| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ფრანცისკო მარია მაჯო![]()
ბიოგრაფია იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეატინელი ბერი, ორიენტალისტი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი ფრანცისკო-მარია მაჯო (იტალ. Francesco Maria Maggio) დაიბადა 1612 წელს პალერმოში, იურისტის ოჯახში.
1632 წელს ფრანცისკო მარია მაჯო შევიდა თეატინელების სასულიერო პირთა რიგებში და გულმოდგინედ შეუდგა ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლას, სანამ აღმოსავლეთში გამგზავრების ნებართვა არ მიეცა.
1636 წელს ის თავის რამდენიმე ძმასთან ერთად სირიის, არაბეთის და სომხეთის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მოციქულობა ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებისა და დიალექტების შესწავლას შეუთავსა. აქ იგი თითქმის რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, თავდაპირველად, გორში, შემდეგ – სამეგრელოში, ძირითადად კი – გურიაში. მან რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა.
1643 რომში ლათინურ ენაზე გამოსცა ნაშრომი „თხზულება აღმოსავლური ენების შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება“. წიგნის პირველი ნაწილი არის „...ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესები“ („.. Georgianae, seu Iberiae vulgazis linguae – Institiones grammaticas“). 1970 წელს ხელმეორედ გამოიცა მაჯოს "ქართული ენის გრამატიკა" სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. ვატიკანთან არსებული ეს დაწესებულება ამჟამად "ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად" იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.
ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას მაჯომ ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მან არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპელი მკითხველებისთვის გასაცნობად.
წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება: ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი და პროსოდია. იგი იწყება ქართული ანბანით (ასოები და ასოთა სახელები) შესაბამისი ლათინური ტრანსლიტერებითურთ, რომლებიც შექმნილია ქართული ბგერების თვისებათა გათვალისწინებით. ავტორი ემყარება ს. პაოლინისა და ნ. ირბაქის (ნ. ჩოლოყაშვილი) ტრანსლიტერაციის წესებს. აქვე ფონეტიკურად გაანალიზებულია თანხმოვნები და ხმოვნები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; მოცემულია პროსოდიული დახასიათებაც.
მორფოლოგიურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულ ენას არა აქვს სქესის კატეგორია; სახელს აქვს ექვსი ბრუნვა (გამოყენებულია ლათინური ენის სქემა): სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალდებული, წოდებითი და გამოსვლითი (მოთხრობითის ფორმები სახელობითის ვარიანტად არის მიჩნეული); ხმოვანფუძიან სახელებში ბრალდებითი ბრუნვა სახელობითისგან განსხვავებულია ი სუფიქსით (სახ. მთა – ბრალდ. მთა-ი). უკვეცელ სახელთა მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების ფორმები ემთხვევა ერთმანეთს (ნათ.–მიც. ხბოსა, დროსა), ებ-იანი მრავლობითის გვერდით განხილულია ნართანიანი მრავლობითის ფორმებიც. ცალკე განიხილება ნაცვალსახელები, მოცემულია პირისა და კითხვით ნაცვალსახელთა ბრუნება.
მნიშვნელოვანია მაჯოს დაკვირვება უღლების ფორმებზე: თხრობით კილოში, ლათინურისაგან განსხვავებით, ექვსი მწკრივია (დაემატა თურმეობითი I – Praeteritum pezfectum magis propingum – „ყველაზე უფრო ახლო მყოფი ნამყო სრული“). მაჯო გამოყოფს ნატვრით კილოსაც, რომელსაც აწარმოებს თხრობითის ფორმაზე დართული ნაეთანს („ნეტამც“) ნაწილაკი. გამოყოფილია სუბიექტური I და III პირთა ნიშნები: ვ-, ა, -ს, შესაბამისად, ასევე ობიექტურ პირთა მ-(I), გ-(II) და უ-(III) პრეფიქსები, შენიშნულია სუბიექტური II პირის ხ- პრეფიქსი თავის ადგილას სამ ზმნაში (ხარ, მოხვალ, შეხიქ „გააკეთებ“), თუმცა პირთა ანალიზისას ის ცალკე არ განიხილება. მაჯო ცალ-ცალკე თავებში მსჯელობს ზმნიზედათა, შორისდებულთა და კავშირთა შესახებ; მორფოლოგიაშივეა განხილული სახელთა წარმოქმნის მნიშვნელოვანი სახეობები. სინტაქსში მოცემულია შეთანხმებისა და მართვის წესები სახელთა შორის, სახელსა და ზმნას შორის ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით, პროსოდიაში განხილულია სიტყვაში მახვილის შემთხვევები. წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით. XVII–XVIII სს. ევროპელი მეცნიერები ქართულ ენას მაჯოს ნაშრომით ეცნობოდნენ. ფრანციკო-მარია მაჯოს "ქართული ენის გრამატიკის" ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში.
თავად ფრანცისკო-მარია მაჯო, საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას, საკუთარ თავს "ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილ ახალ არგონავტს" ადარებდა.
ფრანცისკო-მარია მაჯო გარდაიცვალა 1686 წლის 12 ივნისს.
წყარო
1. ვათეიშვილი ჯ., პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, თბ., 1983;
2. კალანდია გ., ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილი ახალი არგონავტი. - ისტორიანი“. - 2018, №6
3. ორლოვსკაია ნ., ფრანცისკო-მარია მაჯო და მისი ქართული ენის გრამატიკა. - სამშობლო, 1972. - 14 ივლისი
4. უთურგაიძე თ. მაჯო (Maggio) ფრანჩესკო-მარია https://georgianencyclopedia.ge/ka/form/30329
5. ჩიქობავა არნ., შრომები, ტ. XIII: იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 2018.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

