ჩემზე, წიგნებზე, ადამიანებსა და ბიბლიოთეკაზე
დამატების თარიღი: 2012-10-24 12:54:00
ავტორი: გია ჯოხაძე

ბორხესის დიდ თაყვანისმცემლად, ალბათ, თვითონ ბორხესი არ ჩამთვლიდა, მაგრამ მუდამ თავს მახსენებს მისი მეტაფორა, რომ სამყარო ბიბლიოთეკაა. სიცოცხლის საზრისიც იმ ერთადერთი წიგნის მოძიებაა, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ბიბლიოთეკა მარადიულად არსებობს და ღვთის ქმნილებად მიიჩნევა. ყველა წიგნი ერთი და იმავე ელემენტებისაგან შედგება, თუმცა ერთნაირ წიგნს ვერასოდეს მიაკვლევ. თითქოს ისეთი წიგნიც არსებობდეს, ყველა სხვა წიგნის შინაარსს რომ იტევდეს, ვიღაცამ მისი წაკითხვა მოახერხა და ღვთის სწორად იქცა. ბევრს დაუწყია ეს უშედეგო პილიგრიმობა მის მოსახელთებლად, ვიდრე ეს რეგრესული მეთოდი არ მოიხელთეს: ერთი წიგნი რომ იპოვო, მეორეს უნდა ჩახედო, რომელიც მესამის ადგილმდებარეობას მიგითითებს… თუ რაღაც ამგვარი.  ასე, რასაკვირველია, მაშინ არ ვფიქრობდი, როცა პირველად შევედი საჯაროში. ეს იყო სტუდენტობის ხანა, უფრო ზუსტად, სტრესი და გაოცება პირველი არასასურველი შეფასების გამო, რომელმაც ეჭვი აღმიძრა, რომ ყველაფერი არ ვიცოდი…

ეს სტრესი დღემდე არ გამნელებია, და განსაკუთრებით მაშინ მძაფრდება, როცა საჯაროში ვარ, მაგრამ ახლა ყველაფერ ამას ისე ვუყურებ, ჩემზე, წიგნებზე, ადამიანებსა და ბიბლიოთეკაზე როგორც მოცემულობას და, იმდენად აღარ ვდარდობ. სამაგიეროდ, ყოველთვის მეუფლება ბავშვობისდროინდელი გულისამოვარდნა, როცა საჯაროში შემოვდივარ: ვიცი, რომ აქ გადავრჩები და ერთ რომელსამე მარადიულ კითხვაზე ორიგინალურ ანუ ჩემეულ პასუხს მივაგნებ. არაფერი შეედრება იმ შეჩვეულ განცდას, როცა მორიგ წიგნს გადაშლი და გეჩვენება, რომ არაფერი იცი, არადა, ეს წიგნი მეათასედ მაინც გადაგიფურცლავს. უნდა დაელოდო (ამას ვეძახი პრელუდიას, რომელიც ამბივალენტურია: თან გტანჯავს და თანაც სიამეს გგვრის იმის მოლოდინში, რომ რამდენიმე წუთში ენა მიგიღებს, გაგიხსენებს, გიცნობს და ნელ-ნელა მისი იდუმალება სარკმელივით გაგეხსნება (არა, წიგნივით გადაგეშლება!). სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის დაგვიანებული დრო, ცდა და მოლოდინი დაემთხვა იმ ნევროზს, რომელიც 90-იან წლებში დასადგურებულიყო. საჯარო მაშინ მართლაც ,,საჯარო“ იყო, რადგან უსამსახურო, უსასოო, უნდო და უპერსპექტივო ინტელექტუალები აქ სამსახურსაც პოულობდნენ, იმედსაც, ნდობასაც და მომავალსაც. უწინარესად, ამაში, რა თქმა უნდა, წიგნი ეხმარებოდათ: 33, 29, თუ ვინ იცის კიდევ რამდენი ასო-ბგერის ტრილიონი კომბინაცია, ენამდელი ან ზეენობრივი, ასევე, უკვე გამოთქმული აზრების რულადები, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანები იყვნენ, რომლებიც აქ მუშაობდნენ. სამაგიეროდ, არ მუშაობდა ლიფტი, რომლითაც საცავში უნდა ასულიყვნენ; არ იყო სინათლე, შენ მიერ მოთხოვნილი წიგნი სხვის მიერ მოსურვებულთაგან რომ გაერჩიათ; არ იყო გათბობა, თავი რომ სამსახურში ეგრძნოთ (გვეგრძნო!), და არა – საკონცენტრაციო ბანაკში… ბლომად იყო ინტრიგა, ჭორი, მუქარა, ძრწოლა… და მაინც, ჩვენ ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდით თავს: ბიბლიოთეკის მუშაკები იმით, რომ ყველაფრის მიუხედავად, ,,მუშაკებად“ რჩებოდნენ და კითხვის საარსებო საშუალებას ლუკმა პურივით გინაწილებდნენ; შენ კი იმით, რომ იმ საყოველთაო ტყვიისა და ტყუილის უდაბნოში გეპოვა ოაზისი, სადაც პალმები ხრიოკზე კი არა, ხელის გულზე ამოგდიოდნენ, ხოლო წყალი მიწის კი არა, არსებობის სიღრმიდან ამოჩქეფდა. ეს იყო სიცოცხლის გაგრძელების სიმულაცია, მაშინ, როცა გარეთ გრძელვადიან ბედნიერებას სიმულირებდნენ. ერთმა ნაცნობმა მითხრა მაშინ, ძალიან ნუ შეეჩვევი საჯაროს, თორემ ვეღარასოდეს დაეხსნები მის ხიბლსა და ცთუნებას, და ცხოვრების წიგნივით (ტექსტივით!) წაკითხვას მოინდომებო. მართალი აღმოჩნდა, რადგან როცა დროდადრო მივდივარ იქ, ის ახლაც მასპინძელივით მეგებება. ჩემი სამეცნიერო ინტერესის საგანი ქართველთა საეკლესიო თუ საერო კულტურაა და ამიტომაც ყველაზე ხშირად ქართველოლოგიის ცენტრს ვსტუმრობდი. მახსოვს, საჯაროს ნოე რამიშვილის ვაჟის, ემიგრანტი ექიმის აკაკი რამიშვილის არქივი გადმოსცეს. მე შევესწარი ამ ამბავს და ვისურვე, მონაწილეობა მიმეღო მის დახარისხება- კატალოგიზაციაში. ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობდი და მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა სულ მცირედი საქმეც კი შენს საქართველოდ მიგაჩნია: მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ ,,საქართველო“ სულაც არ არის ტრადიციით, აღზრდითა თუ სხვა სოციალური ბერკეტებით ჩანერგილი ტკბილი აბსტრაქცია: ის ცხელი (და არა – ცივი!) გონებით საკეთებელი საქმეა! მიხარია, რომ საჯაროს წიგნსაცავის გრძელ გალერეებში ჩაწყობილ თაროებზე ჩემი რამდენიმე წიგნიც იმტვერება. იოსიფ ბროდსკისა არ იყოს, პოლიტიკოსებს მეც საარჩევნო პროგრამის გამო კი არ მივცემდი ხმას, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა წაუკითხავთ მათ: საქმე წიგნებზე ან მათ რაოდენობაზე არცაა. აქ მე, ზოგადად, წიგნის ვალენტობის ან მათი ინდივიდუალიზაციის ხარისხის გავარკვევას ვეცდებოდი. ჰოდა, პატივცემულო პოლიტიკოსებო და ამომრჩევლებო! თუ ეს აზრი ჭკუაში დაგიჯდეთ, არ დაგავიწყდეთ: ვერც ჩვენ ვიცოცხლებთ სამუდამოდ და ვერც – თქვენ, სამაგიეროდ, დარჩება ის, რაც დაგვიწერია, და ისიც, რაც მისი შენახვისთვის მხოლოდ მარადიულობის პერსპექტივით უნდა დაკმაყოფილდეს, ანუ – ბიბლიოთეკა.