| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ანტონ შიფნერი![]()
Biographyგერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი, ტიბეტოლოგი, ინდოლოგი, ეთნოლოგი, მითოლოგი, ფინურ-უნგრული ენების სპეციალისტი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კლასიკური ფილოლოგი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. თუშური და უდიური ენების პირველი მკვლევარი ფრანც ანტონ ფონ შიფნერი (გერმ. Franz Anton von Schiefner ) დაიბადა 1817 წლის 18 ივნისს ესტონეთში, ქ. რევალში (ტალინი). იგი იყო ბოჰემიიდან რუსეთში გადასული მინით მოვაჭრის ფრანც შიფნერის და კრისტინა შნაიდერის მეოთხე შვილი. მან თავდაპირველად, სწავლა რევალის სკოლაში დაიწყო, რის შემდეგაც 1836 წელს, 19 წლის ასაკში, თავისი ადვოკატი ძმის - ავგუსტ უილჰემ შნაიდერის რჩევით, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. იმისდა მიუხედავად, რომ შიფნერმა სამართალმცოდნეობა ბოლომდე შეისწავლა, 4 წლის შემდეგ მიხვდა, რომ მას ენები მეტად იზიდავდა და სწავლა ბერლინში განაგრძო, სადაც 1840 წლიდან 1842 წლამდე დრო აღმოსავლურ ენებს დაუთმო. 1843 წელს ფრანც ანტონ შიფნერი დაბრუნდა სანქტ-პეტერბურგში და დაიწყო ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობა გრამატიკის პირველ სკოლაში, სადაც 1849 წლამდე, ხოლო ბერძნული ენის მასწავლებლად 1852 წლამდე მუშაობდა. შემდეგ 1860-1873 წლებში იგი კლასიკური ენების პროფესორად იყო სანქტ-პეტერბურგის კათოლიკურ სასულიერო აკადემიაში. მას შემდეგ, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსის ტიტული მიიღო. გარდა ამისა, იგი გახდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის მეორე განყოფილების დირექტორი და სანქტ-პეტერბურგში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი. ანტონ შიფნერი ასევე დაინტერესებული იყო ინგლისით, მისი ენითა და კულტურით და ამიტომ მას სამჯერ ეწვია 1863, 1865 და 1878 წლებში. შიფნერი 1876 წლის 29 დეკემბერს, 59 წლის ასაკში დაჯილდოვდა ანენის პირველი დონის ორდენით. ანტონ შიფნერს ეკუთვნის შრომები: "ტიბეტური შტუდიები”, “ისტორია ბუდიზმის ინდოეთში” (1869); მან გამოსცა მანუსინსკის თათართა შეთქმულებები (1859), კასტრენის ჩრდილოეთ რუსეთს ადა ციმბირში მოგზაურობის ანგარიში, გერმანულად თარგმნა ფინური ეპოსი “კალევალა” და სხვ. ანტონ შიფნერს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი საქართველოს, ძირითადად კი თუშეთის, თუშური და უდიური ენების შესახებ, ასევე ხუნძური ენის შესახებ. ანტონ ფონ შიფნერი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც საუკუნეში თუშური ენის ბგერათა სისტემა და დისტრიბუცია პირველად მეცნიერულად შეისწავლა. მან გამოსცა და გამოაქვეყნა სტატიები თუ წიგნები: „მოკლე დახასიათება თუშური ენისა“, რომელიც 1854 წელს გამოსცა, „ცდა თუშური ენის ანუ ქისტური კილოს შესახებ თუშეთში” (1856), რომელსაც თან ერთვის თუშურ-გერმანული ლექსიკონი და “თუშური გრამატიკა“ გერმანულ ენაზე 1878 წელს, ხოლო 1862 წელს - “ცდა ხუნძურის შესახებ”. თავად შიფნერი არათუ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც კი არასდროს ყოფილა, თუმცა მას წერილობითი კავშირი ჰქონდა მრავალ ფილოლოგთან ორიენტალისტთან თუ ლინგვისტთან, მათ შორის, ალვანის სამების ეკლესიის მღვდელთან, წოვათუშ იობ ცისკაროვთან (ცისკარიშვილი) - თუშური ენის სპეციალისტთან, რომელსაც 1848 წელს გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომი „მოკლე თუშურ-წოვური გრამატიკა, შედგენილი ალვანის სამების თუშთა ეკლესიის მღვდლის, იობ ცისკაროვის მიერ“ და „რუსულ-წოვა-თუშური ლექსიკონი“. სწორედ ეს სტატია გამოიყენა ანტონ შიფნერმაც თავისი მრავალი ნაშრომის დაწერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ. გერმანელ კავკასიოლოგსა და ქართველოლოგს წერილობითი კავშირი ასევე ჰქონდა იობის ძმასთან - გიორგი ცისკარიშვილთან, რომელიც პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო. ანტონ შიფნერი ასევე პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც არა მარტო თუშური, არამედ უდიური ენა მეცნიერულად შეისწავლა, რის შემდეგაც, 1863 წელს მან პეტერბურგში, საიმპერატორო აკადემიის მემუარებში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ცდა უდთა ენის შესახებ“. გერმანელი ქართველოლოგი იყო ის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც მოიაზრა, რომ უდიურ ენაში არსებითი სახელი ბრუნების მიხედვით 5 ძირითად ჯგუფად იყოფა (ერთმარცვლიანი ხმოვანფუძიანი სახელები, ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი სახელები, ორ ან მეტმარცვლიანი ხმოვანფუძიანი სახელები, ორ ან მეტმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი სახელები, „pluralia tantum” სახელები). ხუნძურისა და უდურის შესახებ გამოკვლევები იმავე ვითარებაში მუშავდებოდა , როგორშიც მონოგრაფია ბაცბურის შესახებ. კავკასიიდან მიღებული მასალა ამ ენებისა ანტონ შიფნერმა დაამუშავა სათანადო ენების წარმომადგენლებთან პეტერბურგში. აღსანიშნავია, რომ შიფნერმა ასევე შეისწავლა ავარული, ყაზიყუმუხური, ოსური ენები და მათი გრამატიკა, რომელთაგან ოსურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც გამოიყენა დანიელ ჭონქაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია ოსური ენის შესახებ. ანტონ შიფნერი გარდაიცვალა 1879 წლის 16 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში. წყარო: 1. ჩიქობავა, ა. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 2008 2. Шифнер Антон Антонович https://bioslovhist.spbu.ru/alumni/5077-sifner-anton-antonovic.html 3. Шифнер Антон Антонович https://xn--h1ajim.xn--p1ai
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

