რა ბედი ელით საჯარო ბიბლიოთეკებს?
დამატების თარიღი: 2012-10-30 14:22:00
ავტორი: ანინა ტეფნაძე

         პირველი შეხება წიგნებთან ბიბლიოთეკას უკავშირდება, კერძოდ კი - სკოლის ბიბლიოთეკას. დედაჩემი     სკოლის ბიბლიოთეკარი იყო და მეც ყოველ დასვენებაზე და სკოლის შემდეგაც ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ბევრი წიგნი იყო. თეთრი, წითელი და შავი ტომეულები, საბავშვო ზღაპრები, ლექსების კრებულები. ვუყურებდი ამ მაღალ კარადებს და ვფიქრობდი, რომ სკოლის დამთავრებამდე ყველა წიგნის წაკითხვას მოვასწრებდი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზოგი წიგნის წაკითხვა არც იყო საჭირო, მაგრამ რაც მართლა ღირდა წასაკითხად, ყველაფერი წავიკითხე.

მახსოვს, როცა რუსულ სკოლაში გადავედი, სახელმძღვანელოებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში გამაგზავნეს. მე ისევ მაღალ კარადებსა და უამრავ წიგნს ველოდი, სინამდვილეში კი სკოლის ბიბლიოთეკა პატარა ოთახი აღმოჩნდა, სადაც ანგარიშმიუცემლად იყო შეყრილი სკოლის საკუთრებაში მყოფი ყველა წიგნი. ძირს შუაზე გადახსნილი წიგნები ეყარა და იმისთვის რომ რამე გეპოვა, აუცილებლად გიწევდა მათზე დაბიჯება. როცა ვუთხარი, ალგებრის სახელმძღვანელო მჭირდება-მეთქი, ბიბლიოთეკარმა ძალიან უცნაური კითხვა დამისვა: რა ფერისააო? ლურჯი-მეთქი. ჰოდა, ლურჯი წიგნები აქეთააო, ერთ-ერთი კუთხისკენ მიმითითა. თურმე ერთადერთი ნიშანი, რითაც წიგნები დაჯგუფებული იყო ამ საკუჭნაოში, მათი ფერი იყო.

იმავე წელს პირველად მოვხვდი საჯარო ბიბლიოთეკაში. ამ შენობისთვის გვერდი ძალიან ბევრჯერ ამივლია, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, შიგნით თუ ასე ლამაზი იყო. მაღალი კიბეები, დიდი სარკეები, ულამაზესი დარბაზები და მომხიბლავი ორნამენტები_ ყველაფერი გასაოცარი იყო. გარდა ამისა, მომხიბვლელი იყო წიგნების უფასოდ წაკითხვის პერსპექტივაც. რა დასამალია და მეც, ისევე როგორც ყველა ადამიანს, მომწონს უფასოდ იმის მიღება, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ვიჯექი და ერთად ვკითხულობდი რამდენიმე წიგნს. თანამედროვე ქართველ ავტორებს და არც ისე თანამედროვე უცხოელ ავტორებს. ასე თუ ისე, ის დღეები ძალიან სასიამოვნოდ მაგონდება.

ეროვნული ბიბლიოთეკით აღტაცებამ მაშინვე გაიარა, როგორც კი იგი გამოცდებს და სწავლას დაუკავშირდა. ერთ დროს თუ ბიბლიოთეკაში გატაცებით ვკითხულობდი ჰამსუნსა და სელინჯერს, ახლა სასწავლო წიგნების გამოწერა მიწევდა. მათი ხელში ჩაგდება რთული იყო. ისინი ყოველთვის ვიღაც სხვასაც სჭირდებოდა, ქსეროქსთან რიგი არ წყდებოდა. საათობით ვიჯექი და ვცდილობდი, სწრაფად დამეკონსპექტებინა უზარმაზარი მასალა.  ნელ-ნელა ბიბლიოთეკამ ჩემთვის ის ფუნქცია დაკარგა, რომლის გამოც ყველაზე მეტად მიყვარდა. ორნამენტებისა და მხატვრული ლიტერატურისათვის ვიღას ეცალა.

ორი წელი მაინც იქნება, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში უბრალოდ წიგნის წასაკითხად არ შევსულვარ. როცა რამე წიგნი მომეწონება მაღაზიაში, საჯაროში მის მოსაძებნად აღარ მივრბივარ. უბრალოდ ვყიდულობ. როცა რომელიმე ინგლისურ ან რუსულენოვანი ავტორის წიგნების წაკითხვა მინდა,  ელექტრონულ ვერსიას ვპოულობ და ქინდლში ვწერ. ჩემს ირგვლივ ყველა ასე იქცევა. ყველა, ვისაც წიგნების კითხვა უყვარს.

ახლა როცა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვთანამშრომლობ, ხშირად ვფიქრობ ხომე: რა ბედი ელით საჯარო ბიბლიოთეკებს? მათი ბედი ხომ პირდაპირაა დაკავშირებული ნაბეჭდი წიგნების ბედთან. ნაბეჭდი წიგნების ერა კი სრულდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ხოლმე: პრინტი მოკვდა. რაღა დროს ნაბეჭდი წიგნებია? გადადით ელექტრონულ წიგნებზე!

ყოველთვის, როცა ეს ფრაზები მესმის, ოდნავ უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც კომპიუტერი აქვთ და არც ინტერნეტი. არც ქინდლი და არც ნუკი. არც აიპედი და არც მაღაზიაში წიგნის შესაძენი ფული. მეც ხომ ასეთი ვიყავი სულ რაღაც 4 წლის წინ.  ჰოდა,  სანამ ასეთი ადამიანები იარსებებენ, საჯარო ბიბლიოთეკებმაც უნდა იარსებონ. რადგან არაფერია ცუდი იმაში, რომ ქალაქში გეგულება ადგილი, სადაც შეგიძლია უფასოდ იკითხო წიგნები.