The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


ვინფრიდ ბოედერი

ვინფრიდ ბოედერი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთა შორის გამორჩეულია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ქალაქ ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი.

ვინფრიდ ბოედერი დაიბადა 1937 წლის 2 აპრილს. სწავლობდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 1967 წელს იგი გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1972 წლიდან ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი ძირითადი სპეციალობა ანგლისტიკაა. ასწავლის ინგლისურ ენას, მის ისტორიას, ზოგად ენათმეცნიერებას.

ვინფრიდ ბოედერს ქართული ენა ჰამბურგისა და კილის უნივერსიტეტების პროფესორმა ნიკოლოზ ჯანელიძემ შეასწავლა და შეაყვარა. ნიკოლოზ ჯანელიძე ომამდე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ომში იგი ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში დამკვიდრდა. იგი ცდილობდა, გერმანელებისათვის გაეცნო საქართველო, მისი ისტორია და კულტურა. ნიკოლოზ ჯანელიძე გულითადად მოეკიდა ახალგაზრდა გერმანელს, ყოველმხრივ დაეხმარა მას ქართული ენის რთულ სისტემაში გაწაფულიყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინფრიდ ბოედერს, უკვე სახელმოხვეჭილ მეცნიერს, ყოველთვის ახსოვდა თავისი მასწავლებლის ამაგი, ხშირად ნახულობდა მას და დახმარებასაც სთავაზობდა.

პირველი სერიოზული გამოკვლევა – "ქართული ზმნის ქცევის შესახებ" ბოედერმა 1968 წელს დაბეჭდა ჰამბურგში. 

1974 წლის გაზაფხულზე ვინფრიდ ბოედერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და აქ სექტემბრამდე დარჩა. მისი მასწავლებლები იყვნენ ძველ ქართულში – ივანე იმნაიშვილი, მეგრულში – ტოგო გუდავა, სვანურში – ალექსანდრე ონიანი, კონსულტაციებს უწევდნენ აკაკი შანიძე და ალექსანდრე ღლონტი. გერმანიის სამეცნიერო კავშირის (DFG) დახმარებით, ვინფრიდ ბოედერი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირით ჩამოდის საქართველოში, სადაც იგი ამ ხნის მანძილზე შინაურ კაცად, სასურველ სტუმრად იქცა საქართველოს ყოველ კუთხეში, რომლებიც მან ფეხით შემოიარა – კახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, სამტრედია (მისი პირველი მასწავლებლის ნიკოლოზ ჯანელიძის „მამულეთი“), ქუთაისი, შავი ზღვის სანაპირო…

ვინფრიდ ბოედერს ქართულის შესახებ არაერთი შრომა აქვს გამოქვეყნებული საქართველოსა და უცხოეთის სოლიდურ ჟურნალებში. მათგან შეიძლება გამოიყოს გამოკვლევა "ქართული ზმნის ქცევის შესახებ" (1969), "ძველი ქართული ანბანის ანალიზი" (1975), „მაქვს“ და „მყავს“ ქართველურ ენებში" (1980), "ქართველი ბერები ათონის მთაზე და ქართული სამწერლო ენის ისტორია" (1983), „და“-ს ხმარების ზოგიერთი თავისებურება ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში" (1983), "ქართველური ენების წოდებითის შესახებ" (1985), "ქართული და მონათესავე ენები ევროპის საზღვართან" (1987), "ხევსურული ანდაზების სტრუქტურისა და ინტერპრეტაციისათვის" (1991), "შენიშვნები მრავლობითის -ეთ სუფიქსის შესახებ ძველ ქართულში" (1992) და სხვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვინფრიდ ბოედერის ის გამოკვლევები, რომლებიც ემსახურება ქართული ენისა და მწიგნობრობის მოაზრებას ზოგად კულტუროლოგიურ ასპექტში. უცხოელი მკვლევარის თვალი საინტერესოდ წარმოგვიდგენს ეროვნული თვითცნობიერების, ქრისტიანული კულტურისა და ენობრივი თვითგანსაზღვრის ურთიერთმიმართების პრობლემურ საკითხებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: "იდენტიტეტი და უნივერსალიტეტი" (1994), "ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში" (1997) და სხვა.

ვინფრიდ ბოედერი ნაყოფიერი მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც გამოირჩევა. 1969 წელს მან ჰამბურგში გამოსცა გერმანული თარგმანი გიორგი კლიმოვის მონოგრაფიისა „კავკასიური ენები“, კომენტარებითურთ, ხოლო 1982 წელს გამოაქვეყნა გერმანული თარგმანი თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის მონოგრაფიისა „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“.

ვინფრიდ ბოედერი წლების განმავლობაში ასწავლის ქართულ ენას დაინტერესებულ სტუდენტებსა და მეცნიერებს.

1995-2001 წლებში ბოედერი ოლდენბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა, სადაც ყოველ ორ წელიწადში აწყობდა სიმპოზიუმებს თემაზე "კავკასიური ენების ენობრივი პრობლემები"და სიმპოზიუმზე ქართველ მეცნიერებსაც იწვევდა.

ბოედერი ამჟამადაც მონაწილეობს ქართულ-გერმანულ ერთობლივ სამეცნიერო პროექტში. იგი ინგლისურენოვანი ქართული სამეცნიერო ჟურნალის "ქართველოლოგი" რედკოლეგიის წევრია.

ვინფრიდ ბოედერი დღეს მსოფლიოში აღიარებული ქართველოლოგია. მას პატივს სცემენ და მის ღვაწლს დიდად აფასებენ. უკანასკნელ წლებში მან ითავა კარლ ჰორსტ შმიდტის მიერ წამოწყებული დიდი საქმის - ქართველოლოგიური (და კავკასიოლოგიური) სიმპოზიუმების - ჩატარება. ყოველ ორ წელიწადში ოლდენბურგის უნივერსიტეტი და ბოედერების სტუმართმოყვარე ოჯახი მასპინძლობს კავკასიოლოგებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ შორის აუცილებლად არიან საქართველოს წარმომადგენლებიც.

2009 წლის 27 ოქტომბერს, ქართველოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის,სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ვინფრიდ ბოედერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 

ბოედერს უყვარს ქართველი ხალხი, საქართველო. იგი ხშირად ჩამოდის ჩვენთან, სადაც მრავალი მეგობარი ჰყავს. ადრე მასთან ერთად ჩამოდიოდა ხოლმე მისი მეუღლე დორისი – ასევე უაღრესად განათლებული და სათნო პიროვნება.

წყარო:

 1.  გამყრელიძე, თამაზ, სარჯველაძე, ზურაბ. ვინფრიდ ბოედერი // ლიტერატურული საქართველო, 2002, 24, მაისი.

2. მარუაშვილი, თამარ. ენობრივ ფაქტებში გაცხადებული ქართველურ–კავკასიური ნათესაობა // თბილისის უნივერსიტეტი, 2009, 13 ნოემბერი.

3. ღლონტი, ალექსანდრე. მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები, თბ., 1998.



გააზიარე: