The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ეგნატეს ძე ფიფია

ვახტანგ ეგნატეს ძე ფიფია
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:1990  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1966 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1967 წლიდან პროფესორი; 1970 წლიდან განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის კათედრას. იკვლევდა გულმკერდის ღრუს ქირურგიის საკითხებს; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა.

ბ-ნმა ვახტანგ ფიფიამ დიდი წვლილი შეიტანა ქირურგიის ინსტიტუტის თანამედროვე კლინიკურ ცენტრად ჩამოყალიბებაში. მან, როგორც დირექტორმა სახელოვანი გზა განვლო და დიდი როლი შეასრულა მრავალპროფილიანი თანამედროვე სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევითი და კლინიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღესაც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით არა მარტო რესპუბლიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ბ-ნ ვახტანგის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო გულმკერდის ქირურგიის აღიარებული ლიდერის აკადემიკოს ა. ბაკულევის ხელმძღვანელობით. ქალაქ მოსკოვში მის მიერ შექმნილი გულის რითმის რთულ დარღვევათა ქირურგიულ ცენტრში ჩატარდა ელექროკარდიოსტიმულატორის 1500-ზე მეტი ჩანერგვა კარგი შედეგით. გულის რითმის დარღვევათა ქირურგიული მკურნალობის პრობლემებთან დაკავშირებით გამოცდილების გასაზიარებლად ბ-ნი ვახტანგი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი მონაწილეობდა აგრეთვე ამ პროფილით ყოფილ სსრკ და უნგრეთის ერთობლივ სიმპოზიუმებში.

ბ-ნმა ვახტანგმა, ერთ-ერთმა პირველმა გულის განივი ბლოკადის დროს დაადგინა ფიქსირებული რითმით ელექტროკარდიოსტიმულაციის არასრულყოფა და დაასაბუთა ბიომართვით სტიმულაციის უპირატესობა.

ბ-ნი ვახტანგის ხელმძღვანელობით დაცულია 12 დისერტაცია (3 - სადოქტორო და 9 - საკანდიდატო). მის მიერ აღზრდილი მეცნიერი მუშაკები და პრაქტიკოსი ექიმები დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას.

პროფესორ ვ. ფიფიას მეცნიერულ ინტერესთა სპექტრი სრულადაა ასახული 170 გამოქვეყნებულ შრომასა და 8 მონოგრაფიაში, მათი უმეტესობა დღესაც სამაგიდო წიგნია კარდიოქირურგებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია