვეყნებში დასტამბულ სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროდუქციას უგზავნიდნენ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოში ამგვარ მეცნიერთა რიცხვს ექვთიმე თაყაიშვილი და კორნელი კეკელიძე მიეკუთვნებოდნენ, რომელთა შორის 1912-1926 წლებში მიმდინარეობდა მიმოწერა. აღნიშნული წერილებიდან ირკვევა, რომ ჰაინრიხ გუსენი გამხდარა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებული "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი; საინტერესოა გუსენის მოსაზრებები ამა თუ იმ სამეცნიერო პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ა. შ. 

ექვთიმე თაყაიშვილის და კორნელი კეკელიძის მიერ გაგზავნილი წერილები ჰაინრიხ გუსენისადმი ინახება მკვლევარის პირად არქივში.

ჰაინრიხ გუსენი წლების განმავლობაში ბონის უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული და სომხური ენების სალექციო კურსებს. 

გერმანიაში სასწავლებლად წასულ გრიგოლ ფერაძეს 1924 წელს პროფესორი ჰაინრიხ გუსენი დაეხმარა ბონის უნივერსიტეტში მიღებაში. მას შემდეგ, იგი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლე იყო. მათ ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც გაგრძელდა გუსენის გარდაცვალებამდე. გრიგოლ ფერაძე მის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის  თავის წიგნში "ქართული კულტურის სამსახურში".

ჰაინრიხ გუსენი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც მან საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ზოგადად, ქართველოლოგიის პრობლემატიკის შესწავლას მიუძღვნა. ესენია: „Undergeorgische Drucse und Handschriften. Die Festordunung und Heiligenkalender des altchristlischer Ierusalims berteffend” (Munchen, 1923), “Die georgische Bibel-Ubersetzung  (ჟურნ. „Oriens Christianus”, Wiesbaden, 1924, №6, s. 300-318).

წყარო

  1. საითიძე გოჩა. ჰაინრიხ გუსენის უცნობი წერილები ექვთიმე თაყაიშვილსა და კორნელი კეკელიძისადმი (XX ს-ის 10-20-იანი წლები) // ქართული დიპლომატია, 2003, №11
  2. ფერაძე გრიგოლ. ქართული კულტურის სამსახურში // არტანუჯი, 2005, №1
  3. Goussen Heinrich https://www.sammlungen.ulb.uni-bonn.de/de/historische-drucke/historische-bibliotheken/goussen-heinrich

გააზიარე: