The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირი

იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირი
Date of birth:1 May, 1877
Date of death:1928  (at 50 years)
Category:Therapist

Biography

იასონ მუჯირი იყო თვალსაჩინო ექიმი და საზოგადო მოღვაწე. (მისი პირადი  არქივი და სხვა დოკუმენტები დაცულია ზუგდიდის მხარეთმცოდნეობისა და თბილისის თეატრისა და კინოს მუზეუმში).

ექიმი იასონ მუჯირი დაიბადა გურიაში, ოზურგეთთან ახლომდებარე სოფელ ბოხვაურში, 1877 წლის 1 მაისს. მამამისი ნიკიფორე,  სოფლის ღარიბი მღვდელი, ყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის კარგი მცოდნე,  ზედმიწევნით პატიოსანი და უანგარო ადამიანი. - იგონებს მისი შვილიშვილი ჯიმშერ მუჯირი.

დედა სალომე  კი ძველი აზნაურთა გვარის შთამომავალი იყო.

იასონმა წერა-კითხვა შინ ისწავლა. შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ოთხი კლასი დაამთავრა. გამოემგზავრა თბილისში სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. მამამისისა და სოფლის სურვილი იყო იასონის მღვდლად მომზადება. თბილისის სასულიერო სემინარია, მაშინ უმაღლესი სასწავლებლის როლს ასრულებდა. აქ თავს იყრიდნენ საქართველოს მოწინავე ახალგაზრდები  (იაკობ გოგებაშვილი) და ასევე რევოლუციურად განწყობილი ჭაბუკები: მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, კობა ჯუღაშვილი.

იასონ მუჯირი სემინარიის დასრულების შემდეგ იურიევში გაემგზავრა იქაური უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე სასწავლებლად, რომელიც დაამთავრა 1904 წელს. საყურადღებოა, რომ იურიევის (შემდგომ ტარტუს) უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული იყო ქართველ სტუდენტთა გუნდი. ამ მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. იასონი გუნდის აქტიური წევრი გახლდათ. 1907 წელს სრულუფლებიანი ექიმის წოდება მიიღო და გამოემგზავრა საქართველოში.

გარკვეული პრაქტიკის გავლის შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში დაიცვა და მიიღო  მაზრის ექიმის წოდება.

იგი დაქორწინდა ზუგდიდელი მღვდლის ქალიშვილზე ნინუცა თოლორაიაზე, ზედსიძედ შევიდა და ზუგდიდში დასახლდა. მთავრობამაც აქ გამოამწესა სამუშაოდ.

ახალგაზრდა ექიმს ზუგდიდელებმა მშვენიერი ორსართულიანი სახლი აუშენეს თეატრალურ მოედანზე და სამუდამოდ დაასახლეს ჩამოსული სიძე.

როგორც მისი თანამედროვეები იგონებენ, საექიმო საკითხებს იასონი უდგებოდა არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე. ის ფიქრობდა, რომ ავადმყოფის სხვადასხვა სენთა კურნება და ტკივილების დაამება, თუმც დიდი სასახელო საქმეა, მაგრამ საკმარისი და დამაკმაყოფილებელი არ არის, თუ მას აგრეთვე საერთო  საზოგადოებრივი მოქმედება არ მოჰყვება.

იასონი აქტიურად მონაწილეობს ზუგდიდისა და მთელი მაზრის ცხოვრებაში: არის ქალაქის ხმოსანი,  ერობის პრეზიდიუმის წევრი, მაზრის დელეგატი, სამაზრო პლენუმისა და პრეზიდიუმის წევრი. უკვე საბჭოთა პერიოდში ზუგდიდის ქალაქის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე. იასონი და მისი მეუღლე ნინუცა თოლორაია იყვნენ ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრები.  იგი მუდამ დაბეჯითებით ითხოვდა ავადმყოფებისთვის სათანადო პირობების შექმნას, სამკურნალო ქსელის გაფართოება-გაძლიერებისათვის ხელის შეწყობას, ბუნებრივი მონაპოვრების სამკურნალო წყლებისა და სააგარაკო  მთების კეთილმოწყობას.

მისი ექიმად დანიშვნის დროს ზუგდიდის მაზრაში თითო ოროლა  ექიმი და სამედიცინო პუნქტი იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი გახსნა სამაზრო საავადმყოფო, რამდენიმე განყოფილებით, ორი სასოფლო საავადმყოფო, სამალარიო სადგური,, კბილის საექიმო კაბინეტი, თვალის სამკურნალო კაბინეტი. 14 საექიმო პუნქტი, 11 საფერშლო, 22 აფთიაქი.

იასონ მუჯირის მიერ აღმოჩენილია და მოქმედებს  სამკურნალო წყლები ცაისში, სქურში, საჰაერო სამკურნალო ადგილები ჯაკონია, ოხაჩქუე და თეკანაში.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ფართო მასებში ჰიგიენური და საექიმო ცოდნის შეტანას. ფიქრობდა ამ ცოდნის გავრცელების საშუალებებზე. გამოსცა პოპულარული შინაარსის წიგნაკები, გაზეთებში აქვეყნებდა  საჭირო სამედიცინო ინფორმაციას, ატარებდა საჯარო ლექციებსა და საუბრებს.

