მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-11-12
სტალინის მეკარე

"თქვენც ნახეთ რა საქმე - ოცი სულელი ბიჭი ერთ ბურთს დასდევთ, - გულმოსული იძახდა სამსახურიდან შინდაბრუნებული მამა.- შენ ოღონდ თქვი და ყველას თითო ბურთს გიყიდით!.."
ერთ დღეს იაკობი მუშტაიდის ბაღთან მაიაკოვსკის ქუჩას მიუყვებოდა და "დინამოს" სავარჯიშო მოედნის გისოსებს მიღმა ფეხბურთელები და კარში მდგარი შვილი, მიშა დაინახა. იაკობს ადვილად გაუგებს კაცი: თავად ხელოსანს, შვილისთვისაც ისეთი პროფესიის მიცემა უნდოდა, ოჯახის რჩენა შეძლებოდა და ხალხის პატივიც ჰქონოდა. ისე, კარგად კი იცოდა თუ რატომ ჰქონდა შვილს მუდამ გადაყვლეფილი მუხლები - ასფალტზე დოროხოვისეულად გადახტომა ადვილი საქმე როდი იყო. შურა დოროხოვი, 30-იან წლებში დინამოელთა კარის მცველი და თბილისელი ბიჭების კერპი, ხშირად სტუმრობდა ფეხბურთელ სერგეი კუზმინს, რომელიც ძველ ნიკოლაევსკის, მერე კი კალინინის ქუჩის 73 ნომერში ცხოვრობდა. ეს ახლაა ტრამვაის ხაზებაყრილი და ხეებგადაბელილი ქუჩა ფაბრიკის საკვამლე მილივით უხმო და გაშიშვლებული, იმ დროს კი ზარის წკრიალი გაუდიოდა ცნობილ "ათიანს" - სამვაგონიან ტრამვაის, რომლითაც ფეხბურთის დღეებში ხალხი სტადიონზე მიდიოდა. ეზოებში კი ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ცვლა იზრდებოდა, ომამდელი თაობის ბიჭები უნივერსალები იყვნენ, თანრიგები სპორტის რამდენიმე სახეობაში ჰქონდათ, თან პატიოსნების კოდექსს ითვისებდნენ, რომლის წყალობით ეზოს გუნდებს თანატოლ ძალთა შეფარდების პრინციპით ადგენდნენ. მაშინ იყო, რომ მომავალი ჩემპიონები პირველად უფიქრდებოდნენ, თუ რა არის მათი ფასი, ვის ირჩევენ პირველ რიგში კაპიტნად - სწორედ ისე, როგორც რამდენიმე წლის შემდეგ დაზვერვისთვის არჩევდნენ ხალხს. მიშას, როგორც ყველაზე უმცროსსა და ჩხინკორას, კარში აყენებდნენ, თუმცა თავად უფრო გოლების გატანა ერჩივნა.
გავა წლები და ლეგენდარული მეკარე მიხეილ პირაევი ჩემს კითხვაზე, თუ რომელ თავის კოლეგას გამოყოფდა განსაკუთრებით - ხომიჩს, ლეონიდ ივანოვს, მარღანიას, იაშინს თუ სერგო კოტრიკაძეს - დიდი ფიქრის შემდეგ მიპასუხებს:
- მაინც დოროხოვს. მას, ალბათ, მოსკოვის სპარტაკელი ჟმელკოვი თუ სჯობდა, იგი მერე თბილისის "სპარტაკსა" და ტოდოში თამაშობდა.
...მიხეილ პირაევის სახლში ვარ და ქარვისფერი კონიაკის თანხლებით ჩვენი საუბარი, ფეხბურთის მოედანზე გაგორებული ბურთივით ლაღად მიედინება, ზოგჯერ აჩქარდება კიდეც იმ ტრაგიკულ მოვლენათა გახსენებისას, რომლებიც ასე მრავლად იყო მისი თაობის ცხოვრებაში. ყველაფერი კი ტრიალ მინდორსა თუ იპოდრომზე "ქუჩური" ფეხბურთით დაიწყო, რომელიც შემდგომ ბრწყინვალებით წარმოჩინდა ინგლისის, უნგრეთის, ბელგიის, ბულგარეთის, პოლონეთის, თურქეთის სტადიონებზე, სადაც ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები აღფრთოვანებით უკრავდნენ ტაშს მის უბადლო ოსტატობას.
ძველი საბერძნეთის შვიდი ქალაქი ექიშპებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოდ ცნობის პატივის მოსაპოვებლად. მიხეილ პირაევს კი საფეხბურთო "მაჭანკლები" მოსკოვის, ლენინგრადის, როსტოვის, მინსკის, ბაქოს, რიგის, ერევნის გუნდებიდან აკითხავდნენ... ათმა ასეთმა დელეგაციამ მიაკითხა. მისი არჩევანი მოსკოვზე შეჩერდა, მაგრამ ეს მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებული, ტრაგიკული ფურცელია.
1937 წლის მიწურულს მისი ნახევარძმა აბრამი დააპატიმრეს (დედამისი მცირეწლოვან შვილიან დაქვრივებულ კაცს გაჰყვა ცოლად). პარტსკოლის კურსდამთავრებული აბრამი სამსახურში სწრაფად მიიწევდა წინ: პარტიის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, 26 ბაქოელი კომისრის სახელობის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე... მიშა იხსენებს იმას, თუ როგორ მივიდნენ ის და თავისი ძმა კიროვის ქუჩაზე, სადაც დაუპატიჟებელი სტუმრები დახვდნენ: ათვალიერებენ წიგნებსა და რვეულებს, კონსპექტებსა და ჩანაწერებს, იქექებიან ნაცარში, კაკუნით კედლებს ამოწმებენ - სამალავი ხომ არ არის რამეო... ბოლოს დაამთავრეს ჩხრეკა, დაურეკეს იმას, ვინც ისინი გამოგზავნა. "პარტბილეთი ჩაგაბაროთ... საქმეს მერე გავარკვევთ". ასე გასწირა ლავრენტი ბერიამ თავისივე წინ წაწეული კაცი, ურომლისოდაც არც სათევზაოდ დადიოდა, არც სანადიროდ. მამა მრავალი წლის განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას და მუდამ ერთსა და იგივე პასუხს ღებულობდა: ათი წელი მიმოწერის უფლების გარეშე. მაშინ იყო მიშას რომ უთხრეს: წადი მოსკოვში, ვასილი სტალინთან, მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო-საჰაერო ძალების მხედართმთავართან. იგი მფრინავთა გუნდის შეფია და გიშველის ძმის ბედის გარკვევაშიო.
იმ დროისთვის მიშამ, თბილისის "სპარტაკის" შემადგენლობაში, საკავშირო პირველობის პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. მას გაუმართლა - 31-ე ქარხნის გუნდში რომ თამაშობდა, ანდრო ჟორდანიამ, სპორტსმენთა შერჩევის გენიოსმა კაცმა მიაქცია ყურადღება, რომელმაც საკუთარი განუმეორებელი სათამაშო სტილის მქონე ახალგაზრდული გუნდის შექმნა შეძლო. პირველმა სეზონმა "ბ" კლასის ამიერკავკასიის ზონაში მათ მეორე ადგილი მოუტანა, მეორემ - სულაც სეზონის გამარჯვებულის ტიტული და ქვეყნის მაღალ საფეხბურთო საზოგადოებაში მოსახვედრად როსტოვში გამართულ ტურნირში მონაწილეობის უფლება.
თუმცა, 1950 წელს მშობლიური "სპარტაკის" მაისურის ჩაცმა მიშას არ მოუწია. თბილისში სამხედრო-საჰაერო ძალების ადმინისტრატორი, ყოფილი ფეხბურთელი იური კანუნნიკოვი მოავლინეს, შემდეგ ორივე ერთად მოსკოვში, გოგოლის ბულვარზე სამთავრობო რეზიდენციაში უმცროს სტალინს ეწვია. ვასილიმ დაკვირვებით შეხედა სტუმარს: "გინდა სამხედრო-საჰაერო ძალების გუნდში თამაში. მითხარი შენი პირობები". მაშინდელი ახალბედები ყოვლისშემძლე მასპინძელს გორკის ქუჩაზე ბინას თხოვდნენ ხოლმე. პირაევმა კი უპასუხა: "მე არაფერი არ მინდა". ვასილიმ იქვე მყოფ უფროს მწვრთენლ გაიოზ ჯეჯელავას მიმართა: "ეს ვინ ჩამომიყვანეთ." მიშამ აუხსნა ვასილის თავისი ოჯახის უდიდესი თხოვნა: სტალინმა უთხრა: "ვიცი ეს ამბავი. მე ახლავე დავრეკავ და შენ ძმის ამბავს შეგატყობინებენ, მანამდე საფინანსო განყოფილებას მიაკითხე, ავანსი მიიღე". მალე მიშამ გაიგო, რომ მისი ძმა დაპატიმრებიდან შვიდ დღეში დახვრიტეს. დრო გადის, მიშას კი გაფორმებას უჯანჯლებენ. გუნდში ისედაც ოთხი მეკარე იყო: სპორტის დამსახურებული ოსტატი აკიმოვი, პუჩკოვი, არხაროვი, კორსაკოვი. თბილისშიც არ ათავისუფლებდნენ - "სპარტაკი" პირველ ლიგაში თამაშობდა. მოსკოვში მიშას ძმამ, ვალოდიამ ჩააკითხა, კარებიდანვე მიახალა: "ჩვენ ოჯახს ყაზახეთში ასახლებენ!" პირაევი ცდილობს უფროსთან მიღებაზე მოხვედრას: მან ფული მიიღო, ვასილი კი დაკავებულია.
მიშა თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს. მცხეთის სადგურში მის ვაგონში ბორის პაიჭაძე ადის, ისინი ერთად მიდიან სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. ნიკოლოზ რუხაძე სთავაზობს: "ან თბილისის "დინამოში" ითამაშებ, ან ალმა-ატასაში. თავად აირჩიე". რომ იტყიან, კედელს მიაყენა. მიშას ანკეტა შეავსებინეს, სამინისტროდან პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს. ადლერში თბილისის დინამოელები ვარჯიშობდნენ. პირაევების ოჯახში კი ახალი ტრაგედიაა - ვალოდიამ ტყვია დაიხალა. მანამდე იგი ინსტიტუტიდან გარიცხეს იმის გამო, რომ ვიდრე ჩაირიცხებოდა, არ გაამხილა, რომ ძმა "ხალხის მტერი" ჰყავდა.
ადლერში მიშა დილით ჩავიდა, მათ მოსკოვის თვითმფრინავმა გაასწრო. სხვა თვითმფრინავით გააფრინეს გერმანულით, სატვირთოთი, შიგნით რკინის კასრები რომ დაგორავდნენ. ადიუტანტები იგინებიან, მიშას კი ერთი დარდი აქვს, ცოცხალმა ჩააღწიოს. აეროდრომზე მანქანა ელოდათ. მისამართი ნაცნობია - გოგოლის ბულვარი, ნომერი 7. ადიუტანტები ყველაფერს თავს არიდებენ, შეფი გაბრაზებულია, სამხედრო-საჰაერო ძალების ფრენბურთელებმა ქვეყნის პირველობის პირველი წრე ჩააგდეს. ასანთის ღერებით კენჭი ყარეს, თუ ვინ უნდა წაყოლოდა პირაევს, - კაპელკინს არ გაუმართლა. მივიდნენ, მაგიდაზე არყის დოქია, კიტრის მწნილი, თავად ტელეფონით რომანოვს ელაპარაკება. "შემოდი, გაქცეულო, დაჯექი". პირაევი: "არ მინდა თამაში. სახლში გულგახეთქილი მშობლები მყავს, ყაზახეთში გასახლებას ელიან". ვასილი სტალინი: "რუხაძე დამალაპარაკეთ". ღამეა. მინისტრი დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში ეძებეს. "კაპიტოლინა, სტუმარს სუფთა ჭიქა მიართვი", - განკარგულება გასცა ვასილიმ. "- მე არ ვსვამ, სპორტსმენებისთვის არ შეიძლება". - "კაცო, ჭიქას ხელი მოკიდე რომ გეუბნები!" ასი გრამი მაინც დაალევინა. ბოლოს ყურმილში გაისმა: "აპარატთან რუხაძეა". - "გელაპარაკებათ გენერალ-ლეიტენანტი სტალინი. შენ რა, მანდ, საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლება არა გაქვს." - "ყველაფერი გულშემატკივრების ბრალია, ამხანაგო გენერალო".

(დასასრული იქნება)









კალენდარი
 
 
აპრილი  2010
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი