The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი გრიგოლის ძე ელიავა

დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1892
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1937  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

   დაიბადა ქ. ბათუმში. ნოვოროსიის (ოდესის), ჟენევის და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს აღზრდილი (დაამთავრა 1916 წელს). გამოჩენილი მიკრობიოლოგი. დახელოვნდა პარიზში - პასტერის ინსტიტუში (1919-1931). თეორიული და პრაქტიკული მიკრობიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. თბილისის ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე.

   საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ რა გახდა გ. გ. ელიავას პასუხისგებაში მიცემის მიზეზი. როგორც გ. გ. ელიავას ჩვენებიდან ჩანს, 1918 წელს თბილისში იგი გადაიბირეს საჯაშუშოდ საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ელიავა აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ. როგორც ჩანს ელიავას ჩვენებებიდან, 1924 წ. წითელ არმიაში საჯაშუშოდ მან გადაიბირა ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ფსევდონიმით „ამო“, რომლისგანაც ელიავა იღებდა მასალას საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და სიძლიერეზე, რისთვისაც თითო მოხსენებაში უხდიდა მას ანაზღაურების სახით 500-600 მანეთს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელიავამ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით კავშირი დაამყარა ბუდუ მდივანთან და კარპე მოდებაძესთან, რომელთაგანაც იგი სისტემატურად იღებდა ინფორმაციას ქართული ნაციონალისტური ცენტრის საქმიანობის შესახებ. ელიავა თავის ჩვენებებში ამბობს, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით იგი ატარებდა დივერსიულ საქმიანობას და ახალ წევრებს იბირებდა საჯაშუშოდ ინგლისური დაზვერვის სასარგებლოდ. როგორც გ. გ. ელიავა 1937 წლის 7-9 ივნისის დაკითხვაზე აჩვენებს, ბუდუ მდივანი შეუთანხმდა მას ომის დროს საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმისას ბაქტერიოლოგიის გამოყენებაზე და გააფრთხილა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას დაუკავშირდებოდა მიხეილ ოკუჯავა. ელიავას თქმით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა შესთავაზა მას, რომ ბაქტერიული მიკრობების საშუალებით მოეწყოთ ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ, მაგრამ ელიავამ ამაზე უარი უთხრა. 

   გიორგი ელიავასთან მიმართებაში სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა არის 20.11-1940 წ. საქ. სსრ შინსახკომის 1-ლი განყოფილების ყოფილი უფროსის ცნობა იმის შესახებ, რომ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გიორგი გრიგოლის ძე ელიავას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.