იასონს რამდენიმე სერიოზული შრომა აქვს დაწერილი. ზუგდიდელ ახალგაზრდებს უძღვნა თავისი ლექციების კრებული -  „Елементарная  медицина д-ра Муджири“, რომელიც დაიბეჭდა 1912 წელს. იგი იწვევდა და მეცნიერულ მუშაობაში აბამდა ექიმებს, რომლებიც ესწრებოდნენ ქართულ სამეცნიერო ყრილობებს. თავადაც გამოდიოდნენ მოხსენებებით. მის არქივში მრავლადაა გამოყენებული შრომები, რომლებიც თავისი აქტუალობით დღესაც არ კარგავენ მნიშვნელობას.

მეგობრები ასე იხსენებდნენ: იგი საიმედო, ამხანაგია და მეგობარი, ყოველთვის, განსაკუთრებით გაჭირვებაში. იშვიათი ენერგიის  მაღალი სულის, მტკიცე ხასიათის ხელმძღვანელი.“

იასონ მუჯირის არქივში ყურადღებას იქცევს მისივე ხელით დასურათებული პატარა წიგნი „საშინაო სამკურნალო გიმნასტიკა“, რომელიც 1902 წლით არის დათარიღებული; ერთ რვეულში კი თავი მოუყრია ლექსებისთვის: აქ ძირითადად ის ლექსებია შეკრებილი, რომელიც ჯარში ყოფნის დროს (1-ლი მსოფლიო ომში სამი წლით იყო მივლინებული, როგორც ჰოსპიტლის  ხელმძღვანელი სამხედრო ექიმი.) დაუწერია. ყოველ ლექსს მიწერილი აქვს შექმნის ადგილი  (ბობრუისკი, გომელი, სმოლენსკი).

იასონმა თავის მეუღლეს ნინუცა თოლორაიას (რომელმა დაწყებითი განათლება სახლში მიიღო) ისე კარგად ასწავლა მედიცინა, რომ მისი მარჯვენა ხელი გახდა.  დახელოვნდა ექთნის სპეციალობაში,  ბებიაქალის როლსაც წარმატებით ასრულებდა. მაზრაში თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ყველა ნინუცასთან გარბოდა, ისიც ,როგორც შეეძლო ეხმარებოდა. ნემს ისე აკეთებდა, რომ ვერც გრძნობდნენ. ღრმა მოხუცებულ ნინუცას მოსაკითხად ზუგდიდიდან ხშირად ჩამოდიოდნენ მისი ახლობლები და პაციენტები, უგზავნიდნენ მოსაკითხს და ემადლიერებოდნენ. - იხსენებს მისი შვილთაშვილი ანა ჭავჭავაძე.

გარდა საექიმო მოღვაწეობისა, იასონი 17 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჰიგიენასა და მედიცინის საფუძვლებს ზუგდიდის სასწავლებელში. ასევე იასონ მუჯირი იყო თანხის ერთ-ერთი შემომწირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მშენებლობისათვის და აქტიურად უჭერდა მხარს ნიკო ცხვედაძეს ამ საშვილიშვილო საქმეში. 

იასონ მუჯირის სახლში  თავს იყრიდნენ მოწინავე ადამიანები. ასევე ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები თითქმის ყოველთვის  ამ სახლში იყრიდნენ თავს, მათ შორის  აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო მესხიშვილი და სხვები. ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ლადო მესხიშვილის საპატივცემულოდ იასონმა უფროს ვაჟს დაარქვა ლადო.

ზუგდიდში იასონ მუჯირის სახლი  გახლდა რევოლუციური მოძრაობის ცენტრი. ერთი ოთახი საგანგებოდ გამოყოფილი ჰქონდა  რევკომს, რომლის თავმჯდომარეც იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, იასონის დიდი მეგობარი ლეო ქიაჩელი.ზუგდიდის მხარემცოდნეობის მუზეუმში  ინახება რევკომის ბეჭედი წარწერით: „ზუგდიდის რევკომი მუჯირის სახლი“ სწორედ ამ სახლის აივნიდან აცნობა ზუგდიდის მოსახლეობას რევკომის თავმჯდომარე ლეო ქიაჩელმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება.

იასონი სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც საქართველოში მიიღო დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება.

იასონ მუჯირი გარდაიცვალა 1928 წელს 51 წლის ასაკში.

1928 წელს გაზეთ კომუნისტის 2 მარტის ნომერში, გამოქვეყნებულია უაღრესად  თბილი წერილი სათაურით: „ უანგარო მუშაკის ხსოვნას“, სადაც ლაპარაკია იასონ მუჯირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებებზე.

  


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრი (1913-)