| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
პოლ მენინგი![]()
ბიოგრაფიაამერიკელი ენათმეცნიერი, ანთროპოლოგი და ქართველოლოგი პოლ მენინგი დაიბადა 1964 წლის 7 თებერვალს შტატ ვაშინგტონის ქალაქ ბელვიუში. 1982-1987 წლებში სწავლობდა რიდის კოლეჯის (პორტლენდი, შტატი ორეგონი) ბაკალავრიატზე. ამავე პერიოდში სწავლობდა უელსურ ენას უელსსა (1984, 1987) და არგენტინაში (1988). პოლ მენინგმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ენათმეცნიერების მიმართულება), რომელიც 2000 წელს დაამთავრა. დისერტაციის თემა გახლდათ კელტური ენების ბრიტული შტოს ისტორიული სინტაქსი. ქართულ ენას 1992-93 წლებში თბილისშიც ეუფლებოდა და 2001 წლიდან დღემდე თითქმის ყოველწლიურად ახორციელებს თბილისში საველე სამუშაოებს. მოწვეული პროფესორის სტატუსით არაერთ ადგილას იმუშავა, თუმცა საბოლოოდ თავისი კარიერული გზა ტრენტის უნივერსიტეტის (ონტარიო, კანადა) ანთროპოლოგიის დეპარტამენტს დაუკავშირა, სადაც ამჟამად სრული პროფესორის თანამდებობა უკავია. იგი „ლინგვისტური ანთროპოლოგიის ჟურნალისა“ (Journal of linguistic Anthropology) და „სემიოტიკური მიმოხილვის“ (Semoitic Review) რედაქტორია. პოლ მენინგის ამჟამინდელი ნაშრომებისა და სწავლების დიდი ნაწილი მატერიალური კულტურისა და მედიის სემიოტიკას ეხება. ის სამი წიგნის ავტორია („უცნობები უცნაურ მიწაზე“, აკადემიური კვლევების გამომცემლობა, 2012; „სასმელების სემიოტიკა და სასმელის კონტინუუმი/ბლუმსბერი“, 2012; და „სიყვარულის ისტორიები“, ტორონტოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015). მისი ძირითადი ეთნოგრაფიული კვლევითი ცენტრი საქართველოა, თუმცა ის ასევე მუშაობდა უელსსა და არგენტინაში უელსურენოვან მოსახლეობაზე. სხვა თემებთან ერთად, მან დაწერა სხვადასხვა სახის ფოლკლორული მონსტრების „სპექტრულ მიგრაციებზე“ დროსა და სივრცეში, ქალაქებში მიგრირებული ქართული გობლინებიდან დაწყებული, კორნუოლური პიქსიებითა და კორნუოლური ტრანსატლანტიკური სამთო სულებით, სახელად ტომინოკერებით დამთავრებული, ჩრდილოეთ ამერიკის აჩრდილებითა და სპირიტისტური სეანსებით დამთავრებული. ამჟამად ის მუშაობს გრძელვადიან ეთნოგრაფიულ პროექტზე საქართველოში ბაღებისა და ურბანული სივრცის სემიოტიკის შესახებ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

