The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე

აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1961  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

 დაიბადა ქ. ლანჩხუთში. 1929 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სტოლატოლოგიური ფაკულტეტი. გამოჩენილი სტომატოლოგი, მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "მასალები პირის ღრუს ორგანოების კლინიკისა და პათოლოგიური ანატომიის შესწავლისათვის მალარიის დროს" (1946), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა შრომების მიხედვით დისერტაციის დაუცველად. პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

 1908-1912 წლებში იყო პროფესორ ზვერჟხოვსკის ასისტენტი და კბილ-საექიმო კურსების ქირურგიული განყოფილების გამგე პეტერბურგში. 1912 წელს მიწვეულ იქნა რუსეთის საიმპერატორო კარზე და 1917 წლის დამდეგამდე იყო იმპერატორნიკოლოზ II-ის პირადი ექიმი-სტომატოლოგი. პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914-1917) იყო პეტერბურგის მთავარი სამხედრო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი. 1915 წელს მიენიჭა სამოქალაქო საკლასო ჩინი - "Действительный статский советник" ("ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი"), რომელიც ცარისტული რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასი იყო. იმავდროულად, ებოძა გრაფის ტიტული. 1917 წელს არჩეულ იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრად. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, დამფუძნებელი კრების დათხოვნისთანავე, 1917 წლის დამლევს ურუშაძე დაბრუნდა საქართველოში. თბილისში ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო მოღვაწეობას, ჰქონდა კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი.

  1926 წელს ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წლიდან იყო თბილისის მის მიერვე დაარსებული პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი. 1930-იდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1937-1948 წლებში იყო თბილისის მის მიერ დაარსებული სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1935-1961 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. 1947 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნ. ხარისხი და პროფესორის სამეცნ. წოდება. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე აპოლონ ურუშაძე იყო სტომატოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

  ურუშაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტომატოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელო "თერაპიული სტომატოლოგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა 1 სადოქტორო და 12 საკანდიდატო დისერტაცია. იყო 50-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი. აპოლონ ურუშაძე დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკას.

პოლიტიკური მოღვაწეობა

  საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოცხადებისთანავე, როგორც საქართველოს ესერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (ესერთა პარტიის წევრი იყო 1917 წლიდან), დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსად და ამ მოვალეობას ასრულებდა 1920 წლის შუა ხანებამდე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში ურუშაძე იყო მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციის წევრი და აქტიურად თანაუგრძნობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ე.წ. "ჩეკა") მიერ დაპატიმრებული იყო 1923 წელს.

  აღსანიშნავია, რომ 1930–იანი წლების მეორე ნახევარში და 1940–იანი წლების დამდეგს ურუშაძე იყო ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის, – "პრომეთე"–ს და საფრანგეთში მოქმედი "საქართველოს ეროვნული საბჭოს" რეზიდენტი საქართველოში. 1951-1952 წლებში იგი დაპატიმრებული იყო საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ. მოგვიანებით (1955) მიიღო სრული რეაბილიტაცია.